პირადი ცხოვრების ამსახველ რა ფოტოებზე ისაუბრა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საბოლოო სიტყვაში

პირადი ცხოვრების ამსახველ რა ფოტოებზე ისაუბრა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საბოლოო სიტყვაში

არსებული ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე საბოლოო სიტყვაში პირადი ცხოვრების ამსახველ იმ ინფორმაციაზე საუბრობს, რომელიც სასამართლო პროცესების დახურვის ერთ-ერთი საფუძველი გახდა.

დეკანოზის საბოლოო სიტყვის აუდიოჩანაწერს "TV პირველი" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, დეკანოზი საბოლოო სიტყვაში ყურადღებას ამახვილებს გამოძიების მიერ მოპოვებულ ფოტოებზე და აცხადებს, რომ პრუკურატურა მათ არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს.

ამასთან, საბოლოო სიტყვაში გიორგი მამალაძემ აღნიშნა, რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, პროკურატურა ცდილობდა მეუფე დიმიტრისა და სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მისდამი დამოკიდებულება შეეცვალა, თუმცა ეს არ გამოუვიდა.

მოისმინეთ დეკანოზის სიტყვის აუდიოჩანაწერი

"მე სპეციალურად არ ჩავუღმავდები იმ უსირცხვილო და უმსგავსო კანონის უზენაესობის დარღვევის განხილვას, რომელსაც დღიდან ჩემი დაკავებისა და ზოგიერთი მოწმის დაკითხვის წინ კადრულობდნენ პროკურატურის მესვეურები. მე ვგულისხმობ ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებას მიტროპოლიტ დიმიტრიზე და სხვა იერარქებზე, რომლის მთავარი მიზანი, მათი ჩემდამი დამოკიდებულების შეცვლა და პროკურატურის კითხვებზე სასურველი პასუხების მიღება იყო, რაც არ გამოუვიდათ", - განაცხადა დეკანოზმა საბოლოო სიტყვაში.

მან მიმართა სასამართლოს "მომავალში მაინც უზრუნველყოს პროკურატურის ამაზრზენი ქმედებების აღმოფხვრა".

"რაც შეეხება ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს, რომლებზეც განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას ცდილობს ბრალდება, მე მათ შესახებ გავაკეთე განმარტება და გავიმეორებ: ამ დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ გადავხედე ფოტოებს. მასში ნამდვილად არის ისეთი ფოტოები, რომლებსაც შეიძლება ყურადღება მიაქციო, მაგრამ ყურადღების მიქცევა არ ნიშნავს, არ გაარკვიო და არასწორი ინტერპრეტაციით წარმოადგინო. ამ ფოტოებშია გოგონა ე.წ. პენუარით სათამაშოებთან ერთად. ეს ფოტოები ამ გოგონას გამოქვეყნებული აქვს სოციალურ ქსელში, მე კი როგორც მისმა მეგობარმა გავაფრთხილე და გადავუგზავნე იმ მოტივით, რომ როგორც მღვდლისთვის, არ იყო სასურველი მსგავსი ფოტოების სოციალურ ქსელში არსებობა.

იხილეთ ვიდეო: "ამ ფოტოებშია გოგონა ე.წ. პენუარით სათამაშოებთან ერთად" - დეკანოზი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე საუბრობს

მეორე ფოტოზე გადაღებულია სტიქაროსანი, რომელიც მოდელობის საქმიანობითაა დაკავებული და რომელსაც თავისივე სოციალურ ქსელში აქვს ფოტოები გამოქვეყნებული, ხოლო ერთ-ერთმა მოძღვარმა, მამა ანდრია თურმანიძემ, გადმომიგზავნა ისინი ინფორმაციისთვის - შენი ტაძრის სტიქაროსანს მსგავსი ფოტოები აქვს გამოქვეყნებული და იქნებ გაესაუბროო. მესამე ფოტო არის პირადად ჩემი, სადაც გოგონას ვკოცნი. რაღაც აღშფოთება გამოიწვია ამან, თითქოს არავის არ ჰქონდეს ნაკოცნი გოგოზე. ეს ფოტო 2006 წელს ზაფხულში, ჩემს სასულიერო პირობამდეა გადაღებული. მეოთხე ფოტოკოლაჟი გახლავთ ქერათმიანი სექსუალური გარეგნობის გოგონასთან სელფები და მისი ცალკეული ფოტოები. ეს გოგონა გახლავთ ჩემი დის შვილი. სასამართლოს ვთხოვ უზრუნველყოს მომავალში მაინც პროკურატურის ამაზრზენი ქმედებების აღმოფხვრა", - განაცხადა გიორგი მამალაძემ.

დეკანოზმა საბოლოო სიტყვაში ასევე აღნიშნა, რომ დაკავების მომენტიდან გამომძიებლები და პროკურორები მისგან პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებასა და თანამზრახველებად, მეუფე დიმიტრისა და პატრიარქის მაშინდელი დაცვის უფროსის სოსო ოხანაშვილის დასახელებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, ადვოკატების თანდასწრებით, პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარება საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმაც მოსთხოვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ