"ბავშვთა სამყაროს" აქციონერები - არ ვაპირებთ, მივატოვოთ გიორგი მაჭავარიანი, რომელიც არის უდანაშაულო და ირაკლი შოთაძის პირადი პატიმარი

"ბავშვთა სამყაროს" აქციონერები - არ ვაპირებთ, მივატოვოთ გიორგი მაჭავარიანი, რომელიც არის უდანაშაულო და ირაკლი შოთაძის პირადი პატიმარი

"სააქციო საზოგადოება "ბავშვთა სამყაროს" აქციონერები განცხადებას ავრცელებენ, სადაც დირექტორის გიორგი მაჭავარიანის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მიხეილ თევზაძის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

აქციონერების განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"გიორგი მაჭავარიანის და მიხეილ თევზაძის მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსოლუტურად გაუგებარი და უსაფუძვლო. გიორგი მაჭავარიანი არის პირადად ირაკლი შოთაძის პირადი პატიმარი და მთავარი პროკურორის დაპირებების ტყვე.

საქმის მასალებში დევს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ "ბავშვთა სამყაროში" დაცული იყო უსაფრთხოების ნორმები, რომ ხანძარი გაჩენილია გარე ძალის ზემოქმედების შედეგად. ხანძრის გაჩენამდე თბილისის მერიის რეკომენდაციის საფუძველზე, შენობაში ჩატარდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მოწყობის სამუშაოები და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები დაკმაყოფილებული იყო.

გამოძიების ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან, ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც ჩვენი შენობა შეაფასა 19 მილიონ ლარად, მაშინ როცა, სულ რაღაც 6 მილიონ ლარს შეადგენს სადაზღვეო კომპანიის მხრიდან ჩვენს მიმართ ასანაზღაურებელი კომპენსაცია. 93 აქციონერს, რომელთა შორისაც არიან ადამიანები, რომლებსაც გარდა უძრავი ქონებისა, საწყობებში დაეწვათ ასიათასობით ლარის პროდუქცია, რაშინ უნდა დასჭირვებოდათ ხანძრის გაჩენა?

როგორც ჩანს, გარდა კვალიფიციური გამოძიებისა, ზოგ ზოგიერთებმა, არც ელემენტარული მათემატიკა იციან. "ბავშვთა სამყაროს" აქციონერები ვართ ყველაზე მეტად დაზარალებულები ამ ხანძრის გამო, რადგან დაგვეწევა პროდუქცია რომლის ღირებულებაც ზოგიერთ შემთხვევაში 100 ათას ლარს აჭარბებდა, რაც დადასტურებულია საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დოკუმენტალურად, ასევე გაგვინადგურდა უძრავი ქონება. ამ დროს კი ადამიანები, ჩვენი მოიჯარეები, რომლებიც 5-6 კვ.მ ფართებში ვაჭრობდნენ, არ ედგათ სალარო აპარატები, რადგან მათი ნავაჭრი იმდენად მცირე იყო, რომ არ საჭიროებდა ამას, ამბობენ, რომ მათ სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს ათი ათასობით ლარის კომპენსაცია. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ არანაირი დოკუმენტალური მტკიცებულება, მათი ზარალის შესახებ, ყოველთვიურ ბრუნვებზე და ითხოვენ არარეალურ კომპენსაციებს სახელმწიფოსგან. მათ როდესაც მიიღეს 3 ათას ლარიანი კომპენსაციები სახელმწიფოსგან, ჩვენ ობიექტური გამოძიების იმედად მყოფებს არც ეს თანხა აგვიღია, რადგან იმედი გვქონდა, რომ დაზარალებულად ცნობის შემდეგ სადაზღვეო თანხას მივიღებდით. ამ ფონზე ეს ადამიანები სისტემატიურად აწყობდნენ აქციებს მთავარ პროკურატურასთან ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნით. დაახლოებით 1 თვის წინ მთავარი პროკურორი შეხვდა აქციის მონაწილეებს და დაპირდა, რომ საქმეზე გამოვლინდებოდნენ დამნაშავეები. მას შემდეგ რაც გავიდა შოთაძის მიერ დათქმული დრო და ვერ მოხდა დამნაშავეების გამოკვეთა და დაკავება, "ბავშვთა სამყაროს" მოიჯარეებმა პროკურატურასთან შოთაძის გადადგომის მოთხოვნით დაიწყეს შიმშილობა. ამ ფაქტიდან მესამე დღეს, აქციონერებმა პროკურატურასთან ხალხმრავალი აქცია ჩავატარეთ, სადაც გამოძიებასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთა გიორგი მაჭავრიანმა. ის ითხოვდა კონკრეტული პირების დაკავებას, ობიექტურ და დროულ გამოძიებას. ამ ფაქტიდან რამდენიმე საათში კი გიორგი მაჭავარიანი დააკავეს.

დარწმუნებული ვართ, რომ გიორგი მაჭავარიანი ირაკლი შოთაძემ ერთადერთი მიზნით დააკავა, რომ შეწყდეს შოთაძის წინააღმდეგ პროკურატურასთან მიმდინარე შიმშილობის აქცია. კატეგორიულად ვაფრთხილებთ მთავარ პროკურორს: დავიწყებთ პერმანენტულ და საჭიროების მიხედვით უწყვეტ აქციებს არამხოლოდ მთავარ პროკურატურასთან, არამედ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში დასრულდა პირადი პატიმრების დრო, მაგრამ როგორც ჩანს შანტაჟს აყოლილმა, არაკვალიფიციურმა მთავარმა პროკურორმა გადაწყვიტა უდანაშაულო ადამიანების დაკავებით საკუთარი თავის გადარჩენა. ბრძოლა იქნება საკმაოდ რთული და იმაზე ბევრად მძიმე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. არ ვაპირებთ, მივატოვოთ ადამიანი, რომელიც არის უდანაშაულო, ირაკლი შოთაძის დაპირებების მსხვერპლი და მთავარი პროკურორის პირადი პატიმარი", - აღნიშნულია სააქციო საზოგადოება "ბავშვთა სამყაროს" განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ