ვიაჩესლავ ივანკოვის, იგივე "იაპონჩიკის" გარდაცვალების შემდეგ, კრიმინალური სამყაროს ერთპიროვნულ ლიდერად ასლან უსოიანი, იგივე "დედ ჰასანი" იქცა. მართალია, უსოიანსა და "იაპონჩიკს" ერთმანეთთან ცუდი დამოკიდებულება არ ჰქონდათ, მაგრამ გადამწყვეტ სიტყვას ყოველთვის ივანკოვი ამბობდა…
თბილისში დაბადებული უსოიანი ყველას და ყველაფერს არამარტო პოსტ-საბჭოთა სივრცეში, არამედ პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში აკონტროლებს და მისი ერთადერთი კონკურენტი, ტარიელ ონიანი ახლა ცხეშია. ამ უკანასკნელს ახლა კონტროლზე მეტად საკუთარი თავის უსაფრთხოება ადარდებს. "მატროსკაია ტიშინაში" ონიანს განსაკუთრებულად იცავენ და მისთვის საკვებს სპეციალურად მიწვეული მზარეული ამზადებს, "შემთხვევით" რომ არ მოიწამლოს…
13 ოქტომბერს ამერიკაში მასშტაბური სპეცოპერაცი ჩატარდა და პოლიციელებმა 73 პირი დააკავეს. მართალია, სათავდებო თანხის გადახდის შემდეგ მათი აბსოლუტური უმრავლესობა გაუშვეს, მაგრამ დაჯგუფების ლიდერი არმენ კაზარიანი ისევ ციხეშია და ძნელად სავარაუდოა, სასჯელს გადაურჩეს. "პზოს" მეტსახელით ცნობილი კაზარიანი უსოინის უახლოესი მეგობარია და როგორც ამბობენ, იგი დედ ჰასანის ბიზნესს ოკეანის გაღმა განაგებდა. ბიზნესი კი ლოს-ანჯელესის კაზინოებსა და სათამაშო სახლებში წილის გარდა, რეკეტსაც მოიცავდა. 13 ოქტომბერს დაჯგუფების წევრები ამერიკული სამედიცინო კომპანია Medicare-ის მოტყუების და ამ გზით 163 მილიონი დოლარის მითვისების მცდელობის ბრალდებით აიყვანეს.
ამერიკულმა მხარემ თავიდან ოპერაციის ჩატარება რუს კოლეგებთან ერთად გადაწყვიტა, რადგან დაკავებულთა ძირითადი ნაწილი სწორედ რუსეთის მოქალაქე იყო, მაგრამ მერე გაირკვა, რომ რუსი სამართალდამცველები ინფორმაციას პირადად უსოიანს აწვდიდნენ და ამიტომ, სპეცოპერაცია ადრე ნათქვამი 17 ოქტომბრის ნაცვლად 13-ში, რუსების გაუფრთხილებლად ჩატარდა.
არც ამერიკული და არც რუსული მხარე არ მალავს, რომ უსოიანს კავშირები ყველა ქვეყანასა და ყველა დონეზე ქვს. უსოიანი მსუყუ ჰონორარს უხდის რუსეთის დუმის დეპუტატებს, ყაზახურ ბიზნესში მას ხელს ადგილობრივი დეპუტატები უწყობენ და… უსოიანის კვალი საქართველომდეც მოდის.
”რუსი, უკრაინელი, ყაზახი, ქართველი და ამერიკელი დეპუტატებისა და კონგრესმენების გარდა, უსოიანისთვის არც ევროპული სახელმწიფოების მაღალჩინოსანთა მოსყიდვაა უცხო. გარდა ნაღდი ფულისა, უსოიანი მაღალჩინოსანთა მეუღლეებს ანებივრებს, მათ ათასგვარ საქველმოქმედო ფონდებს უქმნის, ამ ფონდებში ფულს რიცხავს და შემდეგ ღონისძიებებზე საკუთარ წარმომადგენელს აგზავნის”, - წერენ ევროპული მედიასაშუალებები.
უსოიანი ამ საქმეში პიონერი ნამდვილად არ არის. როცა ბარსელონაში ცხოვრობდა, ტარიელ ონიანმა საგამოფენო სახლი გახსნა და გახსნაზე მის სტუმართა შორის მაღალჩინოსანთა გარდა, სამეფო ოჯახის წევრებიც იყვნენ. უსოიანის დარად, მაღალჩინოსანთა შორის დამფასებლები საქართველოს ხელისუფლებაში არც ონიანს აკლდა, თუმცა ახლა როგორც გვეუბნებიან, ყველაფერი შეიცვალა და კრიმინალებს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს, თუმცა ეს გამოცხადებაც პირობითია - სამიოდე კვირის წინ გლდანის ციხიდან კანონიერი ქურდი, ალექსანდრე ქურასბედიანი, იგივე "წრიპა" გაათავისულფეს. ეს ის "წრიპაა", რომელიც ე.წ. ვარდების რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ გოგირდის აბანოებში ზარ-ზეიმით დააკავა. ქურასბედიანი არათუ გაათავისუფლეს, ესკორტის თანხლებით აეროპორტში მიიყვანეს და ევროპაში გაფრენაშიც დაეხმარნენ.
დიდი ალბათობით, უსოიანის მფარველებზე ინფორმაცია მალე გამოქვეყნდება და მათ შორის მთავარი აქცენტი უკრაინელ, რუს და ქართველ მაღალჩინოსნებზე გაკეთდება. ჩვენი ინფორმაციით, ამ სიაში საქართველოს პარლამენტის ორი წევრი და ერთიც მთავრობის წარმომადგენელი მოხვდება.
არმაზ ხარძიანი