როგორ უნდა დაიკანონოთ დაკარგული ქონება

როგორ უნდა დაიკანონოთ დაკარგული ქონება

ის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საზღვარგარეთს შეაფარა თავი, არახალია. უმუშევრად დარჩენილები სხვადასხვა გზით ცდილობდნენ უცხოეთში გასვლას. ბევრმა ვალები იმ იმედით აიღო, რომ კარგ სამუშაოს იშოვიდა, იქიდან ოჯახს არჩენდა და ცხოვრებას მოიწყობდა. სამწუხაროდ, ბევრმა ეს სურვილი ვერ აისრულა, უფრო მეტიც - არიან ისეთებიც, რომელთა ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებმა არც იციან. ბევრმა იქ ახალი ოჯახი შექმნა და ცოლ-შვილთან კონტაქტი გაწყვიტა. საქართველოში დარჩენილი ახლობლები კი დაკარგული ქონების დაკანონებას ვერ ახერხებენ. როგორ უნდა მოიქცეს მემკვიდრე, თუ მისი ახლობელი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, რა პროცედურებია გასავლელი ქონების დასაკანონებლად? - ამ საკითხებზე განმარტებებს ადვოკატ ციცინო ცხვედიანისგან მივიღებთ.

- ასეთ დროს კანონით, ადამიანის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება უნდა მოხდეს. თუკი პირის შესახებ მის საცხოვრებელ ადგილას ორი წლის განმავლობაში რაიმე ცნობა არ მოიპოვება, ამ შემთხვევაში პირს უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობენ, თუმცა ის გარდაცვლილად არ მიიჩნევა. მის ქონებაზე მემკვიდრეობა ვერ გაიხსნება და არც მისი ქონების განკარგვა მოხდება. ასეთ შემთხვევაში, დაინტერესებულმა მოქალაქემ სასამართლოს შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს, პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად უნდა აღიარონ. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მემკვიდრეებს უფლება აქვთ, მართონ ამ პირის ქონება და ამ მართვის შედეგად მიღებული სარგებელი გამოიყენონ.

- რა დოკუმენტაციით ხდება ადამიანის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობა?

- ძირითადად, მოწმეთა ჩვენებებით, რადგან ასეთ დროს სხვა მტკიცებულებები არ არსებობს.

- რა შემთხვევაში ცხადდება პირი გარდაცვლილად?

- თუკი 5 წლის მანძილზე მის საცხოვრებელ ადგილას მასზე რაიმე ინფორმაცია არ მოიპოვება, მას გარდაცვლილად ცნობენ. არის სხვა შემთხვევებიც: 6 თვე თუ არ გამოჩნდა და ოჯახს აქვს ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, ის ისეთ ვითარებაში იყო, შესაძლოა, დაღუპულიყო, მაშინ ხუთწლიანი ვადა საჭირო აღარაა, მას სასამართლო გარდაცვლილად გამოაცხადებს, ოღონდ სასამართლო ამაში უნდა დარწმუნდეს:

ვთქვათ, მოხდა ავიაკატასტროფა, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ეს მგზავრი ნამდვილად იქ იმყოფებოდა და თუ არანაირი ინფორმაცია არ არის გადარჩენაზე, მას გარდაცვლილად გამოაცხადებენ; თუ მომავალში დაბრუნდა, ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოხდება. საომარი მოქმედებების დროს ადამიანი შეიძლება დაიკარგოს და წლების შემდეგ ის ცოცხალი აღმოჩნდეს - კანონი ამასაც ითვალისწინებს და სამხედრო მოსამსახურე ან სხვა პირი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა, სასამართლო წესით, საომარი მოქმედებებიდან მხოლოდ ორი წლის გასვლის შემდეგ ცხადდება გარდაცვლილად.

- ასეთ დროს მის ქონებას მემკვიდრე განკარგავს?

- როცა პირი გარდაცვლილად გამოცხადდება, მემკვიდრეებს შორის ქონების განაწილება ჩვეულებრივი წესით ხდება. თუ არიან ანდერძისმიერი მემკვიდრეები, ქონება მათ შორის განაწილდება; თუ კანონისმიერი მემკვიდრე არ არსებობს, მაშინ ქონება სახელმწიფოს დარჩება. მაგრამ კანონი ითვალისწინებს იმასაც, რომ შესაძლოა, ეს ადამიანი ცოცხალი აღმოჩნდეს და დაბრუნდეს.

- ამ შემთხვევაში ქონება მას დაუბრუნდება?

- უგზო-უკვლოდ დაკარგულის ქონებას ახლობლები განკარგავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ქონება ენახება, ხოლო თუ პირი გარდაცვალებულად გამოცხადდა და ის დაბრუნდა, ასეთ დროს მისი გარდაცვალებულად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება უქმდება. შეიძლება, ქონება ან მისი ნაწილი ამ დროს უკვე მემკვიდრეს გასხვისებული ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში, მას აქვს უფლება, მოითხოვოს ის ქონება, რომელიც უსასყიდლოდ სხვას გადაეცა. თუ მემკვიდრეს ქონება გასხვისებული არა აქვს, მფლობელს დაუბრუნდება.

გასხვისების შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ მყიდველმა იცოდა, სინამდვილეში, მფლობელი არ იყო გარდაცვლილი და მაინც შეიძინა მისი მემკვიდრისგან ქონება, ასეთ შემთხვევაში მას ქონება ჩამოერთმევა და მეპატრონეს გადაეცემა, თუმცა ამის დამტკიცება ძალიან რთულია. როცა გარდაცვლილად გამოცხადებული პირის ქონება სახელმწიფოს გადაეცემა და მისი რეალიზაცია მოხდება, სახელმწიფო ვალდებულია, პირს კომპენსაცია მისცეს... საერთოდ, მოქალაქეები ახლობლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობას შედარებით ნაკლებად ითხოვენ. უმეტესად ითხოვენ, რომ რადგან პირი საზღვარგარეთ წავიდა, მასზე არანაირი ინფორმაცია არ არის, ხოლო ოჯახს უჭირს, ამიტომ, უნდათ, მის სახელზე რიცხული ქონების გასხვისება. არადა, ამ ქონების გასხვისების უფლება არა აქვთ, რადგან არ შეუძლიათ, წარმოადგინონ პირის გარდაცვალების მოწმობა. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა მიმართონ და, შესაბამისი მტკიცებულების საფუძველზე, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას პირის გარდაცვალების შესახებ.

- ასეთ საქმეებში ხშირად მონაწილეობთ?

- ასეთი საქმე ბევრია. ჩემი პრაქტიკიდან ერთ კურიოზულ ფაქტსაც გავიხსენებ. პიროვნება კომუნისტური მმართველობის დროს დაიკარგა. მაშინ სისტემა მოწესრიგებული იყო და ინფორმაციის მოძიება ადვილი გახლდათ. ოჯახის წევრებმა ვერაფერი შეიტყვეს, ძმამ მხოლოდ ის იცოდა, რომ ეს პიროვნება რუსეთში წავიდა, მერე გაიგო, რომ გარდაიცვალა და ვიღაცამ სამადლოდ, დაასაფლავა. ამ პიროვნებას თბილისში ბინა ჰქონდა და ძმამ მისი გასხვისება გადაწყვიტა. ამ ბინის შეძენით დაინტერესებული იყო ჩემი ახლობელი, რომელიც კონსულტაციისთვის ჩემთან მოვიდა. დაკარგულის ძმამ სასამართლოს მიმართა, რომ პირი გარდაცვლილად გამოცხადებულიყო და შემდეგ ის ჩვეულებრივად შესძლებდა ამ ქონების გასხვისებას. მოწმედ მეზობლები მოიყვანა.

პროცესი სხვადასხვა მიზეზით, რამდენჯერმე გადაიდო ბოლოს დადგა დღე, როცა ყველა მხარე პროცესზე გამოცხადდა და სხდომა უნდა გამართულიყო. ამ დროს ჩემი ახლობელი, 10 მოწმით გარშემორტყმული, სახის საოცარი გამომეტყველებით იდგა. დავინტერესდი, რატომ წუხდა ასე და მიპასუხა: ამ დილით "მკვდარი" მოვიდა, გეგონება, ვიღაცამ პროცესზე დაიბარაო... მართლა კომიკური სიტუაცია შეიქმნა, სიცილი ვეღარ შევიკავე. სასაცილოდ არ იყო საქმე, მანამდე ძმას მისი შავ-თეთრი ტელევიზორი გაუყიდია და ამის გამო თურმე ახრჩობდა; ახლა წარმოიდგინეთ, ის გარდაცვლილად რომ გამოგვეცხადებინა, ოჯახში რა მოხდებოდა! სხვა შემთხვევა არ მქონია, რომ გარდაცვლილად გამოცხადებული უკან დაბრუნებულიყოს. ხშირად მხარეებს ეს დოკუმენტი განქორწინებისთვის სჭირდებათ. მქონდა შემთხვევა, პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა, ამის საფუძველზე განქორწინება გაფორმდა, ხოლო 5 წლის შემდეგ, ქონების გამო, დასჭირდა საბუთები და შემდეგ ეს პიროვნება გარდაცვლილად გამოაცხადეს.

- ასეთ დროს დაკარგულის ახლობლები პოლიციის დახმარებით არ ცდილობენ ადგილსამყოფლის დადგენას?

- კანონი არ ითხოვს, რომ პირის დაკარგვის შემთხვევაში, პოლიციას მივმართოთ. მქონია შემთხვევები, როცა ოჯახმა პოლიციას მიმართა, მაგრამ წლების მანძილზე ამ ადამიანზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა. ესეც ერთ-ერთი მტკიცებულებაა, სასამართლოში საქმის განსახილველად. არის შემთხვევები, უცხოეთში წასულები იქ ახალ ოჯახს ქმნიან და აქაურ ოჯახთან კავშირს წყვეტენ. აქ დარჩენილი მეუღლე თუ ქონებაზე დაობს, მაშინ აუცილებელია, სასამართლოს გზით მისი გარდაცვლილად ცნობა. თუკი აღმოჩნდება, რომ გარდაცვლილად ცნობილი ცოცხალია და დაბრუნდა, სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს შეცდომად არ შეიძლება მივიჩნიოთ. სასამართლო ვალდებულია, იხელმძღვანელოს კანონით. თუ ადამიანი დაბრუნდა, სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ქონების მართვის შესახებ უქმდება და ეს ქონება უბრუნდება დაკარგულად გამოცხადებულ პირს, მაგრამ მიღებული სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მას არა აქვს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ