რას ჰყვება თვითმხილველი, რომელმაც თემქაზე დაჭრილი ბიჭი საავადმყოფოში მიიყვანა

რას ჰყვება თვითმხილველი, რომელმაც თემქაზე დაჭრილი ბიჭი საავადმყოფოში მიიყვანა

თემქაზე დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცმა მიიყვანა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა აგვიანებდა და იძულებული გახდა დაჭრილი კლინიკამდე თავად მიეყვანა.

"ჩემს კორპუსთან დავინახე ხალხი. როცა მივედი, ბიჭი ეგდო მიწაზე და სისხლისგან იცლებოდა. სასწრაფოს ელოდებოდნენ, მაგრამ უცებ გავაჩერე გამვლელი მანქანა და წამოვიყვანეთ საავადმყოფოში. გზაში გონზე იყო, მაგრამ ვერაფერი ვერ მითხრა. ამიტომ ველოდები, მაინტერესებს როგორ არის. ბიჭს არ ვიცნობ, მის შესახებ არაფერი ვიცი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მამაკაცმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

ამ დროისთვის თემქაზე დაჭრილ 26 წლის მამაკაცს ოპერაცია უტარდება. მკურნალი ექიმის ინფორმაციით, საავადმყოფოში შეყვანის მომენტში ბიჭს გულმკერდის ზედა, უკანა არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა.

"შემოყვანის მომენტისთვის პაციენტი გონზე იყო. ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება. რამდენად საშიშია დაზიანებები სიცოცხლისთვის, ამას ოპერაციის შემდეგ გავიგებთ. ოპერაციის დასრულებამდე ვერც მისი ჯანმრთელობის მდგომარებაზე და ვერც იმაზე, თუ რა სახის ჩარევა გახდება საჭირო, ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა ექიმმა.

თემქაზე, ზღვის უბნის მე-10 კვარტლის 24-ე კორპუსთან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს დაჭრილი გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელები ორნი იყვნენ, რომლებიც გასროლის შემდეგ გაიქცნენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სროლა გურჯაანში - გარდაცვლილია ერთი ახალგაზრდა, ერთი კი მძიმედ არის დაჭრილი

"ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში" - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17 პირს პატიმრობა შეეფარდა