სასამართლომ 63 წლის ამერიკელ ტიმოთი ქლაუდს წერილების დაგზავნისთვის, რომლებიც ვითომ ციმბირული წყლულის სპორებს შეიცავდა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ერთ-ერთი ასეთი წერილის ადრესატი აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც იყო.
საფოსტო ხულიგნებმა ამერიკის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში თეთრი ფხვნილიანი კონვერტების გაგზავნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ტერორისტებმა 2001 წელს 11 სექტემბრის მოვლენების კვალდაკვალ ციმბირული წყლულის სპორები წერილებით გაავრცელეს. მაშინ დაინფიცირებულთაგან ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.
ქუჩის მაწანწალა ქლაუდმა ობამას კონვერტი გაუგზავნა, რომელშიც თეთრი, სინამდვილეში სრულიად უვნებელი ფხვნილი ჩაყარა. ქლაუდმა ანალოგიური წერილები ბალტიმორის, კანზას-სითისა და ნიუ-იორკის სოცუზრუნველყოფის ორგანოებსაც დაუგზავნა.
ნიუ-იორკში ქლაუდის ბოროტმა "ხუმრობამ" პანიკა გამოიწვია - წერილის მიმღები დაწესებულებებიდან სასწრაფოდ თანამშრომლები გამოიყვანეს.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.