პროკურატურა - გონიოში დაკარგული სამხედროს დედას ერთ-ერთი ბრალდებული პირადად შეხვდა და არწმუნებდა, რომ თანხა ჩაერიცხა

პროკურატურა - გონიოში დაკარგული სამხედროს დედას ერთ-ერთი ბრალდებული პირადად შეხვდა და არწმუნებდა, რომ თანხა ჩაერიცხა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული უშუალოდ შეხვდა ზღვაში წვრთნებისას დაკარგული ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის გიორგი ნანეტაშვილის დედას და "არწმუნებდა, რომ ყველაფერი იყო კარგად და თანხა მითითებულ ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა".

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, 2017 წლის თებერვალი-აპრილის პერიოდში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ზღვაში წვრთნებისას დაკარგული ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის გიორგი ნანეტაშვილის ოჯახის წევრებს, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 4-ჯერ გაუგზავნეს წერილი, რომლითაც თითქოსდა გიორგი ნანეტაშვილი ითხოვდა თანხის - 39 000 (ოცდაცხრამეტიათასი) აშშ დოლარის ჩარიცხვას საბანკო ანგარიშზე, რომელიც ეკუთვნის ერთ-ერთ ბრალდებულს. გარდა ამისა, ერთ-ერთი ბრალდებული უშუალოდ შეხვდა ნანეტაშვილის დედას და არწმუნებდა, რომ ყველაფერი იყო კარგად და თანხა უნდა ჩაერიცხა მითითებულ ანგარიშზე.

"გამოძიების პროცესში ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედები, რა დროსაც შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე თაღლითობის მცდელობაში მხილებული იქნა სამი პირი, რომელთაც წარედგინათ ბრალდება სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. ამჟამად, სისხლის სამართის საქმეს არსებითად განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო", - აცხადებენ პროკურატურაში.

"ინტერპრესნიუსისთვის" დღეს გახდა ცნობილი, რომ გონიოში, ზღვაში, ერთი წლის წინ, წვრთნების დროს გაუჩინარებული მყვინთავების ოჯახებისთვის თაღლითური ჯგუფი მოტყუებით ფულის გამოძალვას ცდილობდა.

როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ორი პირი ოჯახებს წერილებს დაკარგული მყვინთავების სახელით წერდა და მათგან ფულს ითხოვდა. კერძოდ, წერილებში ბოროტმოქმედები ოჯახებს არწმუნებდნენ, თითქოს გაუჩინარებული სამხედროები თავად იყვნენ, თურქეთში იმყოფებოდნენ და თანხა ესაჭიროებოდათ. არაოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულები ოჯახებისგან 39 ათასი დოლარის მიღებას გეგმავდნენ.

გონიოში, ზღვაში წვრთნების დროს გაუჩინარებული მყვინთავების ოჯახებისთვის ფულის გამოძალვის ფაქტი სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ გახსნეს. საქმეზე ბრალდებულები თავდაცვის სამინისტრომ და პროკურატურამ ერთობლივად დააკავეს. საქმეზე სასამართლოში ამ ეტაპზე არსებითი განხილვები მიმდინარეობს. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

2016 წლის 16 აგვისტოს, გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი გაუჩინარდნენ. სამხედროების პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ