პროკურორი - გიორგი მამალაძემ ბარგის ჩხრეკისას სცადა შეუმჩნევლად გადაედო გვერდზე ის ნივთი, სადაც ნატრიუმის ციანიდს მალავდა

პროკურორი - გიორგი მამალაძემ ბარგის ჩხრეკისას სცადა შეუმჩნევლად გადაედო გვერდზე ის ნივთი, სადაც ნატრიუმის ციანიდს მალავდა

პროკურორის ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ ბარგის ჩხრეკისას სცადა შეუმჩნევლად გადაედო გვერდზე ის ნივთი, სადაც ნატრიუმის ციანიდს მალავდა, - ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროცესზე დაკითხულმა გამომძიებლებმა დეტალურად გაიხსენეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და განაცხადეს, რომ ყველა მოქმედება კანონის სრული დაცვით განხორციელდა.

"გამომძიებლებმა დეტალურად გაიხსენეს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა და დაადასტურეს, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. გამომძიებლებმა გაიხსენეს, რომ ბრალდებულმა თავად ამოიღო ტანსაცმლის საწმენდი ნივთი, რომელიც საკუთარი ინიციატივით დაშალა, შემდეგ ამოიღო ფეხსაცმლის საწმენდი სპრეი, რომლის გვერდზე გადადებას შეეცადა გაუხსნელად, თუმცა, გამომძიებლების მოთხოვნის შემდეგ მოხადა თავი, საიდანაც გადმოვარდა პოლიეთილენის პარკში გახვეული ნატრიუმის ციანიდი. ამის შემდეგ ბრალდებულმა დამსწრე ადვოკატს განუცხადა, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო და მისი დახმარება არ სჭირდებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ადვოკატთან გაიარა კონსულტაცია და მხოლოდ საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ მოიფიქრა, თითქოსდა ეს ნივთიერება მისი არ იყო. მანამდე არავითარი განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებოთ არ გაუკეთებია", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

მისივე თქმით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იყო ბარგის დათვალიერების ოქმი, რომლითაც დადგინდა, რომ ლუქისა და პოლიეთილენის პარკის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. "გამოკვლეული დათვალიერების ოქმიდან გამომდინარე გამოირიცხა ბრალდებულის ბარგში ნებისმიერი უკანონო შეღწევა", - აღნიშნა პროკურორმა.

რაც შეეხება 9 საათის განმავლობაში დეკანოზ გიორგი მამალაძის ბარგის ადგილსამყოფელს, როგორც პროკურორმა განმარტა, სახელმწიფო ბრალდებისთვის მთავარი ის გარემოებაა, რომ ლუქისა და პოლიეთილენის პარკის მთლიანობა ურღვევი იყო.

"9 საათი უტრირებაა ადვოკატების მხრიდან. პირველ რიგში მოხდა ბრალდებულის დაკავება და ჩატარდა პირადი ჩხრეკა. ამის შემდეგ დაიკითხა ბრალდებული, რა დროსაც მან დუმილის უფლება გამოიყენა, შემდეგ უკვე გამოძახებული იყო მოწმე, რომლის თანდასწრებით ბარგის ამოღება უნდა მომხდარიყო, სანამ მოწმე მოვიდა, ბრალდებულმა მოითხოვა სასწრაფო დახმარება, რადგან განაცხადა, რომ შეუძლოდ იყო, შემდეგ მოითხოვა ადვოკატი, რომელმაც საათნახევარი-ორი საათი დააგვიანა და როგორც კი ყველა შეიკრიბა, დაიწყო ბარგის დათვალიერება. დროს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ბარგის ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული", - აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ