ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებული არიან განათლების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სანდო წყარომ აცნობა, განათლების სამინისტროს საფინანსო და საბიუჯეტო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით მამარდაშვილი, საფინანსო სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ბარაბაძე და სამეურნეო სამმართველოს ყოფილი უფროსი ზვიად კიკვაძე განათლების სამინისტროში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით დააკავეს.
თუმცა სასამართლოში აცხადებენ, რომ საქმე ჯერ მათთან არ შესულა. პროკურატურა კი, კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. განათლების სამინისტროში არსებულ ვითარებას პროკურატურა სწავლობს. საქმე 2008 წლის პერიოდში განხორციელებულ შესყიდვებს ეხება.
განათლების სამინისტროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია 25 აგვისტოს გაიმართა. როგორც შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ანდრიაშვილმა განაცხადა, შესყიდვების დროს გაფლანგულია ათი ათასობით ლარი.
მაგალითისთვის ანდრიაშვილმა წარმოადგინა ბურთები, რომლის შესყიდვის დროსაც განათლების სამინისტროდან უგზო-უკვლოდ დაიკარგა 170 ათასი ლარი. ზოგადად კი, სპორტული ინვენტარის შეძენის დროს 600 ათასი ლარი გაიფლანგა. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია. როგორც განათლების სამინისტროში განმარტეს, ეს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ხდება.
ამასთან, ანდრიაშვილმა აღნიშნა, რომ მინისტრ დიმიტრი შაშკინის დავალებით, ყველა მასალა მთავარ პროკურატურას გადაეცა, ფაქტთან დაკავშირებით კი, გამოძიება 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ჯერ საუბარია მხოლოდ 2008 წელზე, თუმცა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემოწმება სხვა პერიოდებსაც შეეხება.
2008 წელს განათლების მინისტრად გია ნოდია მუშაობდა.