"მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" - ადვოკატი

"მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" - ადვოკატი

"მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქარდავას ქართველმა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა, უკრაინელ ადვოკატზე დაყრდნობით განუცხადა.

როგორც ველიჯანაშვილმა აღნიშნა, მეგის ქარდავა უკრაინის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე ვერ გამოცხადდა, რის მიზეზადაც მისმა ადვოკატმა სწორედ ქარდავასთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებები დაასახელა.

იხილეთ ვიდეო

"პროცესზე უკრაინელმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მეგის ქარდავა არის ნაცემი. კერძოდ აღნიშნა, რომ მას დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე გაუსწორდნენ და აღენიშნება დაზიანებები სახის არეში. დაზუსტებით ამ ეტაპზე არ იციან, თუ ვინ სცემა. მეგის ქარდავა პროცესზე ვერ მივიდა და ციხიდან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ჩაერთო. მას სასამართლოზე ჩართვისას უთქვამს, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება", - განაცხადა ველიჯანაშვილმა.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მეგის ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა, მიხეილ ლოტოცკიმ განაცხადა, რომ მეგის ქარდავა "ნაცემი იყო დაკავებამდე და მას დარჩა ამ ცემის კვალი".

"ის არ უცემიათ დაკავებისას ან იზოლატორში ყოფნისას. როგორც აღვნიშნე, ის ნაცემი იყო დაკავებამდე, თუმცა ინფორმაციას იმის თაობაზე თუ ვინ ცემა, არ ვფლობ და თვითონ მეგის ქარდავა არ ამბობს", - განაცხადა მიხეილ ლოტოცკიმ.

რაც შეეხება იმას, რატომ არ ესწრებოდა ქარდავა სასამართლო პროცესს, ადვოკატის განმარტებით, შესაბამისი შუამდგომლობით მოსამართლეს დაცვის მხარემ ქარდავას უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიმართა.

"ივანო-ფრანკოვსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოში გუშინ სხდომა გაიმართა. სასამართლომ ძალაში დატოვა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება მეგის ქარდავასთვის 40-დღიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.

მეგის ქარდავა აღნიშნულ სხდომაზე არ იმყოფებოდა, ვინაიდან ჩვენ შუამდგომლობით მივმართეთ სასამართლოს, რომ მეგის ქარდავას იზოლატორი არ დაეტოვებინა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. ამიტომაც ვიდეო-კონფერენციის მეშვეობით მოხდა მასთან დაკავშირება", - აღნიშნა ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა.

"ინტერპრესნიუსი"