რუსუდან შარაძე: "ეს ყველაფერი გურამ შარაძისსახელის ლაფში ამოსვრას ემსახურება"

რუსუდან შარაძე: "ეს ყველაფერი გურამ შარაძისსახელის ლაფში ამოსვრას ემსახურება"

ყველა სიახლის" 31-ე ნომერში (5-11 აგვისტო) გამოქვეყნებულ ინტერვიუს ("რატომ მოითხოვს აკადემიკოს შარაძის მკვლელი დიმიტრი ლორთქიფანიძესთან შეხვედრას") აკადემიკოსის ქალიშვილი რუსუდან შარაძე ჟენევიდან გამოეხმაურა:

- უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, რომ მომეცით საშუალება, გამოვხმაურებოდი "ყველა სიახლეში" დაბეჭდილ ინტერვიუს. საქმე ის არის, რომ რესპონდენტის მიერ მოყვანილი ფაქტები გაყალბებულია, რის გამოც იქმნება რეალობისგან სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება და შემთხვევითი არ არის, რომ ეს შთაბეჭდილება ზედმიწევნით ემთხვევა ხელისუფლების ვერსიებსა და სურვილებს. 

- რას გულისხმობთ?

- ბატონი დიმიტრი ამბობს: "ჯერ კიდევ მარტში ქალბატონმა რუსუდან შარაძემ მომმართა თხოვნით, რომ შევსულიყავი ციხეში და მომენახულებინა გიორგი ბარათელი. როგორც ცნობილია, შარაძის ოჯახს მიაჩნია, რომ ბარათელი არ არის  ბატონი გურამის მკვლელი და, მათი აზრით, ბარათელს აუცილებლად ექნებოდა სათქმელი, რაც აქამდე არ განუცხადებია. გარდა ამისა, ქალბატონმა რუსუდანმა მომცა კითხვარი, რომელიც  გიორგისთვის უნდა გამეცნო და, თუ იგი მიზანშეწონილად ჩათვლიდა, პასუხები გაეცა. საგულისხმოა, რომ რუსუდან შარაძე დიდხანს ცდილობდა, დაედგინა ბარათელის ადგილსამყოფელი, რასაც უმალავდნენ - მას ჰქონდა ეჭვი, რომ იგი აღარც კი იყო ცოცხალი".

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამხელა აბზაცში სიმართლეა მხოლოდ ის, რომ ბარათელი არ მიგვაჩნია მკვლელად, ეჭვი გვქონდა, რომ ის აღარც კი იყო ცოცხალი და რომ არსებობს ჩემი კითხვარი. სინამდვილეში მალე წელიწადი შესრულდება, რაც ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სასამართლოს გზით უშედეგოდ ცდილობს მიიღოს საჯარო ინფორმაცია, სად იხდის სასჯელს გიორგი ბარათელი.

პარალელურად, მან ოფიციალური თხოვნით მიმართა სახალხო დამცველ  გიორგი ტუღუშს, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილსა და პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, იქნებ, ბარათელი ციხეში მოინახულოთო. ხუთ დღეში სახალხო დამცველის აპარატმა დადო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, მათი წარმომადგენელი ციხეში შეხვდა გიორგი ბარათელს, რომელსაც უთხოვია, ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური დარჩესო. ცოტა ხანში კი ბარათელი პარლამენტარებმა - დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ეკა ხერხეულიძემ - მოინახულეს. ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ ბარათელი თავს შესანიშნავად გრძნობს და ციხის ადმინისტრაციასთან პრეტენზია არ აქვს.

- რატომ არ გჯერათ დიმიტრი ლორთქიფანიძის ნაამბობის?

- ინტერვიუში ბატონი დიმიტრი სიტყვასაც არ ძრავს მთავარზე, რომ ქვეყანაში ჟურნალისტები საჯარო ინფორმაციის მოპოვებას სასამართლოს გზითაც კი ვერ ახერხებენ. ბატონი დიმიტრი არ არის კომპეტენტური გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში და ადვილად შეიძლებოდა მისი შეცდომაში შეყვანა.

მას კონფიდენციურად მივაწოდე 14 შეკითხვა და ვთხოვე, გადამოწმების მიზნით (და არა ბარათელის გულწრფელობის დასადგენად, როგორც ბატონი დიმიტრი არაერთგან აცხადებს), დაესვა ბარათელისთვის.

- რისი დადგენა გსურდათ?

- ეს შეკითხვები, ძირითადად, ეხებოდა ჩემი ძმის პირად ცხოვრებას და მის ბინას, სადაც შვეიცარიაში ყოფნისას ბარათელი ცხოვრობდა. შემდგომში ბატონმა დიმიტრიმ დამაყვედრა, რომ მან, პარლამენტარმა, ვიღაცის პირადი ამბების გამო ასე შეიწუხა თავი... მიუხედავად ჩემი ნდობისა ბატონი დიმიტრის მიმართ, თუნდაც იმიტომ, რომ ინტერნეტფოსტა კონტროლდება, ჩემებური გეგმა დავსახე - საგანგებოდ შერჩეული კითხვების გარდა, მას კითხვებზე პასუხებიც გავუგზავნე, რომელთა უმრავლესობა არასწორი იყო.

ანუ, თუ ბატონი დიმიტრი ნამდვილად გიორგი ბარათელს შეხვდებოდა, მაშინ ბარათელის პასუხები არ დაემთხვეოდა ბატონი დიმიტრის ხელთ არსებულ პასუხებს, მაგრამ იქნებოდა სრული სიმართლე. ასე იმიტომაც მოვიქეცი, რომ სიმართლის არცოდნით, თვითონ დიმიტრი ლორთქიფანიძის სიტყვისთვის  შემექმნა მეტი ალიბი. 

თუმცა ბატონ დიმიტრის არ გაჰკვირვებია, როდესაც მის მიერ ნანახი ადამიანის ნათქვამი არ დაემთხვა მის ხელთ არსებულ პასუხებს და დარწმუნებულმა, რომ ბარათელი ნახა, წერილობით მომაწოდა ინფორმაცია, ხოლო ჩემთან საუბარი აღარ ისურვა იმ მიზეზით, რომ "ის არის პარლამენტის წევრი და საერთაშორისო ზარით ამ თემაზე ლაპარაკი უხერხულია". რაც შეეხება ბარათელის პასუხებს, ბევრი რამ მართლა დაემთხვა სიმართლეს, მაგრამ ამ პასუხებს შორის არის ისეთი არსებითი წინააღმდეგობები, რომ არ შეიძლება, ეს ერთი და იმავე პიროვნების ნათქვამი იყოს.

ამიტომ მე მაინც დავუკავშირდი ბატონ დიმიტრის. აქ აღარ მოვყვები ჩვენი საუბრის დეტალებს, მხოლოდ გეტყვით, რომ როდესაც ვკითხე, რატომ ხართ ასე დარწმუნებული, ნამდვილად ბარათელი ნახეთ-მეთქი! მომიგო: მართალია, ზოგიერთ კითხვას ბარათელმა უცნაურად გასცა პასუხი, მაგრამ მთლიანობაში, სიმართლე თქვაო. როცა ვკითხე, საიდან იცის მან, რა არის სიმართლე და რა - არა? - მიპასუხა: "ამ კაცმა ისეთი დარწმუნებით გასცა პასუხი ჩემს კითხვებს, მხოლოდ ბარათელი თუ გასცემდა". თუმცა, როდესაც მკვლელობის მოტივიც გამოუკითხავს, ეს დარწმუნებით მოლაპარაკე კაცი, უცებ არაადეკვატურ ადამიანად გადაქცეულა და თვით ეკა ხერხეულიძეც გაგიჟებულა, - რას ბოდიალობს ეს კაციო.

- თქვენთვის თუ იყო ცნობილი ბარათელის ვერსია, ორგანოების ტრანსპლანტაციის მიზნით მისი დევნა-თვალთვალისა და შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის შესახებ?

- პირველ რიგში, ერთი რამ მიკვირს: თქვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ბატონი დიმიტრი დაწვრილებით ჰყვება (და ეს უკვე მერამდენედ ჰყვება ამას პრესის ფურცლებზე) ბარათელის ნაამბობს, თუ როგორ დევნიდნენ და ავიწროებდნენ გურამ და გიორგი შარაძეები და როგორ უპირებდნენ ორ ალბანელთან ერთად თირკმელების ამოჭრას. იქვე დასძენს: "რაღაც საკითხებში ეს ადამიანი არ მომეჩვენა ლოგიკური, მაგრამ მისი უფლებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ".

ძალიან კარგია, რომ ბატონი დიმიტრი პატიმრის უფლებებს იცავს, მაგრამ რატომ არ იცავს ის გურამ შარაძის ოჯახის უფლებებს, ღირსებას და რატომ იმეორებს სიტყვასიტყვით ბინძურ ჭორებს, რის დანერგვასაც ხელისუფლება მამაჩემის მკვლელობის წუთიდან დღემდე უშედეგოდ ცდილობს? ბატონი დიმიტრი "დეტალებში", ალბათ, იმას გულისხმობდა, რაც ათასჯერ გამიმეორა: რომ ბარათელი მეორედ მომიკლავდა მამას და ჩემს ძმასაც ზედ მიაყოლებდა.

რასაც დიმიტრი ლორთქიფანიძე ჰყვება, გარდა ჭორებისა, სიტყვასიტყვით ემთხვევა ერთ საინტერესო დოკუმენტსაც, რომელიც დევს გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში. ამ დოკუმენტს აწერია, რომ არის გიორგი ბარათელის დაკავებისთანავე მასთან ჩაწერილი აუდიოჩანაწერის სტენოგრამა და იქვე დიდი ასოებით მითითებულია - "აუდიოჩანაწერი წაიშალოს ხუთ დღეში!".. დღევანდელ საქართველოში, თურმე, გურამ შარაძის მკვლელის ნაამბობი, სადაც ის მკვლელობის მოტივზე საუბრობს, მხოლოდ აუდიოფირზე ჩაწერეს და ისიც ხუთ დღეში წაშალეს!  მგონი, აქ კომენტარი ზედმეტია.

- თქვენი ნაამბობის გათვალისწინებით, არ გჯერათ დეპუტატების წინაშე გიორგი ბარათელის აღიარებისა, რომ მან მოკლა ბატონი გურამი?..

- მე მჯერა, რომ გურამ შარაძის მკვლელობა იყო პოლიტიკური და ეს ჩაიდინა ორმა დაქირავებულმა მკვლელმა, რომელთა შორის ბარათელი არ იყო. ამასთანავე, მჯერა, რომ არც სახალხო დამცველის წარმომადგენელს და არც დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ეკა ხერხეულიძესთან ერთად, ბარათელი არ უნახავთ.

ჩემი აზრით, ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ ემსახურება გურამ შარაძისა და მისი ოჯახის სახელის ლაფში ამოსვრას, იმისთვისაც არის გამიზნული, რომ ხალხის მეხსიერებაში აღიბეჭდოს: ბარათელმა დარეკა, ე.ი. ოჯახის ვერსია არასწორია და ბარათელი აღიარებს გურამ შარაძის მკვლელობას, ე.ი. ხელისუფლება აქაც მართალია.

როგორც ბატონი დიმიტრი აცხადებს, ციხის ადმინისტრაციას "მიყურადების წესით" აუცილებლად ეცოდინებოდა, რომ ივნისის შუა რიცხვებში მას დაურეკა ბარათელმა და დაბეჯითებით სთხოვა ერთი-ერთზე შეხვედრა, მაგრამ ეს ამბავი მაინც არ გაუხმაურებია, ვიდრე 16 ივლისს კომისიიდან არ დაითხოვეს. თურმე, ბატონი დიმიტრი სხვა პატიმრების მონახულების დროს აპირებდა, მოეთხოვა ბარათელთან შეხვედრა.

თუ ასეთი ფრთხილია ბატონი დიმიტრი, მაშინ მარტიდან მოყოლებული,  საქვეყნოდ რატომ აცხადებდა, რომ ბარათელს თავისი ტელეფონის ნომერი დაუწერა ფურცელზე და ბარათელმა ეს ფურცელი "გულში ჩაიკრა"?

დასასრულ, რაც ყველაზე სამწუხარო და ცინიკურია, დიმიტრი ლორთქიფანიძეს თავი გამოჰყავს გურამ შარაძისათვის წამებულად, რადგან სწორედ მის მკვლელობასთან დაკავშირებით, "ციხეში მიყურადების წესით" გაჟონილმა ინფორმაციამ დააკარგვინა ციხეში შესვლის უფლება, ხოლო პატიმრებს - თავდადებული დამცველი.

მე ვერ ავუკრძალავ ბატონ დიმიტრის  გურამ შარაძის სახელის ხსენებას, მაგრამ ვთხოვ, ნუ დაუკავშირებს ჩემს სახელს ფაქტების გაყალბებას, მით უმეტეს, "მოწმედ" ნუ მომიყვანს. რჩევით კი ვურჩევდი, რომ გაეცალოს ამ სიბინძურეს, რადგან გურამ შარაძის მკვლელები და მათი თანამონაწილეები აუცილებლად დაისჯებიან!

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ