გარემოვაჭრეების გუშინდელი საპროტესტო აქციის დარბევის, ასევე, უკანონო დაკავებისა და დაჯარიმების ფაქტები გასაჩივრდება.
პარლამენტის შენობის წინ გარემოვაჭრეებისა და დევნილების აქცია-ბრიფინგი გაიმართა, რომელშიც 30-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
აქცია-ბრიფინგი "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშვილის, არასამთავრობო ორგანიზაცია "არას" ხელმძღვანელის, ლევან ჩიტაძისა და "ხალხის პარტიის" წარმომადგენლის, ალეკო შალამბერიძის მიერ იყო ორგანიზებული.
აქცია-ბრიფინგს ესწრებოდნენ, აგრეთვე, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დავით ლილუაშვილი.
როგორც ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, პარლამენტის შენობის წინ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ გარემოვაჭრეების მშვიდობიანი, სანქცირებული აქცია დაარბიეს, რითაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს. მისივე თქმით, ამდენად, ამ ფაქტზე 23 აგვისტოს გენპროკურატურაში გაასაჩივრებენ. ასევე, გასაჩივრდება ლევან ჩიტაძისა და ალეკო შალამბერიძის დაპატიმრების ფაქტის და მათთვის 400-ლარიანი ჯარიმების დაწესებაც.
ლაშა ჩხარტიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ 24 აგვისტოს წერეთლის ბაღში გარემოვაჭრეები "გარემოვაჭრეების ლიგას" დააფუძნებენ, 25 აგვისტოს კი დევნილები - "დევნილთა ორგანიზაციას".
ამასთან, ლაშა ჩხარტიშვილმა დევნილებსა და გარემოვაჭრეებს მოუწოდა, 26 აგვისტოს, 12.00 საათზე თბილისის საკრებულოს შენობის წინ შეიკრიბონ და საპროტესტო აქცია კიდევ ერთხელ გამართონ.