საქართველოს განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გენერალურ პროკურატურას 2007-2009 წლებში არსებული ფინანსური დარღვების დოკუმენტური მასალები გადასცა, რის საფუძველზეც პროკურატურამ შესაძლოა გამოძიება დაიწყოს და 2007-2009 წლებში მოღვაწე აწ უკვე ყოფილი განათლების მინისტრები პროკურატურში დაკითხვაზე მიიწვიოს. ყოფილი განათლების მინისტრი გია ნოდია მათთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა, როგორც ნოდია ამბობს, არ აქვს ინფორმაცია 2007-2009 წლებში წარმოქმნილ რაიმე დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ 2007-09 წლებში განათლების მინისტრის პოსტს გია ნოდია და ნიკა გვარამია იკავებდნენ.
გუშინ განათლების სამინისტროში პროკურატურა მინისტრის მიმართვის საფუძველზე შევიდა. ამასთან დაკავშირებით გუშინვე შაშკინის უწყებამ სპეციალური განცხადება გავრცეელა, სადაც ნათქვამია, რომ გენერალური პროკურატურა 2007-2009 წლებში არსებულ ფინანსურ დარღევებს ამოწმებს.
"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმება ჩაატარა და დაადგინა, რომ 2007-2009 წლებში სამინისტროს აპარატში და მის სისტემაში შემავალ დაწესებულებებში წარმოქმნილია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები. სავარაუდოდ, აღნიშნული დავალიანებების წარმოქმნა არამართლზომიერი გარემოებებითაა განპირობებული.
საკითხის სამართლებრივი შეფასების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე სამინისტროში შემოსულია მთავარი პროკურატურა, რომელიც თემატურ შემოწმებას აწარმოებს," - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
თუმცა, კონკრეტულად რა სახის დარღვევებზეა საუბარი, განათლების სამინიტროში და გენერალურ პროკურატურაში კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებენ. გენერალურ პროკურატურაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ განათლების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გარკვეული მასალები გადაგზავნა პროკურატურაში და ამ მასალების საფუძველზე მიმდინარეობს შემოწმება.
ყოფილმა განათლების მინისტრმა გია ნოდიამ კი არ იცის საერთოდ რას ნიშნავს ტერმინი "დებიტორული დავალიანება". მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია 2007-2009 წლებში წარმოქმნილ რაიმე დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით.
"საერთოდ არ გამიგია ტერმინი "დებიტორული დავალიანება", როცა სამინისტროში ვმუშაობდი. პირველად მესმის ეს ყველაფერი", - განაცხადა ნოდიამ.
მისივე თქმით, იგი მზაადა ითანამშრომლოს პროკურატურასთან და გამოძახების შემთხვევაში ყველა კითხვას უპასუხოს.
განათლების ლიგის პრეზიდენტის მანანა ნიკოლეიშვილის თქმით, განათლების სამინიტროში პროკურატურის შესვლა უკვე დაგვიანებულია, რადგან, როგორც ნიკოლეიშვილი ამბობს, განათლების სამინისტრო მთლიანად კორუფციაშია ჩაფლული. მისი თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა არა მარტო განათლების სამინისტროს, არამედ მთავრობასაც ეკისრება, რადგან, როგორც ნიკოლეიშვილი ამბობს, ამაზე მთავრობას არაერთხელ მიმართა, თუმცა მათგან არავინ გამოხმაურებია.
"პროკურატურა რატომ მაინცდამაინც 2007-09 წლების საქმით დაინტერესდა, ვერ ვხვდები, რადგან განათლების სამინისტროში კორუფცია დღესაც არსებობს. მთელი ის პროგრამები, რომელიც სამინისტროს ინიციტივით განხორციელდა, სულ არის უხარისხო, თუ გინდათ "ირმის ნახტომის" და სხვა პროგრამები ავიღოთ. ამ ყველაფერმა უკვე ჩაიარა. ჩვენ კიდევ რა შეგვრჩა? - დანგრეული განათლების სისტემა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში ნიკოლეიშვილი.
თიკო ოსმანოვა