სპეცოპერაციის ჩამტარებელი ვალდებულია მოსახლეობა ჩააყენოს საქმის კურსში იმ დონეზე, რომ არ დაიწყოს პანიკა - ქუთათელაძე

სპეცოპერაციის ჩამტარებელი ვალდებულია მოსახლეობა ჩააყენოს საქმის კურსში იმ დონეზე, რომ არ დაიწყოს პანიკა - ქუთათელაძე

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის, ვახტანგ ქუთათელაძის შეფასებით, გარედან შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ სპეცოპერაციის ჩატარების დროს არაკოორდინირებული მუშაობა იყო ოპერაციის ჩამტარებლებსა და საზოგადოებას შორის.

როგორც ქუთათელაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კიდევ ერთი პრობლემა ის იყო, რომ არ არსებობდა შტაბი, რომელიც მასმედიის წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწოდებდა.

ქუთათელაძის შეფასებით, ”ყველაფერი რაღაცნაირად მიშვებული იყო, თითქოს არათუ სპეცოპერაცია ტარდებოდა, არამედ სანახობა გადიოდა პირდაპირ ეთერში”.

”რაც შეეხება სპეცოპერაციას, მე არ მაქვს ის ინფორმაცია, რაც ოპერაციის ჩამტარებლებს ჰქონდათ. კერძოდ, არ ვიცი რამდენად იმუშავა ოპერატიულმა სამსახურებმა. რაც შეეხება ხანგრძლივობას, ამას განსაზღვრავს ის ოპერატიული სიტუაცია, რაც არის ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში. მე არ ვიცი რა ოპერატიული სიტუაცია იყო, შესაძლოა იქ იყო საშიშროება მძევლების აყვანის და ა.შ. გარედან შეხედვით მე შემიძლია ვთქვა, რომ იყო არაკოორდინირებული მუშაობა ოპერაციის ჩამტარებლებსა და საზოგადოებას შორის. საზოგადოებაში ვგულისხმობ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. რაღაცნაირად მიშვებული იყო ყველაფერი, თითქოს კონტრტერორისტული ოპერაცია კი არ ტარდებოდა, არამედ სანახაობას ვუყურებდით მთელი დღის განმავლობაში ეთერში. ამ კუთხით არ იყო კოორდინაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ არის ორგანო, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს. ჩვენ ყველა პრობლემას ვწყვეტთ იმის შემდეგ, როცა ის წარმოიშობა. ეს ასე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ყველაფერს უნდა დაგეგმვა, წინასწარ მუშაობა და ყველა ორგანომ, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებამ უნდა იცოდეს რა დოზით, როგორ და რანაირად მიაწოდოს ინფორმაცია. არ იყო შექმნილი შტაბი, ყოველ შემთხვევაში ეს არ ჩანდა. არ იყო შტაბის წარმომადგენელი, რომელიც თუნდაც ცოტა ინფორმაციას მისცემდა საზოგადოებას. ეს არის ის, რაც პირველი შეხედულებით ჩანს. რაც შეეხება ოპერაციის ხანგრძლივობას, მათ შეეძლოთ ოპერაცია გაგრძელებულიყო ორი დღით. ჩვენ არ ვიცით რა ხდებოდა კულისებს მიღმა. ამ შემთხვევაში საზოგადოებამ არც უნდა იცოდეს რა ხდებოდა კულისებს მიღმა, მაგრამ ოპერაციის ჩამტარებელი ვალდებულია საზოგადოება ჩააყენოს იმ დონის საქმის კურსში, რაც აუცილებელია, რომ არ დაიწყოს პანიკა და ხალხს არ გაუჩნდეს დაუცველობის განცდა”, - განაცხადა ქუთათელაძემ.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც და საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, ქუთათელაძის თქმით, ”ეს იმას ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს აქვს საკმარისი საფუძველი, რომ ეს განცხადება გაეკეთებინა”.

”ვინაიდან ის ამას აცხადებს, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ამ ტერორისტების საქმიანობა დაკავშირებული იყო უცხო ქვეყნის მცხოვრებთან, ან ისინი წარმოადგენდნენ უცხო ქვეყნის მცხოვრებს. ამიტომ რამდენიმე ქვეყანა იყო ჩართული. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ”, - განაცხადა ქუთათელაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ