შსს: გორის მერის მოადგილის ოჯახზე ყაჩაღობის ინსცენირება ბავშვების ძიძამ მოაწყო

შსს: გორის მერის მოადგილის ოჯახზე ყაჩაღობის ინსცენირება ბავშვების ძიძამ მოაწყო

გორის ცენტრში, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გოგა რაზმაძის ოჯახში უცნობი პირები შეიჭრნენ. ინციდენტის დროს თავად მერის მოადგილე სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა სახლში ოჯახის წევრები იყვნენ. ყაჩაღობის შემდეგ რაზმაძის დედა საავადმყოფოში მოხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მერის მოადგილის ოჯახში ყაჩაღობაში ბრალდებული ამავე ოჯახში მომუშავე 31 წლის ძიძაა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "შსს-ს გორის რაიონულ სამმართველოში 2017 წლის 15 ივნისს, შეტყობინების საფუძველზე, მოქალაქე გ.რ.-ს ოჯახის მიმართ განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ 1986 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ, რომელიც, დაახლოებით, სამი წელია, გორში მოქალაქე გ.რ.-ს ოჯახში ძიძად მუშაობს, აღნიშნული ოჯახიდან, რამდენიმე თვის წინ, ფარულად წამოიღო ოქროს ნივთები. როგორც მან დაკითხვისას აღიარა, საძინებელ ოთახში მდგარი ტანსაცმლის კარადიდან გადმოიღო ჩანთა, სადაც მოთავსებული იყო ოქროს ნივთები, მათი ნაწილი ჩანთიდან ამოიღო, ხოლო დანარჩენი - კარადის თავზე დამალა. ბინიდან წამოღებული ოქროს ნივთები მ.ჯ.-მ ლომბარდში ჩააბარა. იმის გამო, რომ ლომბარდიდან ოქროს ნივთების გამოხსნა ვერ შეძლო, ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო.

2017 წლის 15 ივნისს, დაახლოებით, 16:00 საათზე, მ.ჯ.-მ საძინებელ ოთახსა და ლოჯიაში მდგარი კარადებიდან იატაკზე გადმოყარა ტანსაცმელი და სხვა ნივთები, შემოსასვლელ კართან კი ოქროს სამკაულის შესანახი ნაჭრის პატარა ტომრები დაყარა. შემდეგ მისაღები ოთახის კედელს თავი დაარტყა, რა დროსაც შუბლის არეში დაზიანება მიიყენა, საძინებელ ოთახში გავიდა, იატაკზე, ბავშვების საწოლთან დაჯდა და ოჯახის დიასახლისის მოსვლას დაელოდა. სახლში დაბრუნებულ დიასახლისს მ.ჯ.-მ მოატყუა, თოთქოს თავს ყაჩაღები დაესხნენ.

შსს-ს გორის რაიონულ სამმართველოში აღნიშნულ ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მ.ჯ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. უახლოეს პერიოდში, საქმეზე მოხდება კვალიფიკაციის შეცვლა შესაბამისი მუხლით" - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ყაჩაღობის ინსცენირება გორის ვიცე-მერის სახლში ძიძამ მოაწყო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ