"შპს-ს მამაო" - რაზე ისაუბრეს მოწმეებმა ე.წ. ციანიდის საქმის პროცესზე და რას პასუხობს ბრალდებებს დაცვის მხარე

"შპს-ს მამაო" - რაზე ისაუბრეს მოწმეებმა ე.წ. ციანიდის საქმის პროცესზე და რას პასუხობს ბრალდებებს დაცვის მხარე

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვა დღეს განახლდა. სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას აგრძელებს. დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრეს.

საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, "დაიკითხნენ ბრალდებულის მძღოლი, მისი მეგობარი და ადამიანი, ვისაც გველის შხამს სთხოვდა 2016 წლის ზაფხულის თვეში. ასევე დაიკითხებიან გამომძიებლები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს".

პროკურორის თქმით, მოწმეების ჩვენებებით ნათლად მტკიცდება ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბრალდება, კერძოდ, ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადება. მისივე ინფორმაციით, საქმეზე დღემდე სულ ბრალდების 60-ზე მეტი მოწმეა დაკითხული.

როგორც ზვიად გუბელაძემ განაცხადა, დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბრალდებული დაინტერესებული იყო ანგარებით და გამდიდრებით. გუბელაძემ სასამართლოში ერთ-ერთი მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო როგორც შპს-ს მამაო.

"დაიკითხა ერთ-ერთი შპს-ს დირექტორი, რომელმაც განმარტა, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო შპს-ს მამაოდ, ყოველთვიურად იღებდა სხვადასხვა რაოდენობის ხელფასს და მათ შორის საახალწლოდ პრემიებსაც. ნაცვლად იმისა, ბრალდებულს სასულიერო მოღვაწეობა განეხორციელებინა, ის დაკავებული იყო ანგარებით და სხვადასხვა უსაფუძვლო გამდიდრებით, მათ შორის საპატრიარქოს ქონების მეშვეობით", - განაცხადა გუბელაძემ.

მისივე თქმით, ასევე დაიკითხა საპატრიარქოს იურისტი, რომელმაც უარყო დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებები კორუფციასთან დაკავშირებით. "საპატრიარქოს იურისტმა განმარტა, რომ ბრალდებულის საჯარო განცხადებები კორუფციასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს", - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის განცხადებას გამოეხმაურა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, მისი თქმით "არ არსებობს ასეთი ოფიციალური სტატუსი შპს-ს მამაო, ეს იყო ხელფასი, რომელსაც ქველმოქმედების სახით აძლევდნენ მამა გიორგის".

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, შპს-ს დირექტორი ირმა ჩხაიძე ქველმოქმედების მიზნით ურიცხავდა მამა გიორგი მამალაძეს სხვადასხვა თანხას.

"მამა გიორგი ამ ქალბატონის ოჯახის, მისი პირადი სულიერი მამაა. როცა დაფუძნდა კომპანია და ამ კომპანიის თანამშრომლებთან მამა გიორგის ჰქონდა ურთიერთობა როგორც სულიერ მოძღვარს, ამ შპს-ს დირექტორმა გადაწყვიტა განეხორციელებინა ქველმოქმედება. შემოწირულობას ხომ იღებს მოსახლეობისგან საპატრიარქო, სასულიერო პირები და ასეთივე შემოწირულობას იღებდა მამა გიორგი. ეს ქალბატონი ყოველ თვე ურიცხავდა გარკვეულ თანხას. ქალაბატონმა ირმამ არაერთხელ დაადასტურა, რომ მანამდეც არაერთი სასულიერო პირისთვის გაუწევია ასეთი ქველმოქმედება. არ არსებობს ასეთი ოფიციალური სტატუსი - შპს-ს მამაო. ეს არის ხელფასი, რომელსაც ქველმოქმედების სახით აძლევდნენ მამა გიორგის", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის კიდევ ერთი ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, "ყოველი მოწმის დაკითხვის შემდეგ დასტურდება, რომ დეკანოზისთვის წაყენებული ბრალი აბსურდულია". როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დღეს დაკითხულმა ერთ-ერთმა მოწმემ დაადასტურა, რომ საპატრიარქოს კლინიკის დირექტორის თანამდებობის შესანარჩუნებლად მამა გიორგი მამალაძეს არავითარი ანგარებითი მოტივი არ ამოძრავებდა.

"დაიკითხა იმ აუდიტორული კომპანიის დირექტორი, რომელმაც ახსნა რა ფინანსური დარღვევები დაფიქსირდა შემოწმებისას და როგორ ხდებოდა ამის გამოსწორება ეტაპობრივად დეკანოზის დროს. ამ მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მამა გიორგი მამალაძეს არავითარი ფინანსური, ანგარებითი მოტივი არ ამოძრავებდა საპატრიარქოს კლინიკის დირექტორის თანამდებობის შენარჩინებისთვის", - აღნიშნა ფანცულაიამ.

ადვოკატის თქმით დაიკითხა ასევე საპატრიარქოს ერთ-ერთი იურისტი, რომელმაც დაადასტურა, რომ შორენა თეთრუაშვილი მას სხვადასხვა დავალებებს აძლევდა რაც მდივან-რეფერეტის მოვალეობებში არ შედიოდა.

"საპატრიარქოს ერთ-ერთმა იურისტმა ჩვენს შეკითხვებზე - მიუღია თუ არა რაიმე დავალებები შორენა თეთრუაშვილისგან განაცხადა, რომ დავალება არაერთხელ მიუღია. ეს დავალებები ეხებოდა ქონებრივ საკითხებს. როდესაც ვკითხეთ მოწმეს გამომცემლობის რეფერენტს აქვს თუ არა ამის უფლება, მან პასუხი ვერ გაგვცა მარტივი მიზეზის გამო, რომ გამომცემლობის რეფერენტს უფლება არ აქვს ქონებრივ საკითხებზე იურისტს რაიმე დავალებები მისცეს. აქედან გამომდინარე, ამ მოწმის ჩვენებით მტკიცდება, რომ შორენა თეთრუაშვილისგან ჩვეულებრივი რამაა, ისეთი დავალებების, თხოვნებისა თუ მითითებების მიცემა საპატრიარქოში დასაქმებული ადამიანებისთვის, როგორიც თუნდაც მამა გიორგის მისცა. ეს ადასტურებს იმას, რომ თეთრუაშვილს შეეძლო ეთხოვა მამა გიორგისთვის ციანიდის მოძიებაში დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მდივან-რეფერენტის ფუნქცია-მოვალეობებში არ შედიოდა", - აღნიშნა დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით გადაუკვალიფიცირა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

გარდა ამისა, პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასაც ედავება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ