ირაკლი კორძაია ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ამხელს

ირაკლი კორძაია ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ამხელს

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსის ირაკლი კორძაიას მტკიცებით, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2014 წლის 14 დეკემბერს, საკნიდან ნამდვილად გაიყვანეს და ეს მაშინდელმა მინისტრმა სოზარ სუბარმა დაუდასტურა. ამის შესახებ ირაკლი კორძაიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში "განსხვავებული აქცენტები" განაცხადა. როგორც კორძაიამ აღნიშნა, მერაბიშვილის გაყვანის შემსრულებელი, მაშინდელი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დიმიტრი დარბაისელი იყვნენ.

"ჩემთვის ეს ფაქტი გახდა ცნობილი ორშაბათს დილით, როდესაც სამსახურში მივედი და მოვისმინე ვანო მერაბიშვილის განცხადება. როდესაც მოვისმინე მაშინდელი მინისტრის სოზარ სუბარისგან, რომ ეს ინფორმაცია სიმართლე იყო, ბუნებრივია, მქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია და ვთქვი - რატომ ვებრძვით ჩვენ ვანო მერაბიშვილს ვანოს მეთოდებით. ჩვენ თუ არ მოგვწონდა მერაბიშვილი გარკვეული მუშაობის სტილის გამო, რატომ ვიმეორებთ და რატომ მოხდა ეს?" - განაცხადა კორძაიამ.

მისივე თქმით, მერაბიშვილის გაყვანა შეთანხმებული იყო იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მის გარემოცვასთან.

"ასეთი მნიშვნელობის მქონე პატიმრის გაყავანის თაობაზე გადაწყვეტილებებს ბუნებრივია ვერ მიიღებდა ვერც დარბაისელი და ვერც ფარცხალაძე. ეს მინიმუმ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დონეზე იყო შეთანხმებული და ასევე იმ ადამიანების დონეზ, ვინც ამ ადამიანის გარემოცვას წარმოადგენდა. ესენი არიან: ჯანყარაშვილი, ზედელაშვილი და ა.შ. ამას ადასტურებდა ისიც, რომ შემუშავდა საერთო მესიჯბოქსი, რომელიც გაეგზავნა პოლიტიკურ გუნდს. ამ მესიჯებით ლაპარაკობდა ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც ამ საკითხზე დასმულ კითხვას პასუხობდა, კერძოდ, "მიმდინარეობს გამოძიება, დაველოდოთ, მიმდინარეობს შიდა მოკვლევა და დაველოდოთ შედეგებს. ასევე არანაირი ვიდეო ჩანაწერები არ არსებობს და ეს ჩანაწერები 24 საათში ქრება". ნამდვილად ვიცი, რომ ერთ დღე-ღამეში არ იშლებოდა ჩანაწერები. საკმაოდ დიდი ხანი ინახებოდა ჩანაწერები, თუმცა კონკრეტულ ვადებს ვერ გეტყვით", - განაცხადა კორძაიამ და აქვე დასძინა, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ ინფორმაცია მინისტრის გარდა, მისმა მოადგილეებმა, მათ შორის უმრავლესობის ამჟამინდელმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემაც იცოდა, რომელიც იმ პერიოდში სოზარ სუბარის მოადგილის პოსტს იკავებდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსის თქმით, დიმიტრი დარბაისელის მიერ აღებული მაღალი პრემია, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესრულებისთვის ჯილდო იყო.

როგორც ირაკლი კორძაიამ აღნიშნა, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საკითხზე მის ხელთ არსებული ინფორმაცია, მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წერილობით რამდენიმე კვირის წინ მისწერა.

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი, რომელიც 2014 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ირაკლი კორძაიას განცხადებებს სიცრუესა და აბსურდს უწოდებს. როგორც სუბარმა "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "განსხვავებული აქცენტებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თუ კორძაიას მსგავსი ინფორმაცია ჰქონდა, ამაზე დიდი ხნის წინ უნდა ესაუბრა.

"ამდენი ხანი რატომ დუმდა? წესით, დიდი ხნის წინ უნდა ეთქვა თუ რამე იცოდა. ცხადია, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. რიცხვი არ მახსოვს, როდის იყო ეს ამბები, რასაც კორძაია იხსენებს, მაგრამ გავიგე ტელევიზიიდან და ამ დროს ვიყავი კახეთში როდესაც ამ სისულელეს მოვკარი ყური. კორძაია იყო ჩემი პრესსამსახურის უფროსი და ჩვენს შორის დამალული არაფერი ყოფილა. რაც ხდებოდა ის ყველაფრის საქმის კურსში იყო. მსგავსი საუბარი არ ყოფილა, ვერც იქნებოდა და თუ იყო, მანამდე უნდა ეთქვა", - განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება ე.წ. "მესიჯბოქსის შემუშავებას, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კორძაიას ამ განცხადებასაც ტყუილს უწოდებს და აღნიშნავს, რომ თუ მესიჯბოქსი მუშავდებოდა, თავად ირაკლი კორძაიას უნდა შეემუშავებინა, რადგან ის პრესსამსახურის უფროსი იყო.

"კამერების ჩანაწერებზე ვერაფერს ახალს ვერ ვიტყვით, იმის გარდა რაც ბევრჯერ გვითქვამს. ძალიან ცუდია, რომ მოუწესრიგებელი სისტემა დაგვხვდა. იმედი მაქვს, რომ ახლა ეს სისტემა იქნება მოწესრიგებული, სწორედ იმ ეტაპზე მიდიოდა ამ სისტემის მოწესრიგება", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, შიდა მოკვლევის ჩატარებისას შესწავლილი იყო გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც ე.წ. მატროსოვის ციხიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებამდეა განთავსებული და არც ერთ ჩანაწერში არ დაფიქსირდა ვანო მერაბიშვილის მიერ გაჟღერებული ციხიდან გაყვანის ფაქტი, ისევე როგორც აღნიშნულ მარშრუტზე მანქანის გადაადგილება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ