ბაჩო ახალაიას სტრასბურში უჩივიან

ბაჩო ახალაიას სტრასბურში უჩივიან

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას სტრასბურის სასამართლოში უჩივიან. მისი მოქმედების გამო ქვეყანას შესაძლოა სოლიდური თანხის გადახდა დააკისრონ. როგორც პატიმრები:

ვაჟა გეგენავა, იმედა ბუთხუზი და რუდიკ ოვაკიმიანი აცხადებენ, ბაჩო ახალაია (როდესაც ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა) და მისი თანამშრომლები მათ არაერთხელ გაუსწორდნენ ფიზიკურად. სარჩელს სტასბურის სასამართლოში გასაგზავნად "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ანდრიაშვილი ამზადებს.

 ნინო ანდრიაშვილი: - "ჩვენი ორგანიზაცია ამ საქმეში სახალხო დამცველის აპარატის თხოვნით, 2008 წლიდან ჩაერთო, თუმცა ეს ყველაფერი 2006 წელს მოხდა - პატიმრებს სასტიკად გაუსწორდნენ ბაჩო ახალაია და მისი თანამშრომლები, თუმცა წინასწარმა გამოძიებამ ისინი არ დაჰკითხა. ეს პატიმრები შიშვლები შეყარეს კარცერში.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები იყვნენ შესული ციხეში (ამის ოქმებიც გვაქვს) და ნახეს შიშველი პატიმრები, მათი ტანსაცმელი კი დერეფანში იყო მიმოფანტული. ეს ხდებოდა ზამთარში, სიცივეში. კარცერის ფანჯარა ჩამტვრეული იყო. პატიმრების თქმით, ეს განზრახ, მათი დასჯის მიზნით გააკეთეს. პატიმრებმა რამდენიმე დღე დაჰყვეს კარცერში. ამის შემდეგ კი გამუდმებით შეურაცხყოფდნენ ფიზიკურად და სიტყვიერად.

- რა იყო ამის მიზეზი, რას ერჩოდა მათ ციხის ადმინისტრაცია?

- ასევე ეპყრობოდნენ სხვა პატიმრებსაც, მაგრამ ეს სამი ადამიანი შეეცადა, მათთვის წინააღმდეგობა გაეწია: წერდნენ საჩივრებს, უკავშირდებოდნენ სახალხო დამცველს. ყოველი ზეწოლის შემდეგ ისინი მიმართავდნენ სახალხო დამცველის აპარატს, სთხოვდნენ, შესულიყვნენ მათთან და აღეწერათ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. იმედა ბუთხუზს კბილები ჰქონდა ჩამტვრეული, მძიმედ იყო დაზიანებული რუდიკ ოვაკიმიანი. მას ნეკნი და თავი ჰქონდა გატეხილი. ასეთივე მდგომარეობაში იყო ვაჟა გეგენავაც. მათზე ნაწილობრივ იზრუნა სახელმწიფომ, მაგალითად, იმედა ბუთხუზს კბილები ჩაუსვა.

- თქვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ბუთხუზის მონათხრობი: "შემიყვანა ბაჩო ახალაიამ ოთახში და დამიწყო ყვირილი, "მე მიჩივი, ბიჭო? ახლავე გამოიტანე საჩივარი!" ამის შემდეგ კი მცემა". ალბათ, ეს ფაქტები დეტალურად იქნება აღწერილი საჩივარში, მოხსენიებული იქნება ბაჩო ახალაიაც?

- რა თქმა უნდა. ბაჩო პირველი იყო, ვინც პატიმრებს აწამებდა. მას შემდეგ სხვა თანამშრომლებმაც "აუბეს მხარი"...

- ამ საჩივრით რომელი მუხლების დარღვევას ედავებით სახელმწიფოს?

- საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც გულისხმობს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას. კატეგორიულად მოვითხოვდით, რომ კვალიფიკაცია შეცვლილიყო, ვინაიდან საქმის მასალები და ვითარება გვაძლევდა საშუალებას, სტრასბურში საქმე წასულიყო არაადამიანური მოპყრობის ან წამების მუხლით, თუმცა ამაზე რეაგირება არ მომხდარა.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ პირდაპირ სტრასბურის სასამართლოში განაცხადის შეტანა. ჩვენ მიერ მოძიებული დოკუმენტაცია და მათი ჯანმრთელობის დღევანდელი მდგომარეობა გვაძლევს  იმედს, რომ საქმე ჩვენს სასარგებლოდ, ანუ დაზარალებულების სასარგებლოდ დასრულდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის გარანტია წინასწარ არც ერთ ადვოკატს არ აქვს.

მაგრამ როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ზიანი, რაც მათ მიადგათ, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ცხოვრების დამახინჯებას ვგულისხმობ, მკურნალობის შემდეგაც კი აუნაზღაურებელია.

სოფო ჭიპაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ