გიორგი სიგუა - საგამოძიებო სამსახურს ჩვენს მიმართ არავითარი პრეტენზია არა აქვს

გიორგი სიგუა - საგამოძიებო სამსახურს ჩვენს მიმართ არავითარი პრეტენზია არა აქვს

საგამოძიებო სამსახურს ჩვენს მიმართ არავთარი პრეტენზია არა აქვს, - ამის შესახებ GEM-fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე დაკითხვის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სიგუამ აღნიშნა, გამოძიება დაწყებულია სხვისი ქონების დაზიანების ფაქტზე და არა იმაზე, რომ ვინმე ორგანიზატორებს ადანაშაულებდეს რამეში.

"მე ჯერჯერობით ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი. ეს კითხვები ეხებოდა ფესტივალის ჩატარებას, მათ შორის იყო ფინანსურ საკითხებზე კითხვები, ასევე თანხების ხარჯების შესახებ - რა ფორმით ხდებოდა ეს ყველაფერი. აშკარად გამოიკვეთა, რომ ძალიან ბევრისთვის გაურკვეველი და გაუგებარია, ეს ერთთვიანი ფესტივალი რა ხილი იყო", - განაცხადა სიგუამ.

ამ დროისთვის GEM-fest-ის დამფუძნებლის დაკითხვაზე შესვენებაა გამოცხადებული და სიგუას გამოკითხვა მოწმის სახით ერთ საათში გაგრძელდება.

სიგუას ადვოკატის გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, მუხლი, რომლითაც საგამოძიებო სამსახურს საქმე აქვს აღძრული, შესაძლოა კონკრეტულ მევალესაც ეხებოდეს.

როგორც გიორგი ყავლაშვილმა განმარტა, სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლი, მხოლოდ მატერიალურ ქონებაზე არ ვრცელდება და შესაძლოა გამოძიება ეხებოდეს ვინმეს ქონებას, რის სანაცვლოდაც მესაკუთრემ თანხა ან შემოსავალი ვერ მიიღო.

"იმის მიუხედავად, რომ თვითონ გამოძიებას გიორგი სიგუას გამოკითხვისას აღძრული საქმის მუხლის შინაარსი არ გაუჟღერებია, გავიგეთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას, თუმცა ეს მუხლი არ ვრცელდება მხოლოდ მატერიალური ქონების დაზიანებაზე. ეს შეიძლება ეხებოდეს, რაიმე ქონებრივ უფლებას, რომელიც ვინმეს გააჩნია და ვერ მიიღო რაღაც თანხა ან შემოსავალი, იმის გამო, რომ ჰქონდა რაღაც დანაშაულს ადგილი. მაგალითად შეიძლება იყოს ერთ-ერთი მევალე. ამ მიმართებაში ჯერჯერობით სიგუასთვის კითხვები არ დაუსვამთ. კითხვები დაუსვეს მხოლოდ ფესტივალის ორგანიზებასთან და ასევე, რა პროცესებს ჰქონდა ადგილი, რა კონკრეტული მოქმედებები განხორციელდა და რა ხელშეკრულებები გაფორმდა", - განაცხადა გიორგი სიგუას ადვოკატმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ