დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან წერილს აგზავნის

დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან წერილს აგზავნის

ჩვენ მოვახერხეთ სასამართლოზე ჩემი უდანაშაულობის დადასტურება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეკანოზმა გიორგი მამალაძემ განუცხადა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა "ინტერპრესნიუსის" კითხვებს ე.წ. მატროსოვის ციხიდან უპასუხა. დეკანოზი განმარტავს, თუ რატომ არ იმყოფებოდა სასამართლო დარბაზში, მაშინ როდესაც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს მის მიმართ განაჩენი გამოჰქონდა. გიორგი მამალაძე ასევე აღნიშნავს, რომ მან საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცა, თუმცა მოსამართლეს განაჩენი წინასწარვე ჰქონდა დაწერილი.

"ბუნებრივია, ჩვენ მოვახერხეთ ჩემი უდანაშაულობის დადასტურება სასამართლოზე. მეორე საკითხია, გაითვალისწინა თუ არა ეს მოსამართლემ. შეუძლებელია სხდომებზე დაიცვა თავი და გამართლდე, როდესაც განაჩენი სხდომებამდე წინასწარ აქვს გამოტანილი მოსამართლეს. მქონდა მიზეზი არ დავსწრებოდი განაჩენის გამოცხადებას. საბოლოოდ ყველამ ნახა, რომ ეს მიზეზი გამართლდა", - განაცხადა გიორგი მამალაძემ.

დეკანოზის თქმით, არც საეკლესიო სამართლის იმედი აქვს.

"სამწუხაროდ, საეკლესიო სასამართლო დღეს საქართველოში არ არსებობს", - აღნიშნავს მამალაძე.

ამასთან, დეკანოზი მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობმა და შორენა თეთრუაშვილმა მისი დაკავებით "ყველას მისცეს სიგნალი, რომ არავინ გაბედოს მათი არაკეთილსინდისიერი საქმიანობის სააშკარაოზე გამოტანა". გიორგი მამალაძე მიიჩნევს, რომ მის საქმეში მეუფე იაკობისა და შორენა თეთრუაშვილის კვალი მხოლოდ მას არ დაუნახავს და ეს მთელმა საზოგადოებამ იხილა.

"ეს კვალი მხოლოდ მე არ დამინახავს. ამას მთელი საზოგადოება ხედავს. ვერ გეტყვით, ვის მიმართ განახორციელებენ კიდევ ეს ადამიანები დევნას. რასაკვირველია, ამ ადამიანებმა ამით ყველას მისცეს სიგნალი, რომ არავინ გაბედოს მათი არაკეთილსინდისიერი საქმიანობის სააშკარაოზე გამოტანა", - განაცხადა მამალაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ