"საქართველოს პრემიერს მოკითხვა გადაეცით ჩემგან" - აფგან მუხთარლიმ სასამართლოზე თბილისში მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა

"საქართველოს პრემიერს მოკითხვა გადაეცით ჩემგან" - აფგან მუხთარლიმ სასამართლოზე თბილისში მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ სასამართლო პროცესზე თბილისში მისი დაკავების დეტალები გაიხსენა. ამასთან, მუხთარლიმ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით ადრე თუ გვიან პასუხის გაცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწევს.

„სახლთან ახლოს პოლიციის სამმა თანამშრომელმა ძალით ჩამსვა მანქანაში, აეროპორტთან ახლოს ტრასაზე, თავზე ტომარა ჩამომაცვეს და თვალები ამიხვიეს. შემდეგ მეორე მანქანაში გადავჯექით, 1 საათის შემდეგ კი მესამეში. მესამე მანქანაში გადაჯდომიდან 15 წუთის შემდეგ, მომხსნეს ტომარა და აღმოვაჩინე, რომ აზერბაიჯანში ვარ. გზაზე ჩემთან ერთად სამი ადამიანი იყო. ისინი კრიმინალური პოლიციის ფორმებით იყვნენ და ქართულად მესაუბრებოდნენ. წინააღმდეგობა სპეციალურად არ გამიწევია, რადგან მივხვდი, რომ კრიმინალური პოლიციიდან იყვნენ, შემეშინდა ჩემი დეპორტაცია არ მოეხდინათ და წყნარად ვიჯექი მანქანაში.

აზერბაიჯანში მიმდინარე სასამართლოს ვერ დავარქმევთ პროცესს, ეს სპექტაკლია. ჩემი მოტაცების დამკვეთები და შემსრულებლები არსებობენ. საინტერესოა, რომ იმ დღეს თბილისში არც ერთი კამერა არ მუშაობდა. საქართველოს პრემიერს მოკითხვა გადაეცით ჩემგან. მას ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხის გაცემა. კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ყველამ ერთად დაგეგმა და სახელმწიფო დონეზე ჩაიდინა დანაშაული", - განაცხადა მუხთარლიმ.

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალად ედება აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და კონტრაბანდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ