ადვოკატი - სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გიორგი ჭანტურიას ალიბი აქვს

ადვოკატი - სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გიორგი ჭანტურიას ალიბი აქვს

ადვოკატის მტკიცებით, რუსთავში, ე.წ. "სტამბოლის ბაზრის" დირექტორის, სამსონ ქუთათელაძის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია მკვლელობის მომენტში სხვაგან იმყოფებოდა.

მისივე თქმით, ჭანტურიას ალიბის დადასტურებაზე, როგორც თავად, ისე პროკურატურაც მუშაობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, იმ დროს, როდესაც სამსონ ქუთათელაძე მოკლეს, ჭანტურია ერთ-ერთ ბანკში იმყოფებოდა და სესხს აკეთებდა. მისივე მტკიცებით, დაცვის მხარემ უკვე მიმართა შესაბამის ბანკს, რათა ამოიღონ ჩანაწერები.

"კი ცდილობენ რომ ეს ადამიანი დაუკავშირონ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობას, თუმცა ის მკვლელობის მომენტში სულ სხვა ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მივმართეთ ბანკს, რომ ამოვიღოთ ჩანაწერები. არ დაგვიმალავს, რომ გარდაცვალებამდე სამსონ ქუთათელაძეს შეხვდა, მასთან ისაუბრა და ამ საუბრის მერე დაემშვიდობა და წამოვიდა იქიდან. ამის შემდეგ ჭანტურია მიდის ბანკში და ამ პერიოდში ხდება ეს მკვლელობა. ჩვენ ეს გარემოება მოვახსენეთ გამოძიებას და ისინიც მუშაობენ, რათა გადაამოწმონ ინფორმაცია.

ჯერ კიდევ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნებს და პროკურატურას, რომ ბრალთან დაკავშირებით ჩამოყალიბდნენ. გადმოგვეცა საქმის მასალები, სადაც საუბარია სხვადასხვა პირებზე, რომლებიც გარკვეულ დაპირისპირებაში იყვნენ სამსონ ქუთათელაძესთან და გიორგი ჭანტურიას მიმართ რატომ გაჩნდა ეჭვები, ამასთან დაკავშირებით ჩვენ პასუხები არ გვაქვს, მაშინ როდესაც სხვა ადამიანებს, ბევრად უფრო დიდი მოტივი ჰქონდათ ჩაედინათ მკვლელობა", - განაცხადა კეკენაძემ.

ადვოკატის თქმით, გიორგი ჭანტურია დაკავებულია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის გამო.

"ჭანტურიას სახლიდან ამოღებულია 9 ცალი ვაზნა, რომელზეც მამამისმა მისცა ჩვენება და თქვა, რომ ვაზნები მას ეკუთვნოდა, თუმცა ჭანტურია ჯერჯერობით მაინც რჩება დაკავებული", - განაცხადა ადვოკატმა.

თავის მხრივ, დაკავებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ საუბრობს მისი და, მარიამ ჭანტურია.

"რომ შევიდა ციხეში საშინელი სიტუაცია დახვდა. მასზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა. ჯანმრთელობის მდგომარეობა აშკარად გაუარესებული იყო გუშინ და დღეს რომ შევლენ ადვოკატები, მისი მდგომარეობა ამის შემდეგ გვეცოდინება", - აღნიშნა მარიამ ჭანტურიამ.

გენერალი სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს "სტამბოლის ბაზრობის" ადმინისტრაციის შენობის ოფისში დაცვის თანამშრომელმა გარდაცვლილი ნახა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ექვსი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ბაზრობის ადმინისტრაცია და მოვაჭრეები მკვლელობის ვერსიებზე ვერ საუბრობენ და აცხადებენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ და სავარაუდოდ ის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან არის მოკლული.

ყოფილი პარლამენტარი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე ბოლო წლებში ბიზნეს საქმიანობით იყო დაკავებული. მას შპს "ერთობის" 29% ეკუთვნოდა. გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურიდან ტაბახმელაში, საკუთარ სახლში გვიან ღამითვე გადაასვენეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ