"მაზავშიკობა" - აზარტული თამაში თუ გზა სიცოცხლიდან სიკვდილამდე

"მაზავშიკობა" - აზარტული თამაში თუ გზა სიცოცხლიდან სიკვდილამდე

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მიმართ ცხადია, საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდი იყო, მაგრამ თითოეულ მატჩს განსაკუთრებული ემოციით ტოტალიზატორში შეკრებილი აზარტული ადამიანები ადევნებდნენ თვალ-ყურს, რომლებსაც ამა თუ იმ გუნდზე ფსონი ჰქონდათ დადებული. მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეებს იმედები ხშირად უცრუვდებათ, ვინაიდან თამაშის შედეგის წინასწარ განსაზღვრა იოლი არ არის, ფარ-ხმალს მაინც არ ყრიან და იმ იმედით, რომ მორიგი მატჩისას გაუმართლებთ, თამაშს აგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ ბევრ მოთამაშეს ტოტალიზატორში დასადები ფულიც არა აქვს და აქედან გამომდინარე, ასეთი გამოსავალი იპოვეს - "პოსლეზე" თამაშობენ. პირობა ასეთია: მოქალაქე ე.წ. "მაზავშიკთან" სიტყვიერ გარიგებას დებს ანუ სასურველ გუნდზე სასურველ ფსონს "ჩამოდის". მოგების შემთხვევაში "მაზავშიკი" ვალდებულია, მას თანხა გადაუხადოს, ხოლო წაგების შემთხვევაში მოთამაშემ დადებული პირობა უნდა შეასრულოს და წაგებული თანხა გადაიხადოს. თუ "მაზავშიკი" ვერ გენდობა, არ გათამაშებს, ამიტომ ხშირად, თურმე, ადამიანები "მაზს" შუამავლების მეშვეობით დებენ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა შუამავალს ეკისრება.

თუ რატომ გაიზარდა "მაზავშიკების" რიცხვი და რით სჯობია ხელზე "გამაზვა" ტოტალიზატორში თამაშს, ამის შესახებ ერთ-ერთი ტოტალიზატორის მეწილე გვესაუბრება, რომელმაც ბოლო დროს ფინანსური პოლიციისა და შს სამინისტროს თანამშრომლების ტოტალიზატორებით დაინტერესების გამო, საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

გიორგი, 43 წლის:

- ყველასთვის ცნობილია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატების დროს ნებისმიერი ფეხბურთის მოყვარული ადამიანი ტოტალიზატორს სტუმრობს, აზარტული მოთამაშეები კი ამ დროს განსაკუთრებით აქტიურდებიან. ე.წ. "მაზავშიკები" საქართველოში მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც, ყოველთვის იყვნენ. ვერც ერთი ტოტალიზატორის წარმომადგენელი ვერ იტყვის, რომ მათთან მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა მერწმუნეთ, ყველანი ვცდილობთ, "მაზაობაში" შემჩნეული ადამიანები ტოტალიზატორის ტერიტორიიდან გავიყვანოთ. სამწუხაროდ, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისათვის "მაზავშიკების" რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და ამას ხელი თავად ფინანსურმა პოლიციამ შეუწყო. ყველასთვის ცნობილია, რომ ბევრი თამაში "გატყდა" ანუ რამდენიმე მატჩისას ფავორიტმა გუნდებმა ვერ მოიგეს და თამაში ტოტალიზატორებისთვის სასარგებლო შედეგით დასრულდა.

რა თქმა უნდა, ამით სათამაშო ობიექტებმა დიდი მოგება ნახეს და ამიტომაც, ფინანსურმა პოლიციამ აბსოლუტურად ყველა ტოტალიზატორში ერთდროულად სამოქალაქო ფორმაში გადაცმული ორ-ორი თანამშრომელი შეუშვა, რომლებიც დარბაზში ისხდნენ და ხელით იწერდნენ ყველა დადებულ თანხას. ტოტალიზატორის წარმომადგენლებმა ეს შენიშნეს და კუშები დაწიეს, აზარტულ ადამიანებს კი დაბალ კუშებზე თამაში არ უღირდათ, ამიტომ "მაზაობის" ხერხს მიმართეს. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ტოტალიზატორი რამდენიმეათასიან ფსონს არ იღებდა, კუშების დაწევამ მოთამაშეების რიცხვი მაინც, საგრძნობლად შეამცირა. ამ ამბის შემდეგ ფინანსური პოლიცია უკვე ყველა ტოტალიზატორში ოფიციალურად შევიდა და მათი შემოწმება დაიწყო...

მართლაც, სიტყვიერად დადებული ფსონები ტოტალიზატორში დადებულ ფსონებთან შედარებით დიდია და სწორედ მეტი თანხის მოგების იმედით, სამწუხაროდ, ადამიანები უპირატესობას "მაზავშიკებთან" თამაშს ანიჭებენ და ხშირად, ძალიან დიდ თანხასაც აგებენ. ვინაიდან სიტყვის შესრულება აუცილებელია, ხშირად, წაგებულს უწევს მანქანის, სახლის გაყიდვა. თუმცა, ზოგიერთი იმხელა თანხაზე თამაშობს, რომ წაგებულის ასანაზღაურებლად ბინისა და მანქანის გაყიდვაც არაა საკმარისი, ამას კი ცხადია, ქუჩური გარჩევები მოსდევს. ძალოვანთა მტკიცებით, მსგავს გარიგებებს უმეტესად, ზიანი მოაქვს.

ადამიანებს თანხის გადახდა უჭირთ და იძულებულნი ხდებიან, ფულის საშოვნელად სხვადასხვა გზას მიმართონ. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პერიოდში საგრძნობლად იმატა ქურდობამ, ქუჩურმა გარჩევებმა, სხეულის დაზიანებებმა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ხშირად, სიცოცხლეს თვითმკვლელობითაც ასრულებენ. ჩავლილი მსოფლიოს ჩემპიონატის დროს სუიციდის ოთხი ფაქტის შესახებ შევიტყვეთ. რასაკვირველია, გარდაცვლილების ოჯახებს ამ ამბავთან დაკავშირებით ლაპარაკი არ სურთ, ამიტომაც, ინტერვიუსთვის მათ მეგობრებს მივმართეთ.

ნიკა, 28 წლის:

- გლდანში ვცხოვრობ. ნოდარი ჩემი მეგობარი იყო. პირადად მე, ტოტალიზატორით არასოდეს დავინტერესებულვარ და ერთ ლარზეც კი არ მითამაშია. რაც შეეხება ნოდარს, ის წლების განმავლობაში თამაშობდა, თუმცა ზუსტად ვიცი, ბევრი არასოდეს წაუგია. 28 წლის სიმპათიური ბიჭი იყო, კარგი სამსახური ჰქონდა და არც გოგონების ყურადღება აკლდა. ცოლის მოყვანას არ ჩქარობდა. ამბობდა, - ვიდრე დრო მაქვს, გავერთობი, ცოლ-შვილს კი მერეც მოვესწრებიო. მას უზარმაზარი კერძო სახლი ჰქონდა, რომელიც 250 ათას დოლარად იყო შეფასებული. ერთადერთი გათხოვილი და ჰყავდა და შესაბამისად, მშობლების მთელი ქონება მისი იყო. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა, რომ "ხელზე გაემაზა".

თურმე, გერმანია-არგენტინის თამაშზე, ფსონი არგენტინის სასარგებლოდ გააკეთა და წაგების შემთხვევაში, "მაზავშიკს" მთელ თავის ქონებას დაჰპირდა. სიმართლე გითხრათ, ისიც არ ვიცი, ვის დაენაძლევა, რადგან ამ წრეში არავის ვიცნობ. თამაში "გატყდა" და გერმანიამ არგენტინას 4:0 მოუგო, ე.ი. ნოდარმა მთელი ქონება წააგო. იმ დღეებში არ დამკონტაქტებია და არც მისი ასავალ-დასავალი ვიცოდი. მერე მითხრეს, რომ მაღალსართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა და მხოლოდ ამ ფაქტის მერე გახდა ჩემთვის ცნობილი, თუ რატომ მოიკლა თავი. ოჯახის წევრები და მეგობრები შოკში ვართ. ნოდარს ისე უყვარდა სიცოცხლე, ისეთი ლაღი და მხიარული ადამიანი იყო, ვერც კი წარმოვიდგენდი, ცხოვრებას თვითმკვლელობით თუ დაასრულებდა...

არჩილი, 22 წლის:

- გიო ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. ბაღშიც ერთად დავდიოდით, სკოლაშიც და მერე ინსტიტუტშიც ერთ ფაკულტეტზე მოვეწყვეთ. მართლა განუყრელი მეგობრები ვიყავით. სპორტი ორივეს ბავშვობიდანვე გვიყვარდა, უპირატესობას კი ფეხბურთს ვანიჭებდით. ტოტალიზატორში როგორ არ ვთამაშობდით, მაგრამ 10 ლარზე მეტი არასდროს დაგვიდია. განსაკუთრებით, ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ვაქტიურობდით. უსაქმურები ნამდვილად არ ვიყავით. მართალია, სტაბილური სამსახური არ გვქონდა, მაგრამ ვცდილობდით, პატარა ბიზნესი წამოგვეწყო - ბოლო პერიოდში ამ საქმიანობით ვიყავით დაკავებულები, საღამოობით კი ჯერ რომელიმე ტოტალიზატორში შევიდოდით, ფსონს ვაკეთებდით, მერე ბარში ვსხდებოდით და ფეხბურთს დიდ ეკრანზე ვუყურებდით. ერთი-ორჯერ 100 ლარამდე მოვიგეთ კიდეც.

გიო იტალიელების გულშემატკივარი იყო. წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიამ რომ გაიმარჯვა, სიხარულით ჭკუაზე აღარ იყო, მე კი გერმანიას ვქომაგობდი. ჯგუფურ ეტაპზე, იტალია-სლოვაკეთის თამაშისას, ოჯახში პატარა პრობლემა მქონდა და გიო ტოტალიზატორში სხვა მეგობართან ერთად წავიდა. არ ვიცი, იქ რა მოხდა ან რატომ გადაწყვიტა, რომ "ხელზე გაემაზა". როგორც მითხრეს, თურმე, ვიღაც ტიპები ეუბნებოდნენ, - ეგ შენი იტალია ჯგუფიდან გავარდებაო. გიოს მათთვის შეუთავაზებია: ნახევარ მილიონზე "გავმაზოთო". თამაში "გატყდა" და ანგარიშით - 2:3 დასრულდა... მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში გიოს ვეღარ ვცნობდი, ისეთ ცუდ ხასიათზე იყო.

თავდაპირველად, ამის მიზეზს არ მიმხელდა, მერე კი ყველაფერი მიამბო. რა თქმა უნდა, ამ ამბავმა საგონებელში ჩამაგდო, თუმცა მეგობარს ვუთხარი, - არ ინერვიულო, პრობლემას მოვაგვარებთ, ფულს როგორმე ვიშოვით-მეთქი. მართალია, გიო შეძლებული ოჯახის შვილი იყო, მაგრამ მის მშობლებს ნახევარი მილიონის ვიღაცისთვის ჩუქება ნამდვილად არ შეეძლოთ. მოგებულ მხარესთან შეხვედრა ვითავე და ფულის ჩასაბარებლად ერთი თვის ვადა ვითხოვე, მაგრამ მითხრეს, - თანხა სამ კვირაში უნდა მოიტანოთო! აღარ ვიცოდი, რა მექნა. ყველა მეგობარი შევაწუხე და ფულის შეგროვება დავიწყე, გიო კი ამ ყველაფერში არ მონაწილეობდა, შინ გამოიკეტა. ერთ დღეს კი ჩვენმა უბნელმა დამირეკა და მითხრა, გიოს თავი მოუკლავსო. თურმე, ავტომანქანით ქალაქის გარეუბანში გასულა და თავი იარაღით მოუკლავს.

გიოს იარაღი არ ჰქონდა და ჯერ გაურკვეველია, სად იშოვა. ამ ფაქტმა შემაძრწუნა. არათუ ტოტალიზატორს აღარ გავეკარები, ფეხბურთის არც ერთ მატჩსაც აღარ ვუყურებ... გიო პატარა ბიჭი იყო და შეიძლება, სუსტი ნებისყოფა ჰქონდა, მაგრამ ახლა კიდევ ერთი მსგავსი ფაქტის შესახებ შევიტყვე: ერთ-ერთი ჩვენი უბნელი, 42 წლის კაცი, რომელიც საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, თურმე ძალიან აზარტული ყოფილა. მას ჩვენს უბანში ბინა გაუყიდია, რათა სახლი უკეთეს უბანში შეეძინა, მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძლო, მთელი ფული "გამაზა" და წააგო. გამწარებულს ჯერ ორი ბოთლი არაყი დაულევია, მერე კი თურმე, ქამარზე ლიმონკა დაიკიდა და თავი აიფეთქა. მოკლედ, მსოფლიოს ჩემპიონატმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ახლა ისიც შევიტყვე, რომ თურმე, ყველა ტოტალიზატორში ფინანსური პოლიციაა შესული და ყველაფერს ამოწმებს. ძალიან გამიხარდება, თუ ამ დაწესებულებებს დახურავენ და ხალხს თამაშის საშუალებას აღარ მისცემენ...

ციალა, 54 წლის:

- ნიკუშა ჩემი მეგობრის შვილი იყო და შესაბამისად, ჩვენი შვილებიც მეგობრობდნენ. ორივე დედამ ვიცოდით, რომ ბიჭები ტოტალიზატორში დიდ თანხაზე თამაშობდნენ, მოგვიანებით კი "მაზაობაც" დაიწყეს. ამის გამო, გაწამებულები ვიყავით და ოჯახში რაც კი ღირებული რამ გვქონდა, ყველაფერი გავყიდეთ. ბოლოს ნიკუშას 300 ათასი ლარი წაუგია. ბიჭს უკვე იმდენი ვალი ჰქონდა, რომ ამ თანხის შოვნას ვერ შეძლებდა და თავისი ჭკუით, მარტივი გამოსავალი იპოვა - თავი ჩამოიხრჩო. ჩემმა შვილმაც წააგო 100 ათასი დოლარი და უკვე მეშინია, მანაც რაიმე არ აუტეხოს საკუთარ თავს. დავპირდი, - კრედიტს გამოვიტან და გადაგიხდი-მეთქი, მაგრამ არ ვიცი, ამხელა კრედიტს რომელი ბანკი მომცემს.

ალბათ, ბინის ჩადება მომიწევს... ჩემი აზრით, ჟურნალისტებმა ის ხალხი უნდა მოძებნოთ, ვინც ახალგაზრდებს ამ ბინძურ თამაშში ითრევს, რადგან მათ გამო ზოგმა თავი მოიკლა, ზოგმა ოჯახი დაანგრია, ზოგი კი ციხეში მოხვდა... თვითმკვლელობაზე ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ ამას ისევ ჩემი შვილის გამო ვერ ვაკეთებ - პატრონი ხომ სჭირდება? ეს ერთადერთი შვილი მყავს და უპატრონოდ ხომ არ დავტოვებ?!. ხელისუფლებას ვთხოვ, როგორც კაზინოები დახურა, ისევე დაიხუროს ტოტალიზატორებიც. ახალგაზრდა ბიჭები ვიღაცის ჯიბის გასქელების გამო რატომ უნდა იღუპებოდნენ?!

იმის გასარკვევად, თუ რამდენი "მაზავშიკი" მუშაობს ერთ ტოტალიზატორში, 7 სათამაშო ობიექტი მოვიარე. როცა იქ მომუშავე პერსონალი იგებდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი, მეუბნებოდნენ, - ჩვენთან "მაზავშიკები" ნამდვილად არ არიან, ამას დაცვის მეშვეობით მკაცრად ვაკონტროლებთ და თუ შევნიშნავთ, რომ ვიღაც "ჩალიჩობს", ტოტალიზატორიდან ვაძევებთო. მხოლოდ ერთ-ერთი სათამაშო ობიექტის ოპერატორი, გოგა ესიაშვილი დამთანხმდა ბლიც-ინტერვიუზე.

- სიმართლე გითხრათ, "მაზავშიკების" არსებობის შესახებ მხოლოდ ამ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების შემდეგ გავიგე და ტელევიზიის მეშვეობითაც ვნახე, რომ რამდენიმე "მაზავშიკი" დააპატიმრეს. არა მგონია, რომელიმე ტოტალიზატორს ასეთი ადამიანების მათ ტერიტორიაზე ყოფნა აწყობდეს. ჩვენ გვყავს კლიენტები, რომლებიც ფსონებს ჩვენთან აკეთებენ და მერწმუნეთ, დარბაზში არც ერთი "მაზავშიკი" არ იმყოფება.

- თქვენს ტოტალიზატორში მოსულ კლიენტს მაქსიმუმ, რა თანხის დადება შეუძლია?

- მინიმალური ფსონი 25 თეთრს შეადგენს, მაქსიმალური კი ამა თუ იმ თამაშიდან გამომდინარე და მასზე არსებული კუშების მეშვეობით დგინდება.

- თქვენს ტოტალიზატორში რამდენიმე ათასი ლარის დადება შესაძლებელია?

- არა, ამხელა ფსონების მიღება არ შეგვიძლია, რადგან ეს დიდ რისკთანაა დაკავშირებული.

- თუ იცით, რომ ხშირად, "მაზავშიკები" წაგებული თანხის გამო თავს იკლავენ?

- რა თქმა უნდა, მსგავსი ინფორმაციაც ტელევიზიის მეშვეობით მოვისმინე. საბედნიეროდ, ჩვენი კლიენტები თავს არ მოიკლავენ, რადგან აქ დიდ თანხას ვერ წააგებენ...

ე.წ. "მაზავშიკების" ქმედებას ძალოვნები უკანონო ფულად გარიგებად აფასებენ, რაც დასჯადია. კანონით, ეს მუხლი 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რამდენიმე დღის წინ შს სამინისტროს იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სამტრედიაში მცხოვრები 7 პირი სწორედ ამ მუხლით დააკავეს. უკანონო ფულად გარიგებაში მხილებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გამოძიების მტკიცებით, ზაზა მიქელაძე, გელა შანიძე, სოსო ზაქარეიშვილი, გიორგი ნიკოლეიშვილი, დავით კიკვაძე, ვასილ კრავეიშვილი და ოთარ საღინაშვილი 2010 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის თამაშების მიმდინარეობისას მოქალაქეებთან უკანონო ფულად გარიგებებს დებდნენ. დაკავებულთა საცხოვრებელი სახლების, მანქანებისა და პირადი ჩხრეკისას დიდი ოდენობის თანხაა ამოღებული.

იმის დასამტკიცებლად, რომ დაკავებულები მართლაც, "მაზავშიკები" იყვნენ, გამოძიებამ ჩხრეკის შედეგად ჩანაწერებიც ამოიღო, სადაც ყველა გარიგება ანუ დადებული ფსონია ასახული. ძალოვანთა მტკიცებით, ასევე ამოღებულია 7.193 დოლარი და 9.708 ლარი. ფაქტს Dარც დაკავებული პირები უარყოფენ. უკანონო ფულადი გარიგების გამო მათ 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ამ დაკავებას, რამდენიმე დღეში, კიდევ ერთი ხმაურიანი ამბავი მოჰყვა - ამჯერად, ძალოვანთა "კლანჭებში" ცნობილი ფეხბურთელი, გიორგი დემეტრაძე აღმოჩნდა. მასთან ერთად კიდევ ორი პირი - დავით გაგნიძე და ყოფილი ძალოვანი, კახა მისირელი დააკავეს. ძებნა გამოცხადდა ვატო ყიფიანზე, რომელსაც სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ძებნაშია კიდევ ერთი პირი, დავით ფეიქრიშვილი.

გამოძიების მტკიცებით, ამჟამად ძებნილ დავით ფეიქრიშვილს სწორედ "მაზის" წყალობით, 140 ათასი დოლარი ჰქონდა მოგებული. ბუნებრივია, მის მოვალეს ამხელა თანხის გადახდა გაუჭირდა და გამოსავლის ძებნა დაიწყო. გამოძიების მტკიცებით, მან დახმარებისთვის ქურდული ტრადიციების მიმდევარ ვახტანგ (ვატო) ყიფიანს მიმართა. თავის მხრივ, უკრაინაში მყოფი ვატო ყიფიანი თბილისში, დავით ფეიქრიშვილს დაუკავშირდა. ძალოვნებს ხელთ აქვთ ყიფიანისა და ფეიქრიშვილის საუბრის ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ მათ შორის ლაპარაკი ფულზე იყო. მეტიც, ყიფიანი მას საჩუქარსაც სთხოვს და იმასაც ახსენებს, - ხომ იცი, ქურდული წესებით, ასეთ დროს მოგებული თანხის 20% სად უნდა წავიდესო?! ამ დეტ

ალებში გაურკვეველი არც ფეიქრიშვილი აღმოჩნდა და მან ყიფიანს შეახსენა: ეს წესები აღარ არსებობსო. ძალოვნებმა ყიფიანისა და გაგნიძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებიც გაავრცელეს. ყიფიანი გაგნიძეს ეუბნება, რომ "ის" გადასცეს "იმ" პიროვნებას, თუმცა არ აკონკრეტებს, რის გადაცემაზეა ლაპარაკი. არც გაგნიძისა და ფეხბურთელ დემეტრაძის საუბრიდან იკვეთება რაიმე, მხოლოდ ერთი რამაა ცხადი - დემეტრაძე ვიღაცას უნდა შეხვედროდა. მართლაც, ძალოვნებმა გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და კახა მისირელი ჭავჭავაძის ჩიხში, საღამოს 7 სააათზე დააკავეს მაშინ, როცა სავარაუდოდ, ფეიქრიშვილს ელოდებოდნენ, რათა მისთვის თანხა გადაეცათ.

დაკავებულებისგან 40.700 დოლარია ამოღებული და ეს თანხა, გამოძიების მტკიცებით, ფეიქრიშვილს ეკუთვნოდა. ვატო ყიფიანს კი დამატებით, ფეიქრიშვილის მოგებული თანხა, 30 ათასი დოლარი უკრაინაში ჰქონდა ამოღებული. გამოძიების თქმით, კახა მისირელის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია "გლოკის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ბინის ჩხრეკისას "მაუზერის" და "იერიხოს" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, საბრძოლო ვაზნები, ხოლო დავით გაგნიძეს პირადი ჩხრეკისას იარაღი და ვაზნები აღმოაჩნდა.

გაგნიძეს, დემეტრაძეს და ძებნაში მყოფ ყიფიანს ადვოკატები - მარიკა ფხალაძე და გიგი ზირაქიშვილი იცავენ. რაც შეეხება ყოფილ ძალოვანს, მას სხვა ადვოკატი იცავს. კახა მისირელი თურმე, წლების მანძილზე ძალოვანთა სისტემაში, სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე მუშაობდა. ბრალდების მტკიცებით, ვატო ყიფიანმა ფეიქრიშვილთან საუბრით წაგებული თანხის განახევრებას მიაღწია - მოვალეს ფეიქრიშვილისთვის 140 ათასი დოლარის ნაცვლად, 70 ათასი დოლარი უნდა გადაეცა და ამ თანხიდან სწორედ 40 ათასი დოლარის მიტანა სთხოვა ყიფიანმა გაგნიძეს. დაკავებული პირები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ და დუმილის უფლებას იყენებენ. ჯერჯერობით, ადვოკატებიც ვერ ამბობენ, ამოღებული თანხა მართლაც, "მაზის" იყო თუ არა. "ვერ გეტყვით, ეს რეალურად წაგებული თანხაა თუ არა, რადგანაც დაკავებულებს ჩვენება არ მიუციათ.

დემეტრაძემ და გაგნიძემ არ იცოდნენ, ეს რა თანხა იყო. უბრალოდ, ვატოს თხოვნით, ვიღაცისთვის უნდა მიეტანათ. ვიდრე დანიშნულ ადგილას წავიდოდნენ, ბიჭები ეზოში "ჯოკერს" თამაშობდნენ. დემეტრაძემ თავის მეზობელს, კახა მისირელს ჰკითხა, - ხომ არ იცი, ესა და ეს ქუჩა სად მდებარეობსო? მისირელმა უპასუხა, რომ იცოდა და ის უბრალოდ, დემეტრაძესა და გაგნიძეს მანქანაში ჩაუჯდა. მისირელმა არ იცოდა, იმ ქუჩაზე რისთვის მიდიოდნენ. იგი ყოფილი ძალოვანია და სასაცილოა, ქურდული სამყაროს წევრობას რომ ედავებიან.

მან თქვა, - ხალხნო, ძალიანაც რომ მნდომოდა, ქურდების გვერდით ვინ გამაჭაჭანებდაო? ეს აბსურდია! და კიდევ, გაგნიძე და მისირელი ერთმანეთს არ იცნობენ. ბრალდებულებს ჩვენება არ მიუციათ, დუმილის უფლებას იყენებენ და წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ. არაფერი იციან იმ სატელეფონო საუბრების ჩანაწერების შესახებაც. მხოლოდ ის მითხრეს, - ჩვენ შორის საუბარი წილებთან, თანხასთან დაკავშირებით არ ყოფილაო", - აცხადებს ადვოკატი მარიკა ფხალაძე. მისივე თქმით, დაკავებულებისთვის ორთვიანი პატიმრობის შეფარდებაც ოპერატიულად მოხდა. ის ჯერჯერობით, მის დასაცავ ვატო ყიფიანს არ გასაუბრებია.

ყიფიანის ოჯახის წევრებმა საღამოს 11-ის ნახევარზე მიიღეს უწყება, რომ მეორე დილით, 11 საათზე წყდებოდა ყიფიანის ბედი. "კარგად იცოდნენ, რომ ყიფიანი თბილისში არ იყო და მეორე დილით, 11 საათზე, ამის დიდი სურვილიც რომ ჰქონოდა, პროცესზე ვერანაირად ვერ გამოცხადდებოდა. არადა, პირს მინიმუმ, 24-საათიანი ვადა მაინც ხომ უნდა მისცე, რომ გამოცხადდეს?" - დასძინა ადვოკატმა ფხალაძემ. მისი მტკიცებით, მომხდარით გაოგნებულია ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე, რომელიც ქურდულ სამყაროსთან ყოველგვარ კავშირს კატეგორიულად უარყოფს. "გიორგი დემეტრაძე გადარეულია. ამბობს, არანაირი შეხების წერტილი ქურდულ სამყაროსთან არ მაქვსო. არც ყიფიანია კანონიერი ქურდი. ოთხივეს ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან, მაგრამ რომელი ქურდის სამყაროს წევრები არიან, ეს მაინც ხომ უნდა იყოს ცნობილი?!"

ისმის კითხვა, მაშინ ვის დასჭირდა ფეხბურთელის დადანაშაულება და რატომ? - ამაზე ადვოკატ მარიკა ფხალაძეს ასეთი პასუხი აქვს: "დემეტრაძის თემა სპეციალურად აგორდა, მხოლოდ იმიტომ, რომ იციან, ვატო ყიფიანი კიევში, დემეტრაძის ბინაში ცხოვრობს. გიორგი ამბობს, - ყიფიანი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ის ფაქტი, რომ ჩემს სახლში ცხოვრობს, არ ნიშნავს იმას, რომ მე ქურდული სამყაროს წევრი ვარ ან ვინმეს მითითებას ვასრულებ და რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩავდივარო. არ ყოფილა ფაქტი, რომ მათ ვინმესთვის რაიმე გამოეძალოთ. ქურდული სამყაროს წევრობას რომ აბრალებ, უნდა არსებობდეს ქურდი, რომლის მითითებასაც ეს ბიჭები ასრულებდნენ, ასეთი რამ კი არსადაა მითითებული".

- ქალბატონო მარიკა, ჩვენ ყიფიანისა და ფეიქრიშვილის სატელეფონო საუბრები მოვისმინეთ. ეს არ არის მტკიცებულება?

- ჯერჯერობით, ვატო ყიფიანთან დაკავშირება ვერ შევძელით და ვერ გეტყვით, ის, რაც მოისმინეთ, რეალობას შეესაბამება თუ არა. ბრალდების მტკიცებულებებს რომ გავეცნობით, მერე უფრო შევძლებთ კომენტარის გაკეთებას... აღმკვეთი ღონისძიების დროს მათი გათავისუფლება მოვითხოვეთ. მიგვაჩნია, რომ პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება "მაზავშიკობას", ამასთან კავშირს არ ედავებიან. ვერც ის გავიგე, ვატო ყიფიანის წარსულზე რატომ ხდება ასეთი აპელირება?.. ყიფიანი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა და საქართველოდან წავიდა. მას 6 წელი ჰქონდა მისჯილი და სასჯელის ნახევარზე მეტი მოიხადა. თავის დროზე ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, თითქოს, ვატო მკვლელია, მისი მისამართით ათასი უსაფუძვლო ბრალდება ისმოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, არც ერთი არ დადასტურდა.

მას ჯაფარიძის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, მაგრამ ეს საქმე შეწყდა, შემდეგ კი ნარკოტიკის, იარაღის შენახვა-შეძენის გამო დააკავეს და სწორედ ამ დაკავებისას განაახლეს ჯაფარიძის საქმე, მაგრამ გამამართლებელი განაჩენი დადგა როგორც მკვლელობის ბრალდების, ასევე ნარკოტიკებისა და იარაღის შენახვა-შეძენის ბრალდების ნაწილში. თუმცა, ამ საქმის გამოძიებისას სოფელ ღვანკითიდან დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, რომელიც იქ თურმე, ჯერ კიდევ 1994-95 წლებში, სარდაფში იყო შენახული. ერთ-ერთმა მოწმემ თქვა: როცა ყიფიანმა იქ მიიტანა, მაშინ 15-16 წლის იყოო. მოწმესთან დაპირისპირებისას ფაქტი ვერ დადასტურდა, მაგრამ ამ ეპიზოდისთვის ბრალი მაინც წაუყენეს და ცეცხლსასროლი იარაღის გადაზიდვა-შენახვის ბრალდებით 6 წელი მიუსაჯეს.

- გიორგი დემეტრაძე გამოძიებას ჩვენებას არ მისცემს?

- გაგნიძე და დემეტრაძე მასალების გაცნობის შემდეგ აუცილებლად მისცემენ ჩვენებას. ძალიან გვაინტერესებს, ამ აბსურდული ბრალდების ირგვლივ გამოძიებას რა მტკიცებულებები აქვს. ფაქტია, დემეტრაძე მსხვერპლია და იმის გამო ისჯება, რომ ყიფიანი მის სახლში ცხოვრობს... ან როგორ შეიძლება, ქურდული სამყაროს წევრობა პოლიციელს დააბრალო?!.

არ ვიცით, ამ საქმეში ვის რა ბრალი მიუძღვის, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ქართველები ძალზე აზარტულები, რისკიანები ვართ, რაზეც "მაზავშიკების" მსხვერპლთა რაოდენობაც მიუთითებს.

დაბოლოს, საერთოდ, რა არის აზარტი და რატომ ეწირებიან მას ადამიანები? - ამ კითხვაზე პასუხს ფსიქოლოგი ნანა ჯინჭარაძე გაგვცემს:

- აზარტი, მეტ-ნაკლებად, ყველა ქართველისთვის დამახასიათებელი თვისებაა, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ზედმეტად აზარტულიც კია ანუ მის ხასიათში ეს თვისება ჭარბადაა. ის ახალგაზრდები, ვინც ტოტალიზატორში თამაშობენ, მოგვიანებით "მაზაობის" გემოსაც იგებენ, მერე კი ნელ-ნელა, თავისდაუნებურად, თამაშზე დამოკიდებულნი ხდებიან - ეს იგივეა, რაც ნარკოტიკზე დამოკიდებულება. ასეთ ადამიანებს, როგორც ავადმყოფებს, ისე უნდა შევხედოთ და მხარში ამოვუდგეთ. სამწუხაროდ, ქართველი ახალგაზრდების უმეტესობა ფსიქოლოგთან ვიზიტზე უარს ამბობს, არადა, თამაშზე დამოკიდებული ადამიანის "განკურნების" ერთადერთი შანსი სწორედ ფსიქოლოგიური კონსულტაციაა...

თეა ხურცილავა

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ