მეუფე პეტრე - ამ შეფასებით მოსამართლემ მთელ მის შთამომავლობას და სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი

მეუფე პეტრე - ამ შეფასებით მოსამართლემ მთელ მის შთამომავლობას და სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს "ანტისახელმწიფოებრივად" აფასებს.

როგორც მეუფე პეტრემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით "სუიციდი ჩაიდინა".

"ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პირდაპირი მემკვიდრეები პილატეს სასამართლოსი, რომელმაც უფალ იესო ქრისტეს გამოუტანა ფარისევლური განაჩენი. ჩემი პირადი მოსაზრებაა, ამ შეფასებით მოსამართლემ მთელ მის თაობას და შთამომავლობას და სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი, რომელიც მიუტევებელი ცოდვაა. შევახსენებთ, მათ საუბედუროდ დაავიწყდათ, რომ ბოლო სიტყვას ჩვენს ცხოვრებაში უფალი ამბობს და დაავიწყდათ, რომ ჩვენს ცხოვრებაში მსაჯული არის ქრისტე ღმერთი. ეს არის სასამართლოს თვითმკვლელობა, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რამეთუ სახელმწიფოს თავისუფლება და ქვეყნის განვითარება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გადის. ვინაიდან სასამართლო და მოსამართლე დარჩა ზეწოლის და უსამართლობის მონად, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება", - განაცხადა მეუფე პეტრემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

მეუფე პეტრეს შეფასებით, სასამართლო დაექვემდებარა ზეწოლას და ღირსეული სახე ვერ აჩვენა ქართულ საზოგადოებას.

"ჩვენ დღემდე არ გვინახავს სინანულის ნაბიჯი სახელმწიფოს მმართველობის პირველი პირებისა, რომლებიც უპრინციპოდ დებდნენ ბრალს და არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომლებმაც ცილი დასწამეს მამაოს დაკავებისთანავე და არ გადაუდგამთ არც ერთი ნაბიჯი სინანულისკენ. სასამართლო დაექვემდებარა მათ ზეწოლას და ღირსეული სახე ვერ აჩვენა ქართულ საზოგადოებას", - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.

მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა - ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ, ასევე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში. მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზს 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით უფრო მაღალმა სასჯელმა შთანთქა უფრო დაბალი და საბოლოოდ, გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ