რატომ არ ეძებს ინტერპოლი ვატო ყიფიანს?

რატომ არ ეძებს ინტერპოლი ვატო ყიფიანს?

ცნობილი ფეხბურთელის, გიორგი დემეტრაძის ქურდული ტრადიციების მიმდევრობის ბრალდებით დაპატიმრებამ უამრავი ეჭვი გააჩინა. დაკავებული სამი პიროვნებიდან, რომლებიც ე.წ. ხელზე გამაზული თანხის ამოღების გამო დააკავეს, ერთ-ერთი - სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე კახა მისირელი გათავისუფლებულია.

საპყრობილეში რჩებიან გიორგი დემეტრაძე და დავით გაგნიძე, ხოლო სამართალდამცველთა ინფორმაციით ამ საქმის მეოთხე მონაწილეს, ვატო ყიფიანს, რომელიც უკრაინაში იმყოფებოდა, ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს და ძებნა გამოაცხადეს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ინტერპოლი არ ეძებს, რადგან მისი სახელი და გვარი ინტერპოლის საერთაშორისო ვებგვერდზე არსად ჩანს.

საქართველოს ინტერპოლის ბიურო თავის ვებგვერდზე 2006 წლის მონაცემების გამოქვეყნებით შემოიფარგლა, რადგან ამ სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, მონაცემთა ბაზის განახლება მიმდინარეობს. რატომ არ აძლევს ხელს სამინისტროს ბაზის განახლება, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, - არაერთი ფაქტი არსებობს, როცა პირი ძებნილად წარმოგვიდგინეს ისე, რომ მასზე ინტერპოლით ძებნა არ ყოფილა გამოცხადებული.

ყიფიანის, დემეტრაძისა და გაგნიძის ინტერესებს ადვოკატი გიგი ზირაქიშვილი იცავს. წინასწარი გამოძიების ვადა 7 სექტემბერს იწურება, ადვოკატს კი დღემდე საქმის მასალების გაცნობის საშუალებას არ აძლევენ.

გვესაუბრება ადვოკატი გიგი ზირაქიშვილი.

- ბატონო გიგი, მისირელის გათავისუფლების შემდეგ უამრავი ეჭვი გაჩნდა, ამას ისიც დაემატა, რომ ყიფიანი არ არის ინტერპოლით ძებნილთა სიაში. პატიმრობაში დარჩენილებს ხომ არ აქვთ ეჭვი, რომ შს სამინისტრო დემეტრაძის დაკავებით იყო დაინტერესებული?

- დაცვის უფლების გარეშე დატოვეს ეს პირები. საქმე იხურება ისე, რომ მასალებში ვერ ჩავიხედეთ. აქედან გამომდინარე, რა მტკიცებულებებით ხელმძღვანელობენ, არ ვიცით. ეჭვი გაჩნდა, რომ მტიცებულებები არ აქვთ და ამიტომ შეგნებულად არღვევენ კანონს, რის შესახებაც სტრასბურში გავგზავნეთ განაცხადი.

- მისირელი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობის საფუძველზე გათავისუფლდა პატიმრობიდან, გაჩნდა მოსაზრება, რომ ის შეგზავნილი იყო.

- ალბათ,  უბრალო ცნობის საფუძველზე იმიტომ გაათავისუფლეს, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ, რადგან მისირელი ორჯერ ღირსების ორდენითაა დაჯილდოებული. შეგზავნას ვერ დავარქმევთ, რადგან მისირელი საქმის კურსში არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან არაფერი ხდებოდა.

- სატელეფონო ჩანაწერები არ იყო მტკიცებულება?

- სატელეფონო საუბარში არაფერია ისეთი.

-დაკავებისას მათ ფაქტზე მიუსწრეს?

- არა, პირიქით, დავით გაგნიძემ განაცხადა, რომ იარაღი ჩაუდეს. მოვითხოვეთ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, მაგრამ დღემდე ამ ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან დათო გაგნიძის ანაბეჭდი ვერ იქნება იარაღზე.

- თუ აქვს ეჭვი დემეტრაძეს, რის გამო დააკავეს?

- დღემდე გაოგნებულია. ფიქრობს, იმის გამო დააკავეს, რომ კიევში ბინა დაუთმო ხელისუფლების მიერ ციხიდან კანონიერად გათავისუფლებულ ვატო ყიფიანს. როგორც ვიცი, დემეტრაძისა და ყიფიანის მამები მეგობრობენ და შვილებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ.

- ყიფიანი ხელისუფლების მიერ გათავისუფლდა ვადაზე ადრე, ანუ იგი არ იყო ხელისუფლებისთვის მიუღებელი ფიგურა, შესაბამისად, ეს არ უნდა გამხდარიყო დემეტრაძის დაკავების მიზეზი. თუკი ყიფიანი არ იძებნება, გამოდის, რომ დემეტრაძის წინააღმდეგ აგორდა კამპანიაა?

- არ ვიცი. საქმის მასალების გაცნობამდე გვიჭირს კომენტარი.

დემეტრაძის გათავისუფლებისა და თავდებში დადგომის თხოვნით სამართალდამცველებს ცნობილმა ფეხბურთელმა კახი კალაძემაც მიმართა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება არ შეცვალა იმ მოტივით, რომ არსებობდა საშიშროება, დემეტრაძეს გამოძიებისთვის თავი აერიდებინა. ეს სასაცილო არგუმენტია, რადგან თავდებში დადგომის შემთხვევაში კახი კალაძე აგებდა პასუხს.

მოკლედ "მაზავშიკების" საქმიდან ყველაზე მეტად დემეტრაძე და გაგნიძე დაზარალდნენ, რაც კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ ეს კამპანია სწორედ დემეტრაძის წინააღმდეგ იყო მიმართული.

P.S. კითხვით - რატომ არ ეძებს ვატო ყიფიანს ინტერპოლი, შს სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელ ზურაბ გვენეტაძესაც მივმართეთ, თუმცა მან საკითხის ჩანიშვნის შემდეგ სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.

არცთუ დიდი ხნის წინ პრეზიდენტმა ყველა თანამდებობის პირი გააფრთხილა, სატელეფონო ზარებისთვის ეპასუხათ და ზოგიერთი მინისტრის ნომერიც დაასახელა. მაგრამ ხშირად არათუ მაღალჩინოსნები, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსიც არავის პასუხობს.

რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, სატელეფონო ზარს არასდროს პასუხობენ შს სამინისტროს საიტზე მითითებულ ამ სამმართველოს ქალაქის ტელეფონებზეც. 

სოფო ჭიპაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ