რას ჰყვებიან მეზობლები მოსწავლეების ჩხუბზე - "ერთ-ერთი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ტიროდა და დაჭრილს ეფერებოდა"

რას ჰყვებიან მეზობლები მოსწავლეების ჩხუბზე - "ერთ-ერთი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ტიროდა და დაჭრილს ეფერებოდა"

ხორავას ქ. #4-ში მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ მეზობლები საუბრობენ. მათ განცხადებით, თავდაპირველად გაიგეს ბავშვებს შორის კამათი და ხმამაღალი საუბარი. ამის შემდეგ კი შენიშნეს, რომ ორი მოზარდი ერთმანეთისაგან რამდენიმე მეტრის მოშორებით დაჭრილი ძირს ეგდო. მეზობლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

როგორც ადგილობრივი მცხოვრები ლალი მესხი ჟურნალისტებთან ამბობს, მომხდარიდან ცოტა ხანში ადგილზე მივიდა ერთ-ერთი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე.

"უცებ შემოცვივდნენ ბავშვები ეზოში. ამ დროს მე ფანჯრიდან გავიხედე და ერთ წამში მოხდა ყველაფერი. ვერ გავიგე რა ხდებოდა. მერე დავინახე, რომ ვიღაცები გაიქცნენ, ერთ ბიჭს კი სისხლის კვალი ჰქონდა. ყველა ვრეკავდით სასწრაფოში. პოლიციაც დროულად მოვიდა, ასევე, იყო მეორე დაჭრილი. როგორც გავიგეთ, ერთ-ერთი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე მოვიდა ადგილზე. ტიროდა და ეფერებოდა დაჭრილს", - განაცხადა ლალი მესხმა.

კიდევ ერთი მეზობელი ყვება, რომ ბავშვებს შორის ხმამაღალი საუბარი თვითონაც გაიგო.

"ბევრი ბავშვი იყო. ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ გაჩერებულიყვნენ. სხვა ვერაფერი გავიგე. როგორც ამბობენ, 51-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ასევე მოქალაქეები ამბობენ, რომ აქ მოვიდა სასწავლო ნაწილის გამგე. რაც შეეხება იმ მოზარდს, რომელიც გარდაიცვალა, პირადად მე არ ვიცნობდი, თუმცა კარგად ახასიათებენ", - განაცხადა მეზობელმა.

არსებული ინფორმაციით, ხორავას 4-ში ურთიერთდაპირისპირება 51-ე და მე-6 სკოლის მოსწავლეებს შორის მოხდა, რა დროსაც ორი მათგანი დაიჭრა. ერთი მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც უკვე 3 საათია ოპერაცია უტარდება, მეორე კი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყეს. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

ასევე დაგაინტერესებთ: ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს მოკლეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ