მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული პირი შსს-ს თანამშრომელი იყო

მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული პირი შსს-ს თანამშრომელი იყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თენგიზ კალანდია, რომელიც 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს, სამინისტროს კადრების განკარგულებაში იყო გადაყვანილი, ამჟამად კი ის სამინისტროდან დათხოვნილია. ამის შესახებ Ambebi.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

გამოძიების ვერსიით, კალანდიასთვის ასევე, მისი შვილების - ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. შესაბამისად, თენგიზ კალანდია დანაშაულის დაფარვისთვის დააკავეს.

რაც შეეხება კალანდიას შვილებს, ლ.კ.-ს და მ.კ.-ს, სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ მიმართ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს სულ სამი პირი დააკავა. თენგიზ კალანდიასთან ერთად დაკავებულები არიან მოქალაქეები გ.შ. და ზ.წ.

"გამოძიებამ, დაადგინა, რომ მოქალაქეებმა - გ.შ-მ და ზ.წ.-მ ხელი შეუწყეს არასრულწლოვანი გ.ჯ.-ს მიმალვას. შესაბამისად, მოქალაქეები გ.შ. და ზ.წ. დაკავებული არიან დანაშაულის დაფარვისთვის" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული, რომლიდანაც ერთი პოლიციამ 2 დეკემბერს დააკავა, მეორე კი პოლიციას დღეს ჩაბარდა. ორივე ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ