რა კომენტარებს აკეთებენ ფოტოგრაფები სასამართლოს განაჩენზე

რა კომენტარებს აკეთებენ ფოტოგრაფები სასამართლოს განაჩენზე

პროკურატურის მტკიცებულებები იმდენად დასაბუთებული იყო, რომ ბრალდებულების ადვოკატებსაც არ ჰქონდათ მათზე დამაჯერებელი არგუმენტები, - ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების დავით დევნოზაშვილისა და ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უმაღლეს დონეზე იმუშავა.

"პროკურატურამ სრულიად დასაბუთებული მტკიცებულებები წარმოადგინა. მტკიცებულებები იყო ისეთი, რომ ბრალდებულების ადვოკატებსაც არ ჰქონდათ დამაჯერებელი არგუმენტები. მოსამართლის გადაწყვეტილებას სრულად ვეთანხმები. უკვე 100 პროცენტით დარწმუნებული ვართ დღევანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მიმართ სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენი დადგება", - განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის დარწმუნებული იყო, რომ პროკურატურას მყარი მტკიცებულებები ჰქონდა დევნოზაშვილის წინააღმდეგ.

"გამოძიება დიდი ხანი მუშაობდა. გარკვეული მტკიცებულებები იქნა მოპოვებული და დარწმუნებული ვიყავი, რომ პროკურატურა იქნებოდა მართალი და მტკიცებულებებით გამყარებული, როცა დევნოზაშვილს ბრალი წაუყენა. დარწმუნებული ვარ, თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება სარწმუნო სააპელაციო სასამართლოსთვის, რათა ჩვენს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამამართლებლით შეიცვალოს", - აღნიშნა ნათია გედენიძემ.

ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეს იმედი აქვს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის ფონზე, ფოტოგრაფებს სააპელაციო სასამართლო უმოკლეს ვადაში გაამართლებს. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი გადაწყვეტილება პროკურატურის მიერ გაწეული რთული სამუშაოს შედეგია.

"პროკურატურამ საკმაოდ რთული სამუშაო ჩაატარა და შედეგიც სახეზეა. დევნოზაშვილი და ციხის უფროსი, ე.წ. კილერა დამნაშავედ ცნეს. პარალელურად, მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში მეორე პროცესი, სადაც ჩვენ უნდა გვცნონ უდანაშაულოდ და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანონ. მე იმედი მაქვს დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი გამამართლებელი განაჩენი მალე დადგეს", - განაცხადა აბდალაძემ.

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებები და დაადგინა, რომ დევნოზაშვილი ჯაშუშობის ბრალის აღიარების მიზნით ფოტორეპორტიორებზე ზეწოლას ახორციელებდა.

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, დავით დევნოზაშვილს სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამასთან, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე და სასჯელის სახით 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ