რას ამბობენ ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ძმების ოჯახის წევრები

რას ამბობენ ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ძმების ოჯახის წევრები

ქვემო ფონიჭალაში, ცურტაველის ქუჩაზე დაკავებული ძმების ოჯახის წევრები ნარკოდანაშაულს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ სახლში ნარკოტიკული ნივთიერებები არ ინახებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დაკავებულების ძმამ სამრატ ჯაფაროვმა განაცხადა, მათ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკული საშუალება თავად სამართალდამცველებმა ჩადეს. მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმმა ოჯახის წევრები სახლიდან გაყარა, მოგვიანებით კი უთხრეს, რომ სახლში ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს.

ჯაფაროვის თქმით, თავდაპირველად მისი ძმები პოლიციის განყოფილებაში გამოიძახეს და როდესაც მათ სახლში სპეცრაზმი მივიდა, ძმები ისევ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ. დაკავებულების ოჯახის წევრები შს სამინისტროსგან დაკავებულების დროულ გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე, ოჯახი ითხოვს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას.

ოჯახი ასევე არ გამორიცხავს, რომ მომხდარი ფაქტი მეზობელთან არსებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს. როგორც დაკავებულის ძმამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, გვერდით მცხოვრები მეზობელი მათ სახლის დანგრევას სთხოვდა. დაკავებულების ძმა არ გამორიცხავს, რომ მეზობელი, რომელთანაც კონფლიქტი აქვთ, სამართალდამცველებთან იყოს კავშირში.

"ვიყავით სახლში, უცებ შემოვარდნენ პოლიციელები, ოჯახის წევრები გაგვყარეს სახლიდან, არ მოგვცეს სახლში შესვლის უფლება, დალეწეს ყველაფერი და შემდეგ გაურკვეველ ნივთიერებაზე გვითხრეს, რომ ნაპოვნია ნარკოტიკული საშუალება. ეს არ არის სიმართლე. ჩვენს სახლში ნარკოტიკული საშუალება არ ინახებოდა და არ გვქონია არასდროს. თუმცა, მათ ამის განმარტების საშუალება არ მოგვცეს და დააკავეს ჩემი ორი ძმა. არასდროს არც ერთ მათგანს პოლიციასთან პრობლემები არ ჰქონია. ნებისმიერ მეზობელს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ყოველთვის პატიოსნად ვცხოვრობდით. მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, გაათავისუფლონ ჩემი ძმები და ჩატარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომ დადგინდეს სიმართლე. მე ასევე ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩემი ძმების დაკავება უკავშირდებოდეს ჩვენსა და ერთ მეზობელს შორის კონფლიქტს. ის გვთხოვდა სახლის დანგრევას, რასაც არ ვთანხმებოდით და შეიძლება ის ამ მეთოდით შეეცადა სიტუაციის შემობრუნებას. არ გამოვრიცხავ, რომ ის იყოს პოლიციელებთან დაახლოებული ადამიანი", – განაცხადა სამრატ ჯაფაროვმა.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულები დააკავეს.

რამდენი პირია დაკავებული, უწყებაში არ აკონკრეტებენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილები ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ