პროკურატურა, სასამართლო და ადვოკატი ე.წ. ციანიდის საქმეზე

პროკურატურა, სასამართლო და ადვოკატი ე.წ. ციანიდის საქმეზე

საქართველოს მთავარი პროკურატურა სასამართლოს მიერ ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას AMBEBI.GE უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებული გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ და შპს "საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების გამოყენებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა. 2017 წლის 2 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში. გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამლავი ნივთიერება "ნატრიუმის ციანიდის" შემცველი ფხვნილი. 2017 წლის 10 თებერვალს გერმანიაში გამგზავრებამდე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იგი დაკავებულ იქნა სამართალდამცველების მიერ, ხოლო მისი ბარგის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამლავი ნივთიერება "ნატრიუმის ციანიდი".

გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძემ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა "WALTHER-PP"-ს მსგავსად კუსტარული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი - 9x18 მმ კალიბრის უნომრო პისტოლეტი და საბრძოლო მასალა (ხსენებული პისტოლეტისთვის განკუთვნილი, 9 მმ კალიბრის 6 ცალი ვაზნა). 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისში, ბათუმის ქ.№5-ში მდებარე გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

გიორგი მამალაძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით) და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადააკვალიფიცირა გიორგი მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდება და იგი დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მომზადებაში, საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლით, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან გიორგი მამალაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ბრალდებულ გიორგი მამალაძეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბრალდების მხარე, სასამართლოს განაჩენს მოტივის ნაწილში დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ სააპელაციო წესით გაასაჩივრებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ასევე თბილისის საქალაქო სასამართლო:

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ე.წ. "ციანიდის" საქმეზე, ბრალდებულ გიორგი მ.-ს მიმართ.

მას ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით (სსკ-ის 18-109 მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტი) და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლომ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 18-109 მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადება და მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. შესაბამისად, ბრალდებული გიორგი მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ ზემოაღნიშნული მუხლებით და მას საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მოცემული სს საქმე სასამართლომ დახურულ სხდომებზე განიხილა. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

როგორც საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, "მთავარი კითხვა დღეს პასუხგაცემულია, კერძოდ ის, რომ გიორგი მამალაძე ადამიანის მკვლელობას ამზადებდა".

მან არ გამორიცხა, რომ ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ჯარჯი წიკლაურმა აღნიშნა, რომ ამ საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

"გამოძიება გაგრძელდება და იმ საკითხებს, რომელიც გამოძიების წინაშე დგას, ვიმედოვნებთ ყველაფერს ამომწურავი პასუხი გაეცემა. თუმცა, მთავარ კითხვას პასუხი უკვე გაეცა. კერძოდ იმას, რომ გიორგი მამალაძე ადამიანის მკვლელობას გეგმავდა", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

პროკურორ ზვიად გუბელაძის ინფორმაციით, მეუფე დიმიტრი სამჯერ არის დაკითხული, მათ შორის ერთხელ მასსა და დეკანოზს შორის გერმანიაში გამგზავრებამდე შემდგარ სატელეფონო კომუნიკაციასთან დაკავშირებით.

როგორც ზვიად გუბელაძემ აღნიშნა, საფუძველს მოკლებულია ის განცხადებები, თითქოს დეკანოზი გერმანიაში მეუფე დიმიტრის მიწვევით მიდიოდა. როგორც გუბელაძემ აღნიშნა, ეს ყველაფერი ბრალდებულის მობილური ტელეფონის ამონაწერის გამოკვლევითაც მტკიცდება.

"გიორგი მამალაძემ 2 თებერვალს, როცა შორენა თეთრუაშვილი გაემგზავრა გერმანიაში, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო გამგზავრების გადაწყვეტილება. 3 თებერვალს შედგა მეუფე დიმიტრისა და გიორგი მამალაძის შორის კომუნიკაცია და ეს მხოლოდ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა. შესაბამისად, განცხადებები, რომ მეუფე დიმიტრიმ მიიპატიჟა გერმანიაში, სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო მეტიც, ბრალდებული ასაიდუმლოებდა გერმანიაში გამგზავრებას, რისი აუდიოჩანაწერიც საქმეში დევს. ამ ჩანაწერში მამალაძე ერთ-ერთ პიროვნებას ეუბნებოდა, რომ არავინ უნდა იცოდეს, მისი გერმანიაში გამგზავრების შესახებ", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მეუფე დიმიტრის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეში, პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიების ეტაპზე თუკი ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, ამის თაობაზე საზოგადოებას აუცილებლად ეცნობება. ამასთან, ზვიად გუბელაძემ განმარტა, რომ მეუფე დიმიტრი გამოძიების ეტაპზე ორჯერ და ერთხელ სასამართლოშია დაკითხული. მისივე თქმით, გამოძიების ეტაპზე მეუფე დიმიტრი დეკანოზთან შემდგარ სატელეფონო კომუნიკაციის თაობაზეც გამოიკითხა.

როგორც გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს პროცესის დამთავრების შემდეგ განუცხადა, "ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციას, ევროპის კონვენციას, იგნორირება გაუკეთა ყველანაირ კანონმდებლობას, რაც საქართველოშია".

"რა თქმა უნდა, მოლოდინი არ იყო ამ გადაწყვეტილების, მაგრამ ამით დადასტურდა, რომ საქართველოში სასამართლო არ არსებობს, ანუ რაშიც ჰქონდა ბრალი წაყენებული, ეს იყო 109-ე მუხლი, მკლელობის მომზადება ანგარებით, თუმცა თურმე ანგარება არ ყოფილა, მაგრამ მკვლელობის მოტივაცია ყოფილა, მხოლოდ და მხოლოდ ბოლოს წამოსცდა მოსამართლეს, თურმე შურისძიებაო. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს. აქ ჩვენ ყველაფერს ვეცდებით, კანონმდებლობა გვავალებს ბოლომდე მივიყვანოთ და თუ სააპელაციო და უზენაესი სასამართლებიც დაემსგავსება დაქირავებულ მოსამართლეს, ეს არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას. ესენი ვერ განსაზღვრავენ ჩვენ მომავალს. ჩვენ დაცვის გარეშე და უფლებების გარეშე ვართ, რადგან მოსამართლემ იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციას, ევროპის კონვენციებს, იგნორირება გაუკეთა ყველანაირ კანონმდებლობას, რაც საქართველოშია", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ