"ბავშვთა სამყაროს" დირექტორს 50 ათასლარიანი გირაო შეეფარდა

"ბავშვთა სამყაროს" დირექტორს 50 ათასლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ბავშვთა სამყაროს" დირექტორს, გიორგი მაჭავარიანს 50 ათასლარიანი გირაო, ამავე სამსახურის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს კი 10 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.

პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. როგორც საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, არსებობს ბრალდებული პირების მიმალვის და მათი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. გიორგი მუჯირის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული მოქმედებებით დასტურდება, რომ დარღვეული იყო სახანძრო უსაფრთხოების წესები და იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტი. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, პროკურორი აღნიშნავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებულების ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა, თავად ბრალდებულები კი ბრალს არ აღიარებენ. გაგი მოსიაშვილის განცხადებით, პირების პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა.

ადვოკატი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და დაკავებული პირების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს, თუმცა კონკრეტულ თანხას ადვოკატი ამ ეტაპზე არ ასახელებს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე სს სავაჭრო სახლი "ბავშთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, ხოლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი გუშინ დააკავა.

საქალაქო სასამართლოში ასევე იმყოფებიან დაკავებულების ოჯახის წევრები და "ბავშვთა სამყაროს" აქციონერები, რომელთა განმარტებითაც პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება მათთვის მიუღებელია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მეორე ნაწილით და 2201 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ