"ჩემი დაკავებისას ხელები უცახცახებდათ, ალბათ, ფიქრობდნენ, ჰაერში სალტოებს გავაკეთებდი" - ექსკლუზიური ინტერვიუ ავთანდილ ხურციძესთან

"ჩემი დაკავებისას ხელები უცახცახებდათ, ალბათ, ფიქრობდნენ, ჰაერში სალტოებს გავაკეთებდი" - ექსკლუზიური ინტერვიუ ავთანდილ ხურციძესთან

38 დღეა გასული დაპატიმრებიდან, მაგრამ ბრალდების მტკიცებულებები არ წარუდგენიათ, რას წამიყენებენ, რაც არ არსებობს?! - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულმა, ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სპორტსმენმა აღნიშნა, მოსამართლემ პროცესზე გამოაცხადა, რომ მას აშშ-ში ფაქტობრივად არავინ ჰყავდა და იყო საშიშროება, მისი კავშირების მქონე კაცს ადვილად მოეხერხებინა ქვეყნიდან წასვლა.

"ამიტომ, 6-კვირიანი პატიმრობა მომისაჯა, ბრალი კი 30 დღეში უნდა წაეყენებინათ. 38 დღეა გასული, მაგრამ ბრალდების მტკიცებულებები არ წარუდგენიათ, რას წამიყენებენ, რაც არ არსებობს?! " - განაცხადა ავთანდილ ხურციძემ.

მან უარყო, რომ მის საქმეში რაიმე სახის ვიდეოჩანაწერი არსებობს. "არანაირი ვიდეოჩანაწერი არ არსებობს! ჩემი პატიმრობა იმიტომ გახანგრძლივდა, რომ ჩემი საბანკო ბარათიც დაპატიმრებულია და ადვოკატისთვის თანხის გადახდა ვერ მოვახერხე. რომ გადავიხდი, ადვოკატი მპირდება, რომ 1-ელ აგვისტომდე გამათავისუფლებს", - განაცხადა ხურციძემ.

ასევე ნახეთ: ხურციძის ფეისბუქ-სტატუსი ციხიდან

სპორტსმენმა მისი დაკავებაც გაიხსენა.

"თვითმფრინავიდან გამოვედი თუ არა JFK-ის აეროპორტში, პასპორტების შემოწმების შესახებ გამოაცხადეს. თურმე, ეს ყველაფერი ჩემ გამო ხდებოდა. როცა ამერიკული მოწმობა ვაჩვენე, დაპატიმრებული ხარო! ხელები უცახცახებდათ. რა გასაკვირია?! მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების მეთაური ვიყავი. ალბათ ეგონათ, დავტრიალდებოდი და ჰაერში სალტოების კეთებას დავიწყებდი. როცა ვუთხარი გიჟი არ ვარ და არც ზედმეტი პრობლემები მჭირდება-მეთქი, გაუხარდათ - არც ჩვენო. ისე, მაგარი მომზადებულები კი იყვნენ.

ერთადერთი, ტანკი არ დაუხვედრებიათ, თორემ სხვა ყველაფერი იყო აეროპორტში. ამაზე ის გამახსენდა, საქართველოში დახვედრით გულნატკენი რომ ვიყავი და გავიფიქრე, ა, ბატონო, დახვედრა ამერიკელებს სცოდნიათ-მეთქი! ამის გაფიქრებაზე ისეთი სიცილი ამიტყდა, ყველა პირდაღებული მიყურებდა. საპატიმროს ნაცვლად კინაღამ ფსიქიატრიულში წამიყვანეს.

მკითხეს, იცი რისთვის დაგაპატიმრესო?! საიდან უნდა ვიცოდე-მეთქი?! ბევრ რამეში გედება ბრალი და მოსამართლისგან შეიტყობო. გული მწყდება, რომ აეროპორტიდან ჩემიანებს ვერ დავუკავშირდი", - განაცხადა ხურციძემ.

წაიკითხეთ ვრცლად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით საიტის ხელმომწერი და იხილეთ სტატია სრულად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ