რა მოხდა ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო სხდომაზე, რომელიც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა

რა მოხდა ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო სხდომაზე, რომელიც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც გიორგი მამალაძემ პროცესზე განაცხადა, ის ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობას უცხადებს.

ამასთან, მსჯავრდებულმა მის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც ისაუბრა.

"აეროპორტიდან გატაცებიდან დღემდე ვიმყოფები სისტემატიური ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. გატაცების მომენტიდან მთელი საგამოძიებო პროცესის დროს, მიუხედავად წარდგენილი ბრალისა, ჩემი ადვოკატების თანდასწრებით ითხოვდნენ მეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება და მასში მიტროპოლიტ დიმიტრისა და იოსებ ოხანაშვილის მონაწილეობა. სანაცვლოდ ფსევდო თანამშრომლობისთვის თავისუფლებას მპირდებოდნენ. აღნიშნულის გამო პროკურატურის წარმომადგენლებსა და ადვოკატებს შორის სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა. სისტემატიური ზეწოლისა და დაშინების მცდელობაა ჩემს ოჯახზე, მოწმეებსა და ადვოკატებზე. რამდენიმე კვირის წინ, თავდასხმა მოხდა ჩემს ძმაზე, მუქარის შეტყობინებები მიიღო ჩემმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ, მოწმე ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა ზეწოლის შესახებ პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა მას არ მიეცა ჩვენება სასამართლოში ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენების მიცემის შემდეგ კი საქმე აღძრეს მის წინააღმდეგ. ასევე დაშინების მცდელობა იყო მისი მეუღლის და შვილის მიმართ. ჩემი ადვოკატები დაიბარეს ტელევიზიით გავრცელებული დახურული სხდომის მასალების გამო პროკურატურაში და სასამართლოში, რეალურად კი აღმოჩნდა, რომ მოსამართლე ბუგიანიშვილმა, სხვა საქმის პროკურორს გადასცა აღნიშნული მასალა, ხოლო პროკურორმა დაულუქავად გადასცა ნომერ მეცხრე პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას.

გარდა ამისა, მიტროპოლოტმა დიმიტრიმ 5 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროკურორები სასურველი ჩვენების მისაღებად მასზე ახდენდნენ ზეწოლას. 7 თვის მანძილზე, პროკურორის გადაწყვეტილებით აკრძალული მქონდა ოჯახთან ყველანაირი კომუნიკაცია. პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ახდენს ჩემს რელიგიურ დისკრიმინაციას. დღემდე არ მეძლევა შესაძლებლობა, შევიმოსო ჩემი რელიგიური შესამოსელით და ასევე უფლებას არ მაძლევს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ ტაძარში, აღსრულებულ მსახურებაზე დასწრების. სამწუხაროდ, მე დღეს დასჯილი ვარ არა დანაშაულის გამო, არამედ იმისთვის, რომ მისმა უწმინდესობამ ჩემი თანამდებობაზე დანიშვნით, ცალკეულ პირებს შეუზღუდა ეკლესიის ქონებებში უხეში ჩარევა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ქვეყნის პირველი მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ზეწოლის მსხვერპლია. სახალხო დამცველს აკრიტიკებენ რადგან, მან ციანიდის საქმეზე თქვა, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულდა. ჩვენს ქვეყანაში სიმართლის დამტკიცება და თვისუფლების მიპოვება ბერა ივანიშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსზეა დამოკიდებული. ჩვენ გვყვავს მთავარი პროკურორი, რომელიც უკანონოდ და უსამართლოდ დასჯილი ბატონი გვიჩიანის და ასევე მოლაშვილის ბრალმდებელი იყო.

ბრალდების მხარეს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რომ საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და ეს რომ საზოგადოებისთვის არ იყოს ცნობილი, ამისთვის სურს დახუროს სასამართლო სხდომები. ზემოაღბიშნულიდან და ჩემს ირგვლივ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უნდობლობას ვუცხადებ ქართულ მართლმსაჯულებას, რის გამოც პროტესტის ნიშნად ვტოვებ სასამართლო დარბაზს. თქვენ კი პატივცემულო კოლეგია, გისურვებთ განაჩენის მიღების ჟამს, ჭეშმარიტი მსაჯულის - უფალი იესო ქრისტეს თანაგრძნობას, რათა ხელისუფალის თუ ფარისეველთა ზეწოლითა თუ თანამდებობის დაკარგვის შიშის გამო მოსამართლე ბუგიანიშვილის მსგავსად, ანგარებით არ იძალადოთ კანონზე და უკანონო განაჩენი არ გამომიტანოთ", - განაცხადა დეკანოზმა მამალაძემ.

მამალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არავის მკვლელობას არ გეგმავდა.

"არ შემიძლია გულისტკივილი არ გამოვხატო ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენელთა უპასუხისმგებლო განცხადებების გამო. დღეს თქვენ იწყებთ სააპელაციო სარჩელის განხილვას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და მთავარმა პროკურატურამ დამკვეთთა ნებასურვილისამებრ შექმნეს. საქმის შესწავლისას ნახავთ დაკითხულ 100-ზე მეტ მოწმეს და გამოკვლეულ 11 ტომ მტკიცებულებებს, სადაც არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მე ვინმეს მკვლელობას ვგეგმავდი და არც მტკიცებულება არსებობს ამისა. თვით საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ არაა დარწმუნებული, მზადდებოდა თუ არა დანაშაული. ის უბრალოდ ვარაუდობს ამას. ვიღაცის ვარაუდებზე ასეთი მძიმე ბრალი და სასჯელი გაგონილა?! ბრალდება ამტკიცებს, რომ მე მქონდა ციანიდი, რომელიც თითქოსდა ჩემს ჩანთაში აღმოაჩინეს. ეს სიცრუეა, რადგან მე ის ავადსახსენებელი ნივთიერება არ მქონია, თუმცა მე არ უარვყოფ, რომ ამ ნივთიერებით ვიყავი დაინტერესებული, რადგან ის შორენა თეთრუაშვილმა მთხოვა. სამწუხაროა, რომ მან ეს ფაქტი უარყო", - განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

ამასთან, მსჯავრდებულმა დეკანოზმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საქმეში ჩართული იყო, მათ შორის მედიას და სახალხო დამცველს დასკვნისთვის.

დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებით, მას უკვე წაყენებული ჰქონდა ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ, როცა მთავარმა პროკურორმა საზოგადოებას პატრიარქის მკვლელობის აღკვეთაზე მიანიშნა.

"რაც შეეხება ამოღებულ ციანიდს, პროკურატურამ ამოღებულ ციანიდზე არ ჩაატარა დნმ-ის და დაქტოლოსკოპიური ექსპერტიზა. სამაგიროდ, ექსპერტიზა ჩაუტარეს ფარატინა ფურცელს, სადაც ეწერა "კალიუმის ციანიდი", რაც კითხვის ნიშნებს ბადებს. არ მოგვეცა შესაძლებლობა მთავარი მტკიცებულების - აეროპორტის ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მოპოვების, რითაც დამტკიცდებოდა სუს-ისა და პროკურატურის უკანონო ქმედებები როგორც ჩემს მიმართ, ასევე ბარგის ამოღებისას. ამ უკანონო მოქმედებების დაფარვის მიზნით, ბრალდებამ აღნიშნული ჩანაწერების ამოღება და საქმეზე დართვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია, მაშინ როცა საქმეს დაურთო ჩემი სახლის გასაღების მეპატრონეზე გადაცემის ვიდეოკადრები. დაკავებიდან მეორე დღეს, 11 თებერვალს წარმიდგინეს ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ. მიუხედავად ამისა, 13 თებერვალს მთავარმა პროკურორმა, შოთაძემ საზოგადოების წინასწარი განწყობის შექმნის მიზნით გააკეთა განცხადება, რომლითაც საზოგადოებას პატრიარქის მკვლელობის აღკვეთაზე მიანიშნა. საზოგადოების წინასწარ განწყობასვე ემსახურებოდა, პროკურატურის მიერ მიმდინარე წლის 8 მარტს, სინოდის სხდომის წინა დღეს, საზოგადოებისთვის დამონტაჟებული მასალების გაცნობა. გაუთქმელობის პირობიდან გამომდინარე შეუძლებელი გახდა დაცვას კონტრარგუმენტები წარმოედგინა", - განაცხადა მამა გიორგი მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ