რა მოხდა რეალურად გაჩიანში - რას ყვება ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი

რა მოხდა რეალურად გაჩიანში - რას ყვება ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი

ყარაჯალაში 22 აგვისტოს მომხდარი ჯგუფური წამებისა და ცემის ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატის, დარეჯან ბუცხრიკიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს. იყენებს დუმილის უფლებას, რაც ნიშნავს, რომ არ აღიარებს კონკრეტულ ბრალს. აქედან გამომდინარე, ჩვენ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობისას დავაყენებთ საკითხს, რომ არანაირი ღონისძიება არ იქნას გამოყენებული მის მიმართ. მას უნდოდა მხოლოდ გაერკვია, რა ურთიერთობაში იყო დაზარალებული მის მეუღლესთან და განზრახული არ ჰქონდა ის ქმედება, რაც შერაცხეს. ეს გარეგანი ძალების, იქ მყოფი ადამიანების მიერ მოხდა, რაც ვიდეოში კარგადაა ასახული და ჩანს. ამას გამოძიების ეტაპზე ჩვენც ვიდავებთ და თავადაც დაიცავს თავს ჩვენი მეშვეობით და შემდგომ უკვე გამოძიება თავად ჩამოყალიბდება, რა კვალიფიკაციით უნდა წაუყენოს მას ბრალი. ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს, აქედან გამომდინარე, ბრალს არ აღიარებს. თუკი რამე გამოიკვეთება, შემდგომ ეტაპზე შეიძლება წაყენებული ბრალის და მუხლის შეცვლაზე ვიდავოთ", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაკავებული ოთხი ეჭვმიტანილიდან, სამისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე დღეს უნდა იმსჯელოს. ერთის უფლებებს კერძო ადვოკატი დარეჯან ბუცხრიკიძე, ორისას კი სახაზინო ადვოკატები - სოსო ჯამასპიშვილი და გაგა მეშველიანი დაიცავენ.

სასამართლო სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში 18:00 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურის შუამდგომლობას წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე, მოსამართლე ირინა ტყეშელაშვილი განიხილავს.

22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალის მკვიდრი 42 წლის მამაკაცი 15-მდე თანასოფლელმა სოფლის მიმდებარედ, ე.წ. ველის ტერიტორიაზე სასტიკად სცემა, შემდეგ კი მასზე სექსუალური ძალადობა განახორციელა. თვითმხილველების ინფორმაციით, ფაქტს 200-მდე ადამიანი ადევნებდა თვალყურს, რომლებიც მობილური ტელეფონებით ფოტოებს და ვიდეოს იღებდნენ.

ამ ეტაპზე დანაშაულში ეჭვმიტანილი 4 პირია დაკავებული, დანარჩენი პირები კი იდენტიფიცირებული არიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სისხლის სამართლის საქმე 144-ე პრიმა მუხლითაა აღძრული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ