ვინ არის ქართველი ახალგაზრდა, რომელიც აშშ-ში მოკლული იპოვეს - "თურმე უკანასკნელად ვუყურებდი მის ულამაზეს ღიმილს"

ვინ არის ქართველი ახალგაზრდა, რომელიც აშშ-ში მოკლული იპოვეს - "თურმე უკანასკნელად ვუყურებდი მის ულამაზეს ღიმილს"

აშშ-ში ლუისვილის პოლიციამ ერთ-ერთ ბინაში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვნა, მათ შორის ერთი ქუთაისელი დავით კანდელაკია. როგორც ამერიკული მედია იუწყება, დავით კანდელაკის ოჯახის წევრებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ ის გაუჩინარდა.

დავით კანდელაკი მაიამიში თავის მეუღლეს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეუღლემ პოლიციას მიმართა. პოლიციამ ორი მოკლული ხუთშაბათს აღმოაჩინა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

დავით კანდელაკს მეუღლე და ტყუპი ქალ-ვაჟი, მილანა და ლუკასი დარჩა. როგორც ცნობილია, ამერიკაში მცხოვრები ქართველები ახალგაზრდას სამშობლოში გადმოსასვენებლად თანხებს აგროვებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია "ფეისბუქის" ჯგუფში "ქართველები" ამერიკაში" გავრცელდა.

მოკლულ ახალგაზრდასთან დაკავშირებით ასევე პოსტს აქვეყნებს ქუთაისელი მწერალი და ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი.

"ამერიკის შეერთებული შტატების პატარა ქალაქში, კიდევ ერთ ამერიკელ ახალგაზრდასთან ერთად, ტყვიით მოკლული იპოვეს 31 წლის ქართველი ექიმი დავით კანდელაკი. პოლიცია მუშაობს გაურკვეველ გარემოებაში მომხდარი მკვლელობის გასახსნელად.

ეს - ცივი, ოფიციალური ინფორმაცია.

ჩვენთვის კი...მოულოდნელი, თავზარდამცემი ელდა იმისა, რომ დაიღუპა ჩვენი ულამაზესი, უნიჭიერესი, უკეთილშობილესი, სიცოცხლით სავსე დათო კანდელაკი - დიდი კარიერის საფეხურზე შემდგარი ახალგაზრდა ექიმი, ტყუპი ქალ-ვაჟის მამა, მშვენიერი ნატაშას მეუღლე, საუკეთესო შვილი, ძმა, მეგობარი, ადამიანი, ქუთაისზე შეყვარებული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მეუღლესაც შეაყვარა თავისი მშობლიური ქალაქი, ქართული ტრადიციები, ენა. 

დათომ ქუთაისის სერგეი მესხის სახელობის ჟურნალისტიკის კერძო სკოლა-ლიცეუმი დაამთავრა. ყოველნაირად გამორჩეული, ბრწყინვალე მოსწავლე იყო და, როგორც მის მასწავლებელსა და ლიცეუმის დირექტორს, მეგონა, მალე ჟურნალისტიკაში, ან პოლიტიკაში ხმამაღლა იჟღერებდა მისი სახელი, მან კი სრულიად სხვა არჩევანი გააკეთა: ამერიკაში წავიდა და თავდადებული შრომით, განსაკუთრებული ცოდნისწადილით უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო. სულ ახლახან ლიცენზიაც დაიმსახურა და წინ დიდი პერსპექტივა ჰქონდა. დავით კანდელაკი თავისი ქვეყნის სახე იყო შორეულ ქვეყანაში: კულტურული, განათლებული, კეთილშობილი, ყველასგან პატივსაცემი და დასაფასებელი. მისი ფეისბუკის გვერდი სავსეა იქაური მეგობრების მწუხარე გამოსათხოვარი სიტყვებით.

სულ ახლახან ცოლ-შვილთან ერთად უკანასკნელად იმყოფებოდა ქუთაისში დათო. სამსახურში მეწვია , ბევრი მეფერა, მითხრა, რომ ლიცეუმში მიღებული უნარჩვევები ცხოვრებაში მრავალჯერ დაეხმარა. ბოლოს მოკრძალებით გადმომცა პროფესიული საჩუქარი - პაწია, ძალზე კომფორტული დიქტოფონი...

რას ვიფიქრებდი, რომ ეს დათუნას გამოსათხოვარი ჟესტი იყო... თურმე უკანასკნელად ვუყურებდი მის ულამაზეს ღიმილს! ბევრი ვიტირე, მაგრამ რას შველის ცრემლი ამ ტრაგედიას!.." - წერს ცხვედიანი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ