უსოიანმა შემკვეთი დაასახელა

უსოიანმა შემკვეთი დაასახელა

16 სექტემბერს კრიმინალური სამყარო შოკირებული იყო. მოსკოვში, ტვერის ქუჩის #12-ში, კრიმინალთა პატრიარქად შერაცხილი ასლან უსოიანი, იგივე დედ ჰასანი დაჭრეს. სახლთან, სადაც უსოიანის შვილი ცხოვრობს, საღამოს 9 საათზე "კადილაკი" გაჩერდა, საიდანაც 73 წლის დედ ჰასანი და მისი პირადი მცველი, არტურ ბაგრამიანი გადმოვიდნენ.

მცველს ხელში ვისკის ბოთლი, მანდარინი და პური ეჭირა, თუმცა სადარბაზოს კარი სწორედ მან გაუღო კრიმინალს და პირველი ტყვიაც გავარდა. ბაგრამიანს ტყვია ბეჭში მოხვდა, მაგრამ მან მოასწრო და უსოიანს ტანით გადაეფარა, თუმცა მეორე ტყვიამ მუცელში უწია და მცველი ჩაიკეცა. უსოიანი სიტუაციაში სწრაფად გაერკვა და სადარბაზოში შევარდა, მაგრამ კილერმა ორი ტყვია მასაც დააწია. სროლის ხმა ეზოდან თითქმის გასულმა მძღოლმა გაიგონა და უკან დაბრუნდა. სწორედ მან იპოვა სისხლში მცურავი უსოიანი და ბაგრამიანი და ვიდრე სასწრაფო დახმარებას გამოუძახებდა, სახლის დაცვას უხმო. სასწრაფო მალე მოვიდა და...

- როცა უსოიანი საკაცეზე დავაწვინეთ, იგი გათიშული იყო, მაგრამ გონს მოვიდა და ჩურჩულით თქვა. "ონი... ონი..." და ისევ გაითიშა, - იხსენებს მორიგე ექიმი.

რა თქმა უნდა, მაშინვე გაჩნდა ვერსია, რომ მომაკვდავ უსოიანს მკვლელობის შემკვეთის დასახელება სურდა. სამართალდამცავთა ვერსიით, დედ ჰასანი "ონი"-ში ან ვიღაცებს გულისხმობდა (რუსულად ონი - ისინი), ან მან, უბრალოდ, ვერ დაასახელა ბოლომდე გვარი - ონიანი. დიახ, ისევე როგორც ვიაჩესლავ ივანკოვის მკვლელობის მთავარ ორგანიზატორად არაოფიციალურად ტარიელია მონათლული, უსოიანზე თავდასხმაც სწორედ მას დაჰბრალდა, თუმცა...

სამართალდამცავები იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ უსოიანს ზუსტად ისევე გაუსწორდნენ, როგორც ვიაჩესლავ ივანკოვს. კილერმა მასაც მუცელში ესროლა და იმ შემთხვევაშიც მიზანს ორმა ტყვიამ მიაღწია. ივანკოვის მკვლელობის შემკვეთად კრიმინალურმა სამყარომ ტარიელ ონიანი შერაცხა და რადგანაც ქართველი კრიმინალი ციხეში იჯდა, შეკვეთის შემსრულებლად მისი უახლოესი მეგობარი, მერაბ ჯანგველაძე, იგივე მერაბ სუხუმსკი დასახელდა.

მაშინ ამ ამბავს ორი ქართველი ქურდის სიცოცხლე შეეწირა, რომელთაგან ერთი, ლადო ჯანაშია ნიცაში ჩაცხრილეს. ვერსიას, რომლის მიხედვითაც უსოიანის მკვლელობა ტარიელ ონიანმა შეუკვეთა, ბევრი არ იზიარებს, მათ შორის, ცნობილი კანონიერი ქურდი, ედუარდ ასატრიანი, იგივე ედიკ ტბილისსკი.

იგი ციხიდან რამდენიმე კვირის წინ გათავისუფლდა და, როგორც ამბობენ, პირველი, რაც გააკეთა, სოხუმში წავიდა და დედ ჰასანი მოინახულა. დიახ, ბოლო რამდენიმე თვეა, უსოიანი საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა და იქიდან აკონტროლებდა სოჭში ზამთრის ოლიმპიადისთვის დაწყებულ მშენებლობას. დიდი ხანია რუსული მედია ამტკიცებს, რომ ოლიმპიადისთვის გამოყოფილ სახსრებს ხელი კრიმინალებმა დაადეს.

- ასატრიანს უსოიანთან ერთადერთი შეკითხვა ჰქონდა - საიდან დაასკვნა მან, რომ იაპონჩიკის მკვლელობის შემსრულებელი სწორედ ჯანგველაძე იყო და არა სხვა ვინმე? როგორც ირკვევა, დედ ჰასანმა ეს ეჭვი ვერ ახსნა და ყველაფერი გარდაცვლილ ივანკოვს დააბრალა, აქაოდა, ეჭვი მას ჰქონდა და სწორედ მან დაიბარა, ჩემი მკვლელები არ გაახაროთო, თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ ივანკოვი, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა და, შესაბამისად, ვერაფერს იტყოდა.

ამ ამბავმა ასატრიანი ჩააფიქრა და ისიც გაიხსენა, რომ იაპონჩიკის გასვენებაზე უსოიანი არ იმყოფებოდა და მის არსებობას მხოლოდ წინა რიგში მდგარი გვირგვინი თუ ახსენებდა საზოგადოებას, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა "დედ ჰასანისგან"... სწორედ უსოიანისა და ასატრიანის შეხვედრის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ უსოიანს ასატრიანის დაკვეთით ესროლეს, - ასეთი ინფორმაცია სამართალდამცავებს ერთ-ერთმა კრიმინალმა მიაწოდა.

იმას, რომ ასატრიანი სოხუმში უსოიანს მართლაც სტუმრობდა, თავად პოლიციელებიც ადასტურებენ, თუმცა შეხვედრის დეტალებზე საუბარი უჭირთ. წარმოშობით სოხუმელ ჯანგველაძეს ედიკ ტბილისსკის სოხუმში ჩაყვანა არ გასჭირვებია და სწორედ მას სთხოვა, უსოიანს უთხარი, ჩემზე ნადირობა შეწყვიტოს, ამ საქმეში უდანაშაულო ვარო. თავის მხრივ, ასატრიანი დიდი ხანია ამბობს, რომ დედ ჰასანი დაბერდა და დამსახურებულ პენსიაზე უნდა გავიდეს, ხოლო მისი ადგილი თვითონ უნდა დაიკავოს. ეს ამბავი უსოიანს რომ არ ეპიტნავება, ცხადია და ეგებ ეს გარჩევაც ამის ბრალი იყოს.

რეალურად, იაპონჩიკის მკვლელობა ყველაზე მეტად სწორედ უსოიანს აძლევდა ხელს. ჯერ ერთი, იგი იშორებდა კაცს, რომელიც კრიმინალური სამყაროს ერთპიროვნულ მართვაში უშლიდა ხელს. მეორე ის, რომ იაპონჩიკის მკვლელობა საშუალებას მისცემდა ონიანის დაჯგუფების წინააღმდეგ ღიად გაელაშქრა და მესამეც - ივანკოვის მფლობელობა-მფარველობაში მყოფი ფირმების აქციათა 80 პროცენტი უსოიანის შვილის სახელზე იყო გაფორმებული.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია. სოხუმში გადასულმა უსოიანმა იქაურებს ლაგამი მალე ამოსდო და თუ აქამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იარაღის ენით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, დედ ჰასანმა ყველას თითი დაუქნია და ქურდული ტრადიციების დანერგვა დაიწყო.

შედეგად, მისი გავლენის ქვეშ თითქმის ყველა ბიზნესი მოექცა და ეს თურმე აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ვერ აიტანა. იმასაც ამბობენ, უსოიანმა წილების წართმევა სერგეი ბაღაფშის ოჯახის წევრებსაც დაუპირა და მისი ლიკვიდაციის ბრძანებაც სწორედ ამის მერე გაიცა, ოღონდ არა, აფხაზეთის ტერიტორიაზეო. დედ ჰასანი მოსკოვში სულ რაღაც ორი დღის ჩასული იყო და ყველამ იცოდა, რომ შვილს აუცილებლად მოინახულებდა.

- ივანკოვისგან განსხვავებით, უსოიანი სიკვდილს გადაურჩა. მართალია, ორი ოპერაცია გაუკეთეს და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა იგი სამართალდამცავებმა უკვე დაჰკითხეს. დაკითხვაზე უსოიანს ღიმილით უთქვამს, აბა, მე რა ვიცი, პენსიონერი კაცისგან ვის რა უნდოდა, ჩემთვის მივდიოდი შვილის სანახავადო, - ამბობს საავადმყოფოს ექიმი.

კილერის ძებნა კი გრძელდება. სამართალდამცავებმა მხოლოდ ის ბინა დაადგინეს, საიდანაც კილერი ისროდა. ბინა ერთ-ერთ ოჯახს რამდენიმე თვის წინ გაუქირავებია. ბინაში ნახეს ჩინური წარმოების შაშხანაც, საიდანაც გასროლა მოხდა, ხოლო გასროლიდან 4 წუთში სადარბაზოში დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა აღბეჭდა ბინიდან გამომავალი ახალგაზრდა, რომლის სახის გარკვევაც შეუძლებელი იყო, რადგან დაფარული ჰქონდა.

დავით მინდიაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ