პროკურორის განმარტებით, მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობის მოტივი ბრალდებულსა და მოკლულს შორის წარმოშობილი კონფლიქტი იყო

პროკურორის განმარტებით, მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობის მოტივი ბრალდებულსა და მოკლულს შორის წარმოშობილი კონფლიქტი იყო

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, კახა ძნელაძის მკვლელობის საქმეში მიხეილ იაშვილის ბრალეულობა იკვეთება. როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურორების მტიცებულებები და მიიჩნია, რომ ამ ეტაპისთვის ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე არსებობს და შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გამოიყენა.

რაც შეეხება მოტივს, პროკურორის განმარტებით, მკვლელობის მოტივი ბრალდებულსა და მოკლულს შორის წარმოშობილი კონფლიქტი იყო, თუმცა რა საკითხზე, ბრალდება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ აკონკრეტებს.

ამასთან, პროკურორის თქმით, საქმეში გარდაცვლილის მეუღლის ჩვენება დევს, სადაც ვანდა ინაძე ამბობს, რომ მკვლელობას შეესწრო და ჩაფხუტითა და მოპედით, რომლითაც მისივე თქმით, მამაკაცი გადაადგილდებოდა, მიხეილ იაშვილი ამოიცნო.

რაც შეეხება საკითხს, რომლის მიხედვით, ბრალდებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბრალდებული მიხეილ იაშვილი შშმ პირია, ხელჯოხით გადაადგილდება და შესაბამისად მოპედის მართვა არც შეეძლო, პროკურორი განმარტავს, რომ "ამ ეტაპისთვის შექმნილია დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომ კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედება სწორედაც, მიხეილ იაშვილმა ჩაიდინა".

"მისი გადაადგილების შესაძლებლობები რა თქმა უნდა, იქნება გამოძიების საგანი და შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება"",- განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება ბრალდებულის მიერ სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, მას საგამოძიებო უწყებაში გადაყვანისას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, პროკურორის განმარტებით, ამ საკითხზე ჯერ არავინ დაკითხულა, თუმცა აღნიშნულს გამოძიება შეისწავლის.

პროკურორმა ჟურნალისტებს არ უპასუხა კითხვაზე, დევს თუ არა საქმეში სათვალთვალო კამერების ჩანაწერი. მისივე განმარტებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ