ოთარ აბესაძე კლინიკაში გადაჰყავთ

ოთარ აბესაძე კლინიკაში გადაჰყავთ

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში გამოკვლევები ჩაუტარდება.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ოთარ აბესაძეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ხვალ გადაიყვანენ გამოსაკვლევად და ის იქ მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში დარჩება.

ირმა ჭკადუას განცხადებით, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდება ექსპერტიზის დასკვნა, დაცვის მხარეს ექნება შესაბამისი შუამდგომლობა.

დაცვის მხარის პოზიცია ოთარ აბესაძის სასამართლო ექსპერტიზაზე გადაყვანის თაობაზე გაიზიარა ასევე ბრალდების მხარემ, რის შემდეგაც მოსამართლემ შემდეგი სასამართლო სხდომის საორიენტაციო თარიღად 26 დეკემბერი დაასახელა.

ოთარ აბესაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ