რაზე ისაუბრა პროცესზე 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულმა მომღერალმა, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა

რაზე ისაუბრა პროცესზე 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულმა მომღერალმა, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა

გმირთა მოედანზე მდებარე რესტორან "აღაში" დაბადების დღეზე მომხდარი დაპირისპირების დროს, სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულმა საბა სამუშიამ, რომელიც მომღერალია და რესტორანში ერთ-ერთ სუფრაზე სტუმრად იმყოფებოდა, სასამართლოში შემთხვევის დეტალებზე ისაუბრა. საბა სამუშიას სახეზე დაზიანებები აღენიშნება, რის გამოც მოსამართლე დაინტერესდა, როდის მიადგა მას ეს დაზიანება, რაზეც ბრალდებულმა განაცხადა, რომ მის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

"ეს დაზიანება მომადგა იმ ჩხუბის დროს. არავითარი პრეტენზია სამართალდამცველების მიმართ არ გამაჩნია", - აღნიშნა სამუშიამ.

პროკურორის განმარტებით, სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის დაძაბული ურთიერთობაა და შესაბამისად არსებობს ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ან შესაძლოა, თავად ბრალდებულს დაემუქროს საფრთხე.

როგორც პროკურორმა ნიკოლოზ ნინიძემ სასამართლო პროცესზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენებისას განაცხადა, არსებობს რეალური საფრთხეები, თუკი ბრალდებულის მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება იქნება გამოყენებული. ამასთან პროკურორმა განმარტა, რომ საბა სამუშია წარსულში ნასამართლევია და ამის მიუხედავად მან კვლავ ჩაიდინა დანაშაული.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულ საბა სამუშიას ბრალი სამი მუხლით - 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 118-ე მუხლის მესამე ნაწილით და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი.

117-ე მუხლის პირველი ნაწილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 118-ე მუხლის მესამე ნაწილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო 239-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს ხულიგნობას, ჩადენილს ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ