რატომ მოითხოვს აკადემიკოს შარაძის მკვლელი დიმიტრი ლორთქიფანიძესთან შეხვედრას

 რატომ მოითხოვს აკადემიკოს შარაძის მკვლელი დიმიტრი ლორთქიფანიძესთან შეხვედრას

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებული გიორგი ბარათელი, რომელიც სასჯელს თბილისის #1 დაწესებულებაში, ე. წ. კრიტში იხდის, დაჟინებით მოითხოვს დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან შეხვედრას.

თუმცა ბატონ დიმიტრის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის განხორციელება რატომღაც აუკრძალეს.

- ჯერ კიდევ მარტში, ქალბატონმა რუსუდან შარაძემ მომმართა თხოვნით, რომ შევსულიყავი ციხეში და მომენახულებინა გიორგი ბარათელი. როგორც ცნობილია, შარაძის ოჯახს მიაჩნია, რომ ბარათელი არ არის  ბატონი გურამის მკვლელი და მათი აზრით, ბარათელს აუცილებლად ექნებოდა სათქმელი, რაც აქამდე არ განუცხადებია. გარდა ამისა, ქალბატონმა რუსუდანმა მომცა კითხვარი, რომელიც  გიორგისთვის უნდა გამეცნო და, თუ იგი მიზანშეწონილად ჩათვლიდა, პასუხები გაეცა. საგულისხმოა, რომ რუსუდან შარაძე დიდხანს ცდილობდა,  დაედგინა ბარათელის ადგილსამყოფელი, რასაც უმალავდნენ - მას ჰქონდა ეჭვი, რომ იგი აღარც კი იყო ცოცხალი.

იმ პერიოდში მონიტორინგს ვახორციელებდით მე და ეკა ხერხეულიძე, ეს საკითხი შევათანხმე კომიტეტთან, დაიწერა ბრძანება და შევედით თბილისის #1 დაწესებულებაში, ე. წ. კრიტში და მოვინახულეთ გიორგი ბარათელი.

მე და ეკას მოგვეცა საშუალება, ბარათელთან პირისპირ დავმსხდარიყავით და ყველაფერზე დეტალურად გვესაუბრა. გიორგიმ კითხვებზეც მიპასუხა. ბარათელს  დავუტოვე ჩემი ტელეფონის ნომერი და ვუთხარი, რომ თუ ექნებოდა ისეთი ინფორმაციის გაზიარების სურვილი, რომელიც აქამდე არ განუცხადებია, დაერეკა და მასთან კვლავ შევიდოდი.

- რა გითხრათ შეხვედრის დროს ბარათელმა ისეთი, რაც აქამდე არ უთქვამს?

- ქალბატონ რუსუდანს უნდოდა ბარათელის მხრიდან ზოგიერთი ფაქტობრივი გარემოების დადასტურებით ან უარყოფით დაედგინა, გულწრფელი თუ იქნებოდა იგი. კითხვარი ეხებოდა მის მიერ შვეიცარიაში გატარებულ დროს, სადაც ბარათელი  გიორგი შარაძემ ფილმის გადაღების მიზნით მიიწვია და მის ოჯახში ცხოვრობდა. ბარათელის თქმით, ის იქ საკმაოდ მძიმე ყოფაში აღმოჩნდა, ვინაიდან დევნიდნენ და უთვალთვალებდნენ. როგორც აცხადებს, იგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა შვეიცარია და ჰოლანდიაში წასულიყო. ეს ადამიანი არ უარყოფს, რომ გულში ჩაიდო შურისძიება და დანაშაული ჩაიდინა.

- ანუ ბარათელი აღიარებს დანაშაულს?

- დიახ, ასე მითხრა 31 მარტს, ანუ მას შემდეგ, რაც განაჩენი გამოუტანეს. ამის შესახებ რუსუდანსა და მათ ადვოკატსაც მოვუყევი. ბარათელს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. თუმცა პირობებთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს. ისე, მისი აღიარება არცთუ დამაჯერებელი მეჩვენა.

- ვინ და რატომ სდევნიდა და უთვალთვალებდა გიორგი ბარათელს?

- ბარათელმა მითხრა, რომ მას მისი შინაგანი ორგანოების მოპოვებისა და შესაძლო ტრანსპლანტაციის მიზნით სდევნიდნენ. თქვა, რომ ამაში გარეული იყო გიორგი შარაძეც, მისგან საფრთხეს გრძნობდა. ამასთანავე, დაასახელა ალბანური წარმოშობის ორი პიროვნება, რომლებიც მას უთვალთვალებდნენ.  მათგან თავის დაღწევის მიზნით წავედი ჰოლანდიაშიო. რაღაც საკითხებში ეს ადამიანი არ მომეჩვენა ლოგიკური, მაგრამ მისი უფლებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ჩემთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი ის არგუმენტი, რამაც მკვლელობა ჩაადენინა.

ბარათელი  შემპირდა, რომ ახალი გარემოებების აღმოჩენის ან გახსენების შემთხვევაში დამიკავშირდებოდა. მართლაც, ერთი თვის წინ დამირეკა და დაბეჯითებით მთხოვა, აუცილებლად უნდა გნახოთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი რამ მაქვს სათქმელი  და ერთი-ერთზე დავილაპარაკოთო. შუამდგომლობა აღვძარი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის წინაშე, რათა ამ უკანასკნელს  პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიემართა და ჩემი და ეკა ხერხეულიძის შესვლის ბრძანება გაეცა, - როგორც აქამდე ხდებოდა. 16 ივლისს ჩემთვის სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა:

პარლამენტში სახალხო დამცველის მოხსენებითი ანგარიშის დროს, სიტყვით გამოვიდა ბატონი გია არსენიშვილი და თქვა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან არსებული მუდმივმოქმედი მონიტორინგის ჯგუფი განაგრძობს მუშაობას. როცა მასთან მივედი და ვკითხე, როდის შევძლებდით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლას, მიპასუხა, რომ მე ვეღარ მოვახერხებდი შესვლას იმის გამო, რომ როტაციის წესით მოხდა ჩვენი ჩანაცვლება. ანუ, აღარ მომცეს მონიტორინგის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირით ადრე  მქონდა მასთან შეტანილი საპატიმროში მყოფი მსჯავრდებულების მონახულების განაცხადი. კომისიიდან ჩემი გამოყვანის გადაწყვეტილება ჩემთან შეუთანხმებლად, უჩუმრად მიიღეს...

- განაცხადში ბარათელიც გყავდათ შეყვანილი?

- გიორგი ბარათელთან დაგეგმილი შეხვედრის ამბავი არ გამიხმაურებია, ვინაიდან, როდესაც ჩვენ ამა თუ იმ დაწესებულებაში შევდიოდით, ვინც კი გამოთქვამდა სურვილს, ყველა პატიმარს ვხვდებოდით. ჩაფიქრებული მქონდა ბარათელის ნახვა და რადგანაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებობს მიყურადების წესი, ადვილად გახდებოდა ცნობილი, რომ ბარათელი მელოდა. დარწმუნებული ვარ, ადმინისტრაცია ინფორმირებული იყო ამის შესახებ.

- მაინც რისი თქმა სურს თქვენთვის ბარათელს?

- არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი ბარათელს სურს რეალურ ვერსიებზე ლაპარაკი და მეტი ინფორმაციის მოწოდება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ინფორმაციას თავად ფლობდეს სასჯელაღსრულების დაწესებულების კონკრეტული ხელმძღვანელი, ადმინისტრაცია ან თვით სამინისტრო. იმედს არ ვკარგავ, რომ მასთან და, საერთოდ, ციხეებში შესვლას მაინც მოვახერხებ.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ