აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მეუღლის კომენტარი

აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მეუღლის კომენტარი

აზერბაიჯანულმა სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ სააგენტო "აპა" იუწყება.

აღსანიშნავია, რომ პროკურორი აფგან მუხთარლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.

ჩვენ აფგან მუხთარლისთან დაკავშირებით სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ვაფასებთ, როგორც აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, წვლილი მიუძღვის აფგან მუხთარლის დაკავებასა და დაპატიმრებაში.

"ეს ორგანიზებული დანაშაული საქართველოში მოხდა და აზერბაიჯანში გაგრძელდა. აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ აფგან მუხთარლის დაპატიმრებაზე", - აღნიშნა მან.

როგორც ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა, "აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საგამოძიებო ჟურნალისტი მოიცილა, შეზღუდა მისი თავისუფლება და ციხეში გამოკეტა".

"მიუხედავად ამისა, მე და ჩემი მეუღლის კოლეგები დაწყებულ გამოძიებებს ბოლომდე მივიყვანთ", - დასძინა მუსტაფაევამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ