"მეგისმა არც იცოდა თუ ხდებოდა ის, რაშიც ბრალს სდებენ" - რას ამბობს ქარდავას უკრაინელი ადვოკატი სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე

"მეგისმა არც იცოდა თუ ხდებოდა ის, რაშიც ბრალს სდებენ" - რას ამბობს ქარდავას უკრაინელი ადვოკატი სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე

მეგის ქარდავამ არც იცოდა თუ ხდებოდა ის, რაშიც ბრალს სდებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა, მიხეილ ლოტოცკიმ განუცხადა.

"ის, როგორც ადამიანი, საქართველოში არავის სჭირდება. მხოლოდ ინფორმაცია უნდათ. მეგის ქარდავას არასდროს ჩაუდენია, რაშიც ადანაშაულებენ და არც სხვებისთვის მიუცია ამის გაკეთების ბრძანება. თუ რამე მსგავსი ხდებოდა, მეგის ქარდავამ ამის თაობაზე არაფერი იცოდა", - განაცხადა მიხეილ ლოტოცკიმ.

მისივე ინფორმაციით, ქარდავას მოსანახულებლად უკრაინაში მისი ოჯახი საქართველოდან ჯერჯერობით არ ჩასულა.

"მეგის ქარდავასთან ბოლო შეხვედრა გასულ პარასკევს მქონდა. მისი მდგომარეობა ნორმალურია. სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. მისი ოჯახის წევრები არ ჩამოსულან. ნებისმიერ სიტუაციაში, მეგის ქარდავასთან შეხვედრისთვის მათ პროკურატურის ნებართვა დასჭირდებათ", - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე განმარტებით, სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის შემთხვევაშიც არანაირ გარანტიებზე არ შეიძლება იყოს საუბარი, ვინაიდან ქარდავას წინააღმდეგ სასამართლოში რამდენიმე საქმეზე განაჩენი დამდგარია.

"რაც შეეხება იმას, რომ რაღაც გარანტიების სანაცვლოდ მეგის ქარდავამ შესაძლოა ქართველ სამართალდამცველებთან ითანამშრომლოს და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს, მსგავსი არაფერი ვიცი. არც კი განგვიხილავს რაიმე მსგავსი მეგის ქარდავასთან. საერთოდ, რა გარანტიებზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც მის წინააღმდეგ განაჩენია გამოტანილი", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება საექსტრადიციო პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხს, ადვოკატის თქმით, უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართა იმის თაობაზე, მიიღო თუ არა საექსტრადიციო მოთხოვნა საქართველოს მხრიდან, თუმცა გენერალური პროკურატურისგან ჯერ არანაირი პასუხი არ მიუღია.

უკრაინაში დაკავებულ მეგის ქარდავას 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული.