შს მინისტრის მოადგილე კლუბ "ბასიანთან" მომხდარ შემთხვევაზე - არ დავუშვებთ პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას

შს მინისტრის მოადგილე კლუბ "ბასიანთან" მომხდარ შემთხვევაზე - არ დავუშვებთ პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სამართალდამცველებმა მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენეს, - ამის შესახებ კლუბ "ბასიანთან" 13 იანვარს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შს სამინისტრო ძალადობის ყველა ფაქტზე შესაბამის რეაგირებას ახდენს.

ხილეთ ვიდეო

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ღამის კლუბ "ბასიანთან" მომხდარი ინციდენტის დროს ჩვენი თანამშრომლის და კლუბის დაცვის 2 წევრის დაჭრის ფაქტს. კერძოდ, ბრალდებულმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს მიმდინარე წლის 13 იანვარს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. ინციდენტის დროს, ბრალდებულმა, ასევე, დაზიანებები მიაყენა კლუბ "ბასიანის" დაცვის ორ თანამშრომელს. საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაიჭრა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, მაშინ, როდესაც თავდასხმის დროს კლუბის ორ თანამშრომელს იცავდა. ჩვენ შესაბამის რეაგირებას ვახდენთ ძალადობის ყველა ფაქტზე. შესაბამისად, კანონით ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ დაზარალებულების, მათ შორის, იმ ადამიანების დასაცავად, ვინც უშუალოდ ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბრალდებულის დაკავება მოხდა დანაშაულის ადგილზე. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სამართალდამცველებმა მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენეს", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "საქმეს ბოლომდე მივიყვან" - "ბასიანის" დაცვის თანამშრომლის დაჭრის შემდეგ გადაღებული ფოტო და კლუბის დაფუძნებლის გამოხმაურება

მისივე თქმით, შს სამინისტრო არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას და პოლიციელის ღირსება და მუნდირი უკომპრომისოდ იქნება დაცული.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ძალადობის ყველა ფაქტზე მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, განურჩევლად იმისა, ვინ არის ბრალდებული პირი. კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას. პოლიციელის ღირსება და მუნდირი უკომპრომისოდ იქნება დაცული", - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ