რატომ იწელება წლობით პროცესები საქალაქო სასამართლოში - დანაშაულში გადაზრდილი განუხილველი საქმეები

რატომ იწელება წლობით პროცესები საქალაქო სასამართლოში - დანაშაულში გადაზრდილი განუხილველი საქმეები

ჩვენი რესპონდენტის, იზო ხ.-ს საცხოვრებელი სახლი წლებია დაყადაღებულია. როგორც ქალბატონი იზო გვეუბნება, დაკეტილ ბინაში სრულიად უცხო პირი შეიჭრა და ყოველგვარი გადასახადის გარეშე ცხოვრობდა.

დავა სასამართლოში მფლობელსა და შეჭილს შორის 2 წელს გაგრძელდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჭრილებმა ბინა გაათავისუფლეს, თუმცა უძრავი ქონება დაყადაღებულია. ახლა სასამართლომ ყადაღის მოხსნის საკითხი უნდა განიხილოს. განხილვა უკვე ორჯერ გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილება არ გამოტანილა. იზო ხ.-ს საკუთარი უძრავი ქონების გამოყენება სურს, თუმცა ყადაღის მოხსნის განაჩენი სასამართლოს არ ან ვერ გამოაქვს. მესამე პროცესი ჩანიშნულიც არ არის.

"რატომ ხდება, რომ სასამართლო პროცესები ისე იწელება, როგორც შეჭრილს უნდა. ამბობენ, რომ საქმეების ჩაწყობა მიდის. მე კი მნიშვნელოვნად ვზარალდები. თუ საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები არ ყავთ, მეტი დანიშნონ ან სხვა რაიონებიდან დაიხმარონ. დავიღალე, ავადმყოფი გავხდი... სირცხვილია, ისეთი მარტივი საკითხის გადაწყვეტას ველოდო თვეები, რომელიც შეიძლება 15 წუთში დასრულდეს", - ამბობს დაზარალებული ქალი ჩვენთან საუბარში.

AMBEBI.GE დაინტერესდა, მართლაც ხშირია თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოში წლობით გადადებული საქმეები და რა არის აღნიშნულის მიზეზი. საადვოკატო ბიუროს OK&CG-ის დამფუძნებელი, ადვოკატი ოთარ კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ მას არ ახსოვს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში რომელიმე საქმე კანონით დადგენილ ვადებში განხილულიყო.

"სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, განსაკუთრებულად რთული საქმეების განხილვას უნდა მოხმარდეს არაუმეტეს 5 თვისა. თუმცა, რეალურად ამ ვადაში პროცესები არ სრულდება. ასეთი საქმეების განხილვას დაახლოებით 1,5-2 წელი სჭირდება და ეს მხოლოდ პირველ ინსტანციაში. სასამართლო სისტემა კი, მოგეხსენებათ სამი ინსტანციისგან შედგება. ბოლო წლების სტატისტიკა რომ შევაჯამოთ, თბილისში თუ ორივე მხარემ ისარგებლა შეჯიბრებითობის პრინციპით და გამოიყენა სამივე ინსტანციაში გასაჩივრების წესი, სასამართლო პროცესი 3 წელი მაინც გაგრძელდება და ეს ყველაფერი მარტივი გადაყვეტილებისთვის - მაგალითად, ყადაღის მოხსნისთვის. ყველაფერი წესის მიხედვით რომ წარიმართოს, სამივე ინსტანციას 1 წელზე მეტი არ უნდა სჭირდებოდეს. სამწუხაროდ, საქართველოში მარტივ საკითხებზეც კი მინიმუმ 5 პროცესი მაინც ტარდება. მოსამართლეს სხდომების გადადებაც ხშირად უწევს, რადგან მათ უკვე მიღებული გადაწყვეტილების წერილობით მოსამზადებლადაც სჭირდებათ დრო," - განმარტავს კაჭკაშვილი.

ამ გადავადებების რეალური შესაჩერებელი ბერკეტი არ არსებობს. ადვოკატები მუდმივად მიმართავენ მოსამართლეებს წერილობით, რომ დანიშნონ სხდომა, მაგრამ ეს რეალურად უშედეგოა. კაჭკაჭიშვილის განმარტებით, გადავადების მიზეზები მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობაა. შედეგად, ერთ მოსამართლეს არაადეკვატური რაოდენობის საქმეები ეწერება. თუმცა იურისტს ეს პრობლემა რეალურად არ მიაჩნია, რადგან მისი აზრით, სირთულე მხოლოდ არასწორ მენეჯმენტშია. სწორი მენჯმენტის არსებობის შემთხვევაში სასამართლოში მეტი მოსამართლე დასაქმდებოდა, რის საშუალებასაც ქართული უმაღლესი სასწავლებლები ნამდვილად იძლევიან. პრობლემის არსებობას თბილისის საქალაქო სასამართლოშიც აღიარებენ. თუმცა, რეალური აქტივობა ამ კუთხით არ ხორციელდება.

"2017 წლის 11 მაისის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა გაიზარდა და უფლებამოსილებას 105 მოსამართლე ახორციელებს. მათგან, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში 23 მოსამართლეა, საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიაში - 17, ადმინისტრაციულ კოლეგიაში - 25, ხოლო სამოქალაქო დავებს 40 მოსამართლე იხილავს. გასულ წლებთან შედარებით, სასამართლოში მოქალაქეთა მომართვიანობამ იმატა, რამაც გამოიწვია საქმეთა სიმრავლე და სასამართლოს გადატვირთულობა. ამ გამოწვევების დასაძლევად, მიმდინარეობს სხვადასხვა რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა რაოდენობის ზრდას. ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მიზნით, გასულ წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს ცალკე შენობა დაემატა, სადაც საოჯახო და უდავო წარმოება მიმდინარეობს. საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე დაწყებულია ახალი შენობის მშენებლობა სხდომის დარბაზების რაოდენობის გაზრდის მიზნით," - ასეთია თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალური კომენტარი AMBEBI.GE-ს კითხვებზე.

"ყოველი მოსარჩელე სასამართლოს უხდის მოსაკრებელს. ამიტომ ჩემთვის წარმოუდგენელია პასუხი, რომ სასამართლოს მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა არ ჰყავს. ფეშენებელური პროექტის დაფინანსების საშუალება თუ არის, რატომ არ შეიძლება მოსამართლეების რაოდენობა გაიზარდოს? კანონით მტკიცედ არის განსაზღვრული, რომ სასამართლო განხილვის ვადა გასაჩივრებას არ ექვემდებარება, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. მოქალაქე, რომელიც საშემოსავლოსა და სასამართლო ბაჟს იხდის, ასეთ პასუხს ნამდვილად არ იმსახურებს," - ამბობს ადვოკატი ოთარ კაჭკაჭიშვილი.

სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არის დავის საგნის ღირებულების 3%, არაუმეტეს 3 000 ლარისა ფიზიკური პირებისთვის და არაუმეტეს 5 000 ლარისა იურიდიული პირებისთვის. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბაჟი არის დავის საგნის ღირებულების 4% და არაუმეტეს 5 000 ლარისა ფიზიკური პირების შემთხვევაში და 7 000 ლარისა - იურიდიული პირების შემთხვევაში. უზენაეს სასამართლოში კი მოსარჩელემ უნდა გადაიხადოს დავის საგნის ღირებულების 5%. ამ შემთხვევაში ფიზიკური პირები იხდიან თანხას არაუმეტეს 6 000 ლარისა და იურიდიული პირები - არაუმეტეს 8 000 ლარისა.

იურისტის თქმით, გაწელილი სასამართლო პროცესები შეიძლება სავალალო შედეგებამდეც კი მივიდეს, რადგან ადამიანებმა ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა შეიძლება ერთმანეთს ფიზიკურად მოსთხოვონ.

"ამ მიზეზით ხშირად ხდება უსიამოვნებები. ადამიანები ფიზიკურად უსწორდებიან ერთმანეთს და იწყება სისხლის სამართლის პროცესები. ეს არის თვითაღსრულებული სამართალი, რაც შეიძლება მხარეებს რამდენიმეწლიანი სასჯელიც კი დაუჯდეთ," - დასძინა კაჭკაჭიშვილმა.

ადვოკატის აზრით, პრობლემა მენეჯმენტშია. მისი თქმით, სასამართლო სისტემას უნდა მართავდეს არა მოსამართლე, არამედ არაიურიდიული განათლების მქონე მენეჯერი, რომელიც პრობლემის სირთულეს სათანადოდ გააცნობიერებს და სწრაფი და სწორი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

სროლა გლდანის რაიონში - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი

შსს "ნაცმოძრაობას" მიმართავს, გამოყონ წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებულ ტექნიკურ საშუალებებას გადასცემენ

"არ იყო საშველი, რომ არ მოეკლათ? დაეჭირათ მაინც" - ვინ არის ზუგდიდში, დევნის ოპერაციისას გარდაცვლილი ახალგაზრდა და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები?