უკრაინის მოქალაქის, ირინა სავიცკაიას წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, მისი უკრაინაში ექსტრადიცია არ დაუშვას

უკრაინის მოქალაქის, ირინა სავიცკაიას წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, მისი უკრაინაში ექსტრადიცია არ დაუშვას

უკრაინის მოქალაქის, ირინა სავიცკაიას წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით მიმართავენ, დაკავებულის უკრაინაში ექსტრადიცია არ დაუშვას.

მათი მტკიცებით, უკრაინისთვის გადაცემის შემთხვევაში ირინა სავიცკაიას საფრთხე ემუქრება, რასთან დაკავშირებულ მიზეზებზეც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

"მიმდინარე წლის 30 ივნისს ქალაქ ბათუმში, საქართველოს უწყებებმა დააპატიმრეს ჩემი კოლეგა, ირინა სავიცკაია, რომელიც სნეკ-ექსპორტის მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვებით დაკავებული ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერია. გარდა ამისა, ირინა სავიცკაია არის უკრაინაში მოქმედი ოპოზიციური რადიკალური პარტიის აქტივისტი. ის უკრაინის გენერალური პროკურატურის თხოვნით დააკავეს.

ირინა სავიცკაია უკრაინელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სერგეი რიბალკას მეგობარია და არ არის გამორიცხული უკრაინის ხელისუფლებას სწორედ რიბალკას დისკრედიტაციისთვის სურდეს მისი გამოყენება.

დღეს ჩვენს საწარმოში პერმანენტულად ხდება ჩხრეკები, რაც მიმართულია სახალხო დეპუტატის, სერგეი რიბალკას სახელის შელახვისკენ, რომლის ოჯახსაც ეკუთვნის ეს წარმოება. ოფიციალურად მინდა განვაცხადო, რომ ირინა სავიცკაიას ექსტრადიიცის შემთხვევაში, მას ემუქრება საფრთხე. ის ადამიანები, რომლებიც მე დამესხნენ თავს და სცადეს ჩემი მოკვლა, გენერალური პროკურატურის გავლით ირინა სავიცკაიას უკრაინაში დაბრუნებას ცდილობენ, რათა მისგან ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სერგეი რიბალკას დისკრედიტაციისთვის საჭირო ცნობები მოიპოვონ და მომავალში ეს ადამიანები შეეცდებიან სავიცკაიას მოკვლას,"- განაცხადა შპს "სნეკ-ექსპორტის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი ბელიმ.

თავის მხრივ, საქართველოში ირინა სავიცკაიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, რომ დანაშაული, რომელსაც უკრაინის პროკურატურა დაკავებულს ედავება, შინაარსობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით აბსურდულია.

"ირინა სავიცკაიას, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის მთავარი ბუღალტერი, ბრალად ედება, რომ კომპანიის დირექტორთან ერთად შესაბამის სასამართლოს მიმართა სარჩელით, რათა მომხდარიყო მეორე კომპანიისთვის დავალიანების დაკისრება და სასამართლოს გზით აღნიშნული დავალიანების ამოღება. ეს კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება უკრაინის პროკურატურის მიერ შეფასებულია როგორც კომპანიის ქონების მითვისების მცდელობა. ამ აბსურდული ბრალდების საფუძველზე არის შეკერილი ის სისხლის სამართლის საქმე, რომლის საფუძველზეც შემდგომში ირინა სავიცკაია დააკავეს საქართველოს ტერიტორიაზე და დღეს ცდილობენ მის ექსტრადირებას,"- აღნიშნა გიორგი კონდახიშვილმა.

დაცვის მხარის თქმით, ისინი სასამართლოსთვის მიმართვას და საექსტრადაციო პროცედურების დასრულებამდე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უფრო მსუბუქი სახით შეცვლას შეეცდებიან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ