კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:59 / 24-06-2010
თვითმმართველობების ბიუჯეტის ნაწილი პოლიციას ხმარდება
რაიონებში თვითმმართველობების ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი პოლიციას ხმარდება. კონკრეტულად რაში გამოიყენება ეს თანხა გაუმჭირვალეა, ვინაიდან ხარჯვა არაფინანსურ აქტივებშია გაწერილი, რომლის გაშიფვრა არ ხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით რეგიონალურმა ჟურნალისტებმა საკმაოდ საინტერესო ფაქტები აღმოაჩინეს თუ როგორ იზრდება გაუმჭირვალე ფინანსური აქტივები და როგორ დადიან კუდ-ის თანამშრომლები თვითმმართველობების ბიუჯეტით ნაყიდი მანქანებით.

გაზეთ "ქართლის ხმის" ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ცენტრალური ბიუჯეტიდან ინტენსიურად ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მისი "თანადაფინანსების მასშტაბი სულ უფრო და უფრო სერიოზულ სახეს იძენს. "ქართლის ხმა" შეეცადა გაერკვია - რაში სჭირდება დამატებითი "ადგილობრივი" დაფინანსება პოლიციას და რაში დაიხარჯა ეს ფული ბოლო წლების (2008-2009 წლის) განმავლობაში.

ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ქარელის პოლიციისთვის 2008 წელს - 49 812 ლარი გაიხარჯა. აქედან, 32 547 ლარი არაფინანსური აქტივებია. აქედან გამომდინარე, უცნობი დარჩა თუ რაზე დაიხარჯა ეს 32 547 ლარი, თუმცა დანარჩენი 17 264 ლარი ქარელის პოლიციის შიდა საქალაქო, საქალაქთაშორისო ტელეფონების, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და გათბობის მიზნით შეშის შეძენის ხარჯებშია გაწერილი.

ქარელის მუნიციპალიტეტმა, დაახლოებით, იგივე თანხა 49 965 ლარი 2009 წელსაც გაითვალისწინა. ოღონდ ამჯერად არაფინანსური აქტივები გაზარდა, რომელმაც 47 965 ლარი შეადგინა. სამაგიეროდ, მხოლოდ 2 000 ლარი მგამოყვესს ტელეფონის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მოხმარებისთვის. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არაფინანსურ აქტივებში პოლიციის განყოფილებები ავტომანქანებს და სხვა ტექნიკურ საშუალებებს იძენენ, თუმცა დიდი მცდელობის მიუხედავად, ეს ინფორმაცია საჯარო არ გამხდარა.

ხაშურის ბიუჯეტიდან, 2008 წლის მონაცემებით, პოლიციისთვის 122 200 ლარი იყო გათვალისწინებული, მაგრამ რეალურად ცოტა ნაკლები თანხა - 121 500 ლარი გახარჯეს. რაც შეეხება ოფისის ხარჯებს, 2008 წელს ხაშურის გამგეობამ 14 500 ლარის ოფისის ხარჯები - სავარაუდოდ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, საქალაქო თუ საერთაშორისო ტელეფონის მომსახურების თუ გათბობის ხარჯები გაიღეს.

ხაშურის პოლიციამ თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო თანხა - 18 000 ლარი მიიღო. არაფინანსურმა აქტივებმა კი 89 700 ლარი შეადგინა. ჩვენ ხაშურის მაგალითზეც ვერ შევიტყვეთ, რას გულისხმობდნენ ხაშურში არაფინანსურ აქტივებში.

სამაგიეროდ, 2009 წელს ხაშურის ბიუჯეტიდან პოლიციის ხარჯები შემცირდა და დაზუსტებულმა გეგმამ 72 630 ლარი შეადგინა. რეალურად გაიხარჯა 200 ლარით ნაკლები თანხა. ხაშურიდან გვაცნობეს, რომ გასულ წელს პოლიციამ თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი ოფისის ხარჯებში გაწერა, რამაც 40 515 ლარი შეადგინა. ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა-პატრონობამ მხოლოდ 1000 ლარი. არ დავიწყებიათ "არაფინანსური აქტივები" - 31 115 ლარი.
ასევე "სიტყვაძუნწი" აღმოჩნდა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა. მათი ინფორმაციით, 2009 წელს შსს დაქვემდებარებულ უწყებებისთვის რეალურად 189 582 ლარი, ხოლო 2010 წელს 126 805 ლარი გამოიყო. ამაში შედის არაფინანსური აქტივებიც.
ასე მაგალითად, 2008 წელს გორის პოლიციის ოფისის ხარჯები (ტელეფონები, გათბობა, ელექტროენერგია და სხვა კომუნალური გადასახადები) 25 200 ლარს შეადგენდა, 2009 წელს - 20 300 ლარს, ხოლო მიმდინარე წლის განმავლობაში 70 000 ლარია გათვალისწინებული. ადგილობრივი პოლიციის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის ხარჯები მხოლოდ 2008 წელს იყო გათვალისწინებული.
შარშან და მიმდინარე წელს გორის პოლიციაში ამისთვის თანხებს აღარ მიიღებენ.

სამაგიეროდ, არაფინანსური აქტივები გორის პოლიციისთვისაც მაღალია. 2008 წელს იყო 117 400 ლარი, 2009 წელს - 170 700 ლარი, ხოლო 2010 წელს - 130 000 ლარს შეადგენს. "არაფინანსურ აქტივებზე" გორის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსს ფრიდონ აფრიამაშვილს იგივე პასუხი აქვს, როგორც ყველა მუნიციპალიტეტში. "ეს ახალი ტერმინია და ნიშნავს კაპიტალის შეძენას, ანუ 500 ლარის ზემოთ ღირებული ქონების შეძენას", - ამბობს ფრიდონ აფრიამაშვილმა.

გორის საკრებულოს წევრი და ამავე დროს ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი თემურ აფხაზაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი პრაქტიკა საქართველოში ვანო მერაბიშვილის გამინისტრების შემდეგ დამკვიდრდა.

"გორის ბიუჯეტი არის ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ფონდი. 2009 წლის ბიუჯეტიდან პოლიციის ახალი შენობის წინ სკვერის გასაკეთებლად 128,2 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. რა სკვერია ასეთი მართლაც 128,2 ათასი ლარი დაჯდა თუ არა ეს კიდევ სხვა თემაა. რამდენიმე დღის წინათ საფინანსო, საბიუჯეტო და საინვესტიციო კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელსაც დავესწარი. გამეცინა - გინამუსიათ და პოლიციის ხარჯები შეგიმცირებიათ-მეთქი (რა თქმა უნდა პოლიციის დაფინანსება უკანონოა)", - ამბობს იგი.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი 2008 წლის ბიუჯეტში ჩოხატაურის პოლიციის რაიონული სამმართველოსა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეოთხე ქვეგანყოფილების დაფინანსებისთვის 65 ათასი ლარი გაითვალისწინა.
გაზეთ "გურია ნიუსის" ინფორმაციით, 2009 წელს კი მათი დაფინანსება 69400 ლარამდე გაზარდა. აღნიშნული თანხით სამართალდამცავებისთვის ოფისი სხვადასხვა ინვენტარით უნდა აღეჭურვათ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ერთი კვირის წინ მოგვაწოდა, მაგრამ ხელშეკრულებები, რომლებიც მან სხვადასხვა ინდმეწარმეებთან სხვადასხვა სახის მომსახურებისთვის დადო, აღნიშნულ თანხაზე 2-ჯერ ნაკლებია. მეტიც, მაღალჩინოსნების მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ხელშეკრულებები, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონთან წინააღმდეგობაში მოდის.

2008 წლის 25 სექტემბერს ჩოხატაურისა და ლაჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლები მამუკა დოლიძე და გიორგი გოგუაძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დასავლეთის რეგიონული სამმართველოსთვის, ხულოს რაიონის სოფელ წაბლაში მცხოვრებ ემზარ შაინიძისგან 1996 წელს გამოშვებულ "ოპელ-ვექტრა ბ" (სედანი) აწე-904-ს ყიდულობენ. ამისთვის მიმწოდებელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა - 3300, ხოლო ჩოხატაურის გამგეობა 5000 ლარს ურიცხავს.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ამ მანქანით კუდის თანამშრომელი ირაკლი ანდღულაძე გადაადგილდება. კარგ მდგომარეობაში მყოფი "ოპელ-სედანის" ფასი 3000-4500 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ბიუჯეტის გადასახდელების დასახელებაში არსად არ არის მითითებული, რომ კუდ-ს მანქანა ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა შეუძინონ.

მარიამ ხიდაშელი
გაზეთი ”რეზონანსი”
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი სიახლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:44 / 21-10-2014  Image დათა ახალაიას მეუღლის პირველი ინტერვიუ პირად ცხოვრებასა და ოჯახურ სირთულეებზე
+PHOTO: "8 თვის ორსული ვიყავი, და ამან კიდევ უფრო გამიმძაფრა ტკივილი"
18:03 / 21-10-2014  Image მდიდრული აპარტამენტი და თვითმფრინავი ღარიბაშვილისა და მისი მეუღლისთვის? - ნადირაშვილის ბრალდება და ფოტოები
+12 PHOTO: ნადირაშვილი გაეროში ქართული დელეგაციის ვიზიტზე დახარჯულ თანხებს ასახელებს
16:06 / 21-10-2014  Image "დღევანდელი ქალების 99% საცემია"
(+VIDEO) "ახალი გაზეთის" გამოკითხვაში ერთ-ერთმა ქალბატონმა უჩვეულო მოსაზრებები
10:36 / 21-10-2014  Image ავეჯის ბაზრის ლიდერ "ვერონაში" უცვლელი მხოლოდ ცვლილებებია
2014 წლის შემოდგომის სეზონისთვის იტალიური ავეჯის
15:54 / 21-10-2014  Image ნუკი კოშკელიშვილი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა...
''არადა აგერ ახლა დავტოვე საავადმყოფო''