ადვოკატს პატიმარი გარდაცვლილი დახვდა

ადვოკატს პატიმარი გარდაცვლილი დახვდა

"ბოლო ხუთი თვის განმავლობაში პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები შემაშფოთებელია", - აცხადებს მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" - ხელმძღვანელი ეკა ბესელია.

ადმინისტრაციის მიერ ნაცემი და ნაწამები პატიმრები, გადატვირთული საკნები, სიკვდილიანობის მაღალი და გასაიდუმლოებული მაჩვენებელი, ტუბერკულოზით დაავადებული ასობით პატიმარი, რომლებსაც არ მკურნალობენ - ეს ციხეში არსებული სიტუაციის დღევანდელი სურათია.

არადა, ცოტა ხნის წინ, როცა პენიტენციურ სისტემას პრეზიდენტი ეწვია, გაკეთდა განცხადებები, რომ დღეს ციხეებში უკეთესი პირობებია, რომ პატიმრების კვებაზე, მკურნალობასა თუ სხვა ყოფით პრობლემებზე სახელმწიფო ზრუნავს. ეკა ბესელია ამბობს, რომ პრეზიდენტმა იცრუა, რადგან "ხელისუფლებას ხელს აძლევს ბევრი პატიმარი, რადგან ეს არის დიდძალი ფული, როგორც საპროცესო შეთანხმებებით ამოღებული, ასევე ციხეში დახარჯული".

დაუზუსტებელი ინფორმაციით, დღეს ციხეებში 22 ათასი პატიმარია. უამრავ სხვა პრობლემას შორის, რომელიც პატიმრებს აწუხებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ადმინისტრაციის მხრიდან სასტიკი და არაადამიანური მოპყრობაა.

ეკა ბესელია: - პატიმარ რამაზ პატარაიას, რომელიც ამჟამად იმყოფება რუსთავის მეორე საპყრობილეში, პატიმრობის პერიოდში ისე სასტიკად სცემეს, რომ დღეს ინვალიდის ეტლით გადაადგილდება. პატარაიას სასწრაფოდ სჭირდება ტომოგრაფიული გამოკვლევა. მომხდარის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა გამოძიება ხელოვნურად ჭიანურდება და არც ერთი პასუხისმგებელი პირი, ვინც ცემაში მონაწილეობდა, დადგენილი არ არის.

ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულთა ზონაში არის მსჯავრდადებული ვლადიმერ ტეტუნაშვილი, მძიმე ავადმყოფი, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ არის იზოლირებული სხვა პატიმრებისგან.

მასაც რამდენჯერმე სცემეს სასტიკად. ამის თაობაზე ევროსასამართლოშიც არის გაგზავნილი განაცხადი. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ.. ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართან შეხვედრის უფლება 12 აგვისტოს დართეს ადვოკატს, მაგრამ მისი შესვლის დღეს აღმოჩნდა, რომ პატიმარი წინადღის გარდაცვლილი იყო.

ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრია. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ უამრავ სხვა დარღვევას შორის, რომელიც ციხეშია. ჩვენმა ორგანიზაციამ ასეთი 300 საქმე შეისწავლა.

სოფო ჭიპაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ