რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრებათ მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს

რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრებათ მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულებს, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელი, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი, რომელიც ორივე არასრულწლოვანს აქვს ბრალად წაყენებული სასჯელის სახედ 13-დან 17 წლამდე პატიმრობას გულისხმობს, თუმცა სასამართლო მხდეველობაში მიიღებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, რომელიც პარლამენტმა 2015 წელს მიიღო.

კერძოდ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამბობს, რომ არასრულწლოვანთა გარკვეული კატეგორიისთვის, საბოლოო სასჯელის ვადა 12 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

73-ე მუხლში წერია: "არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი".

ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი განმარტავს, რომ 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/4-ით მცირდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა 12 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

ანუ სასამართლომ, ბრალდებულს მაგალითად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა თუ შეუფარდა, სასჯელის ვადას შეამცირებს 1/4-ით და საბოლოოდ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება. ყველაზე მინიმალური 13 წლიანი სასჯელის შეფარდების შემთხვევაში კი არასრულწლოვან ბრალდებულს, საბოლოოდ 9 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება.

როგორც ცნობილია, 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული, რომლიდანაც ერთი პოლიციამ 2 დეკემბერს დააკავა, მეორე კი პოლიციას დღეს ჩაბარდა. ორივე ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ 3 პირი დააკავა.

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ: "ანთებული სიგარეტი სახეში ესროლა... " - მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე შემთხვევის დეტალებს ყვება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ