ახლახან ქართველმა სამართალდამცველებმა ნარკოტრანზიტის ის სქემა გაშიფრეს, რომლითაც სამხრეთამერიკული კოკაინი საქართველოში ხვდებოდა, შემდეგ კი ევროპაში გადაჰქონდათ. კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი, რომელიც ნარკობიზნესს ესპანეთიდან აკონტროლებდა, ამჟამად დაპატიმრებულია.
ნარკომაფიის ლიდერი, ასევე ესპანეთში მყოფი ნუგზარ ბოჭორიშვილი ჯერჯერობით თავისუფალია. როგორც ჩანს, სპეცოპერაცია კვლავ გაგრძელდება და ახალი დამნაშავეებიც გამოვლინდებიან, მათ შორის, როგორც ამბობენ, მაღალჩინოსნებიც.
ჯემალ ჯანაშია, შსს-ს ნარკობიზნესთან ბრძოლის ეროვნული ბიუროს ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი, ექსპერტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:
- ნარკობიზნესთან ბრძოლის პირველი დანაყოფი 1983 წელს შეიქმნა. ერთ-ორ გრამ ოპიუმს თუ ამოვიღებდით, დიდი სენსაცია იყო. ნარკოდანაშაულით განთქმული იყო თბილისი, ზუგდიდი და ქუთაისი. 1996 წელს თურქ სამართალდამცველებთან ერთად ჩვენმა ოპერატიულმა ჯგუფმა სტამბოლში ევროპაში გასატანად გამზადებული 1000 კგ ჰაშიში და 200 კგ ოპიუმი დააკავა. ნარკოტიკის უკანონო ბრუნვამ 1990-იანი წლების შემდგომ იფეთქა და სერიოზულ მასშტაბს მიაღწია.
- რამ განაპირობა საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის ხელსაყრელი გარემოს შეიქმნა?
- ლიბერალიზაციამ, საზღვრების გახსნამ, კონფლიქტურმა სიტუაციებმა და სამოქალაქო ომმა მძლავრი იმპულსი მისცა ნარკოტიკების გავრცელებას, ფაქტობრივად, ვერც ერთ საზღვარს ვერ ვიცავდით. ნარკოტიკები საქართველოში უმეტესად მეზობელი ქვეყნებიდან მიზანმიმართულად შემოდიოდა. თავდაპირველად პანკისის ხეობა გახდა ნარკოტიკების რეალიზაციის ერთ-ერთი ცენტრი, სადაც ნარკოტიკი ჩეჩნეთიდან შემოდიოდა.
ჩეჩნეთში ჯერ კიდევ დუდაევის დროს მუშაობდა ფორმულა: ნარკოტიკები - იარაღი. ნარკოტიკები გადიოდა ევროპაში და იცვლებოდა იარაღზე. 1995 წელს აშშ-ში, გამოძიების ფედერალური ბიუროს მომზადების ცენტრში ამერიკელმა კოლეგებმა მითხრეს, გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია, რომ საქართველოს ნარკოტიკების გადაზიდვისთვის ტრანზიტულ სივრცედ იყენებენო, ანუ უკვე გზებს ითვისებდნენ. ნარკობიზნესს ასეთი რამ ახასიათებს:
როდესაც ნარკოტრასას აყალიბებენ, პატარა პარტიებს უშვებენ საცდელად, რომ გაარკვიონ სუსტი წერტილები ახალ ვექტორზე, ახალ კონტრაბანდულ ტრასაზე, სწავლობენ მათ და მაქსიმალურად იყენებენ შემდგომში. ასევე იზიდავენ ახალ კადრებს, - ვის შეიძლება ენდონ და ეძებენ დასაყრდენს ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ სტრუქტურაში.
- ნარკობიზნესის განვითარება ხელისუფლებისა და სამართალდამცველების ლობირების, ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, "კრიშის" გარეშე შეიძლება?
- ისეთ ქვეყნებში, სადაც იხვეწება კანონმდებლობა, ნარკომანიასთან ბრძოლის ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება საერთაშორისო დონეს. საერთაშორისო ნარკობიზნესის წარმომადგენლები ამას იყენებენ და როდესაც ხვდებიან, ამ ტერიტორიაზე სუსტი წერტილები არსებობს, სულ არ თვლიან საჭიროდ, ვინმეს გაენდონ და "კრიშები" იპოვონ, თუმცა გამორიცხვა არაფრის შეიძლება.
- ამბობენ, შაქრო კალაშოვს, რომელიც საქართველოს ნარკოტრასას ესპანეთიდან აკონტროლებდა, აქ სერიოზული დასაყრდენი ჰყავდა...
- ნარკოტრასას ძალოვანი სტრუქტურები რომ "კრიშავდნენ", რატომ გამოააშკარავებდნენ მას? ჯერჯერობით არ იკვეთება ის, რომ კალაშოვს საქართველოს ხელისუფლებასა და სამართალდამცველ სტრუქტურაში კონკრეტული დასაყრდენი ჰყავდა, პირიქით - ხელისუფლება ცდილობს, მის ექსტრადიციას და იმის გარკვევას, როგორ მუშაობდა და რა კავშირები ჰქონდა მას საქართველოში. როცა კალაშოვს საქართველოში გადმოიყვანენ, ყველაფერი გაირკვევა. ჩემ მიერ მოძიებული მასალების მიხედვით, კალაშოვი არის ამ საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მას კავშირი ჰქონდა იმ პირებთან, რომლებიც საქართველოში დააკავეს, მაგრამ უცნობია, ვისთან ჰქონდა კავშირი ესპანეთში მყოფ ნუგზარ ბოჭორიშვილს.
- როგორ ფიქრობთ, მოხერხდება კი საქართველოში მისი ექსტრადირება?
- კალაშოვს გაცილებით მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომ საერთაშორისო სისხლის სამართლის ნორმებისა და კონვენციების შესაბამისად, შესაძლებელია საქართველოში მისი ექსტრადირება.
- აღნიშნული ნარკოტრასა მას შემდეგ გაიშიფრა, რაც ევროკავშირმა საზღვრების დაცვის ღონისძიებები გაამკაცრა, ამას დაემთხვა ორი თვის წინ ამერიკის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს შეფის, რობერტ მიულერის ვიზიტიც საქართველოში...
- ამ წარმატებულ ოპერაციას, რომელიც საქართველოს სამართალდამცველებმა დამოუკიდებლად ჩაატარეს, დიდი მნიშვნელობა აქვს. ამერიკელების მიზანია, ებრძოლონ ნარკობიზნესს, ვიდრე ნარკოტიკი მათ ქვეყანაში შევა.
ამერიკელებს ჯერ კიდევ 1995 წელს სურდათ თბილისში ცენტრის გახსნა და იქ მათი მომზადებული ოფიცრის დასმა, რათა მას მიეღო ინფორმაცია, მიდიოდა თუ არა უკანონო ტვირთები ამერიკისკენ. ამერიკელებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სამხრეთ კავკასიას იყენებდნენ ამერიკასა და ევროპაში ნარკოტიკის შესატანად.
- როგორც ექსპერტი, რას იტყვით, როდიდან ამუშავდა ეს ნარკოტრასა და ამ დანაშაულებრივი ჯაჭვის ყველა რგოლია აღმოჩენილი?
- ჩვენთვის ფოთის ეპიზოდიდან ყველაფერი ცნობილია, მაგრამ უცნობია საწყისი რგოლი, - როგორ მოხვდა ბოლივიიდან, პერუდან და პანამიდან ნარკოტიკი ჩვენთან, ჯართთან ერთად გემში როგორ ჩატვირთეს და როგორ ჩამოვიდა ფოთში, ამის გარკვევა უკვე საერთაშორისო სამართალდამცავი სტრუქტურების ვალია.
ჩემი აზრით, ეს ჯგუფი სამი წელიწადია მუშაობს. დამნაშავეთა ჯგუფი უკვე თავხედურად და თავდაჯერებულად მოქმედებდა. ევროკავშირი აუცილებლად გამოუყოფს საქართველოს სახსრებს და დაიწყებს ქართველი სამართალდამცველების დამატებით წვრთნას, იმისათვის, რომ საქართველოდან მათ ტერიტორიაზე არ მოხვდეს ნარკოტიკები. ეს ევროკავშირის, ასე ვთქვათ, თავდაცვითი იმუნიტეტია, ევროპა არ დაუშვებს, ვიღაცამ მის ტერიტორიაზე ნარკოტიკები შეიტანოს.
დარწმუნებული ვარ, თუ ასეთი "კრიშა" არსებობს საქართველოში რომელიმე მაღალჩინოსნის სახით, მის მიმართ უმკაცრეს ზომებს მიიღებენ. ამაზე არც თურქეთი და საბერძნეთი დახუჭავს თვალს.
- ბრძანეთ, ეს სქემა დიდი ხანია არსებობდაო. თქვენი აზრით, აქამდე რატომ არ მოხერხდა მისი გამოვლენა?
- ნარკომაფიას აქვს დიდი ლატენტურობა, ანუ დაფარული, გამოუვლინებელი დანაშაულია, - ორივე მხარე, მომხმარებელიც და მიმწოდებელიც მალავს ამას, - ერთი იმიტომ, რომ მოგება ნახოს, მეორე იმიტომ, რომ ნარკოტიკების წყარო არ გამოაშკარავდეს. ამიტომაც არავის ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის ჯართში იყო დამალული, თუმცა პროფესიონალიზმი იმას ნიშნავს, რომ ნარკოტიკი იქ უნდა ეძებო, სადაც ვერ წარმოგიდგენია, რომ იყოს.
გამშვებ პუნქტებში მომუშავე მებაჟეების არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს ის გარემოება, რომ ისინი არ დაინტერესებულან, რა უნდოდა საქართველოში კოლუმბიურ ჯართს, როცა ჯართი საქართველოდან გადის? ასეთი საქმის გახსნას თვეები სჭირდება, - უნდა დააზუსტო ოპერატიული ინფორმაცია, შემდეგ დაგეგმო ღონისძიება, ბოლომდე მიიყვანო და თან ისე, რომ მტკიცებულებები შეგრჩეს ხელში. მე, როგორც პროფესიონალი, კმაყოფილი დავრჩი ამ ოპერაციით. ეს საქმე კონტროლზეა აყვანილი ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს, ევროკავშირისა და ინტერპოლის მიერ.
- ბატონო ჯემალ, რა ღირს ერთი გრამი ელიტურ ნარკოტიკად წოდებული კოკაინი და დაახლოებით რამდენი მზადდება ყოველწლიურად?
- კოკას, ანუ კოკაინის ძირითადი ცენტრი პერუ, ბოლივია და კოლუმბიაა. ანდების მთების სისტემა 2000 კმ-ზეა გადაჭიმული და მცენარე კოკას ბუჩქები მთის კალთებზეა შეფენილი. ვიტამინებით უმდიდრესი მცენარე სამხრეთამერიკელების კულტურის განუყოფელი ნაწილია და ადგილობრივი მოსახლეობა მას მხნეობის მოსამატებლად ღეჭავს. კოლუმბიელი არასდროს გახდება ნარკომანი.
კახელ გლეხს 10 ტონა ღვინო აქვს მარანში, მაგრამ ლოთი არ არის, ასევეა კოლუმბიელიც, რომელსაც აქვს მისი მოხმარების კულტურა. კოკაინი ყველაზე ძვირად ღირებული ნარკოტიკია და მას მხოლოდ შეძლებული ადამიანები მოიხმარენ, მაგალითად, ჰოლივუდელი ვარსკვლავები... ერთი გრამი კოკაინი 150-200 დოლარი ღირს. წელიწადში დაახლოებით 4 ათასი ტონა ოპიუმი მზადდება ავღანეთში, 2 ათასი ტონა კოკაინი სამხრეთ ამერიკაში და როგორ გგონიათ, სად მიდის? აქ კოლოსალურ თანხებზეა ლაპარაკი...
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)