"უთხრეს, "საშინელებას გაგიკეთებთ და მერე იმღერე, თუ ჩვენებას ხელს არ მოაწერო" - რას ყვებიან "ბირჟა მაფიას" წევრის ახლობლები

"უთხრეს, "საშინელებას გაგიკეთებთ და მერე იმღერე, თუ ჩვენებას ხელს არ მოაწერო" - რას ყვებიან "ბირჟა მაფიას" წევრის ახლობლები

დაკავებული "ბირჟა მაფიას" წევრების საკითხთან დაკავშირებით მოძრაობა "თეთრი ხმაურის" წევრებმა და ბრალდებულ გიორგი ქებურიას ოჯახის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც პრესკონფერენციაზე ქებურიას დედამ ლელა რეხვიაშვილმა განაცხადა, მისმა შვილმა ჩვენება ზეწოლის საფუძველზე მისცა.

მისივე განცხადებით, გიორგი ქებურიას ბრალი ნარკოდანაშაულში არ მიუძღვის და ის აღნიშნულ ბრალდებას ჯგუფ "ბირჟა მაფიას" ერთ-ერთ კლიპს უკავშირებს, სადაც პოლიციის თანამშრომელია გაშარჟებული. ბრალდებულის დედა საქართველოს მთავრობას და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, საქმეს გონივრულად და ობიექტურად მიუდგნენ.

"ალბათ ბევრი დედაა ჩემსავით გამწარებული. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ჩვენების მიცემა მოხდა ზეწოლის საფუძველზე. გიორგიმ სასამართლოზე ვერ თქვა ის შეურაცხმყოფელი სიტყვები, რითაც მას მიმართავდნენ. მას უთხრეს, რომ "საშინელებას გაგიკეთებთ და მერე იმღერე, თუ ჩვენებას ხელს არ მოაწერო". მისი დაკავება პროცესუალური დარღვევებით მოხდა. თავდაპირველად არ წაუყენეს ბრალი, არ მისცეს ადვოკატთან დარეკვის უფლება, 3-4 საათის განმავლობაში ადვოკატი არ შეუშვეს და ჩვენ არ ვიცოდით თუ რომელ განყოფილებაში იყო გადაყვანილი. ამ დროის განმავლობაში მოხდა ჩემი შვილის "დამუშავება" და ჩვენებაზე ხელი მოაწერინეს. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ხელისუფლებაში არიან გონიერი ადამიანები და არ მიიღებენ არასწორ გადაწყვეტილებას. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გონივრულად, ობიექტურად მიუდგნენ საქმეს და ნუ გაწირავენ უდანაშაულო ბავშვებს", - განაცხადა ლელა რეხვიაშვილმა.

"თეთრი ხმაურის" წევრის ბექა წიქარიშვილის განცხადებით, ფაქტობრივად, დადასტურებულია და კითხვის ნიშნები არ არსებობს, რომ აღნიშნული ბრალდება სწორედ ჯგუფის ერთ-ერთ კლიპს უკავშირდება. მისი განცხადებით, სასამართლო პროცესზე პროკურატურა აპელირებს არა ნარკოდანაშაულზე, არამედ ხსენებულ კლიპზე.

ბექა წიქარიშვილი ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნავს, რომ ჯეჯელავა ყურადღებას არა ნარკოდანაშაულზე, არამედ ჯგუფის მიერ გადაღებულ კლიპზე ამახვილებს.

"ფაქტობრივად, დადასტურებულია და კითხვის ნიშნები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო გამოხატვის თავისუფლებაზე დარტყმის მიყენება სახელმწიფოს მხრიდან, ანგარიშსწორება ადამიანებზე, რომლებმაც გაბედეს და საკუთარი ფორმებით გამოხატეს სისტემის ნამდვილი სახე. ფაქტობრივად, ეს დადასტურდა სასამართლო პროცესზე. იმის ნაცვლად, რომ პროკურატურას ესაუბრა ნარკოტიკულ საშუალებებზე, საუბარი იყო კლიპის დეტალებზე და პროკურორი ამ კლიპზე აპელირებდა სასამართლო პროცესზე. დღეს ასევე მოვისმინეთ ალექსანდრე ჯეჯელავას კომენტარი, რომელიც კლიპთან დაკავშირებით საუბრობს და არც კი ახსენებს ნარკოდანაშაულს", - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

დაკავებულ გიორგი ქებურიას ახლობლები აცხადებენ, რომ „დაკავებამდე ადგილი ჰქონდა შს სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან მუქარას". მათივე განცხადებით, სატელეფონო ზარის მეშვეობით შს სამინისტროს წარმომადგენლები იმ ადამიანს დაუკავშირდნენ, რომელსაც კლიპში პოლიციის ფორმა აცვია და დაემუქრნენ, რომ მის ერთ-ერთ ახლობელს პრობლემა შეექმნებოდა. მათივე განცხადებით, ადგილი ჰქონდა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" გატეხვას და ეჭვობენ, რომ შესაბამისი უწყების წარმომადგენლები გიორგი ქებურიასთან მიმოწერებს აკონტროლებდნენ.

"თეთრი ხმაურის" და დაკავებული გიორგი ქებურიას ოჯახის წევრები საზოგადოებას მოუწოდებენ, შეუერთდნენ სოლიდარობის აქციას, რომელიც დღეს, 19:00 საათზეა დანიშნული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ